პროფესიონალიზმს საკუთარი საქმისადმი სიყვარული და ის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს, რომელსაც ჩვენი პროფესიული, თუ შემოქმედებითი არჩევანის მიმართ გამოვიჩენთ. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა სფეროს, ნებისმიერი საქმისადმი მსგავსი დამოკიდებულება, თანაბრად მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს გაუმართლებს და მის მიერ შერჩეულ პროფესიაში საკუთარ თავს იპოვის, ასეთ შემთხვევაში, წარმატება გარდაუვალია.
ქართული სიტყვა და სცენა ათენში – ნიკოლოზ ტყავაძის იდეა, რომელიც „ერთი მსახიობის თეატრით“ დაიწყო, დღეს უკვე საკუთარ სივრცედ და მრავალფეროვან რეპერტუარად იქცა. არ არის მარტივი ამბავი, თეატრის ქვეყნად წოდებულ ადგილას ქართული თეატრის დაარსება. ეს მხოლოდ ჯანსაღი ამბიციისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანმა შეიძლება გაბედოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „გზაჯვარედინზე“ საპატიო სტუმარი შემომხვდა. ექსკლუზიურად ERMES TV-ის მკითხველს, დღეს, ათენში ქართული თეატრის დამფუძნებელს, ნიკოლოზ ტყავაძეს გავაცნობ.

– როგორ დაიწყო თქვენი გზა ემიგრაციაში?!
– 2008 წლიდან ვცხოვრობ ათენში. როგორც ყველა ემიგრანტს, მეც მომიწია ემიგრაციის გზის გავლა, მაგრამ თეატრის სიყვარული არც ერთი წუთით დამიკარგავს. პირველად, დავდგი მონოსპექტაკლი. შემდეგ, ემიგრანტი ქართველები შემოვიკრიბე და ნულიდან შევქმენით ყველაფერი. 2013 წელს დავაფუძნე „ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრი“, რომელსაც დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, თავისი მუდმივმოქმედი სცენა აქვს.
– რა ხდებოდა ემიგრაციამდე, საქართველოში რას საქმიანობდით?!
– შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ. ქალბატონი მედეა კუჭუხიძის ჯგუფში ვსწავლობდი. ეს ადამიანი ჩემთვის არამხოლოდ პედაგოგი, არამედ ცხოვრებისეული გზის დიდი მასწავლებელი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ, გლობუსის თეატრშიც ვთამაშობდი, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეების გამო, ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე.

– როგორ გაჩნდა ათენში ქართული თეატრის იდეა?!
– თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. პირველად, ნიკო გომელაურის ლექსების მიხედვით გავაკეთე მონოსპექტაკლი, რამაც ემიგრანტებში საოცარი ემოცია გამოიწვია – მათ მონატრებული ჰქონდათ ქართული სიტყვა. სწორედ, მაშინ მივხვდი, რომ ეს გზა მხოლოდ ჩემთვის კი არა, მთელი ჩვენი დიასპორისთვის აუცილებელი იყო. ახალგაზრდები მოვიზიდე, დავიწყე მათთვის თეატრის სიყვარულის გაზიარება და ასე ავაშენეთ ქართული სცენა საბერძნეთში.
– გასტროლებს თუ გეგმავთ?!

– უკვე გვაქვს მიწვევები, როგორც საქართველოში, ასევე, ევროპაში. ძალიან გვინდა რომ ჩვენი ნამუშევრები სამშობლოში ვაჩვენოთ.
– რა სიახლე ელის მაყურებელს?!
– მალე ქართულ-ბერძნულ სპექტაკლს დავდგამ – ანათ გოვის „ოჰ, ღმერთო“, სადაც, ღმერთი ფსიქოლოგთან მიდის სამყაროს გადასარჩენად. ასევე მზადდება ნიკოს “კაზანძაკის” პიესა „ძველი ტრაგედია და კომედია ერთ მოქმედებად“.
– რას ნიშნავს თქვენთვის ემიგრაციაში თეატრის გაკეთება?!

– ემიგრაციაში მთავარი ამოცანა იდენტობის შენარჩუნებაა. აქ იბადებიან და იზრდებიან ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ ეროვნული თვითმყოფადობის შეგრძნება. თეატრი სწორედ ის სივრცეა, რომელიც მათ ქართულ ფესვებს ახსენებს და აძლიერებს.
– როგორ რეაგირებს მაყურებელი ამ ყველაფერზე?!
– ქართულ ენაზე დადგმული სპექტაკლი მათთვის სამშობლოში დაბრუნებას ჰგავს. ემიგრანტებს სჭირდებათ სულიერი საზრდო, ხოლო ბერძნებისთვის ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი კულტურა ახლოდან გაიცნონ.
– თქვენი მთავარი მიზანი?!
– ჩემი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ქართული კულტურის გაცნობაა თეატრის, მუსიკის, ცეკვის გზით. ემიგრაციის არსიც ეს არის: ხიდის აშენება სამშობლოსა და მასპინძელ ქვეყანას შორის.

ამასთანავე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და განსაკუთრებული დამოკიდებულება იმ ქალბატონების მიმართ, ვინც ემიგრაციაშია. ქართველი ქალი არის საძირკველი ოჯახისა და მომავალი თაობის შემოქმედი. მათი მასობრივი გადინება უცხოეთში კი, დიდი ტკივილია, რადგანის დარტყმაა ქვეყნის ფესვებზე. სწორედ, ამიტომ, კულტურულ კერებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ – გაუადვილოს ამ ქალბატონებს დღევანდელობა…
– რას ეტყოდით ემიგრანტებს?!
– არ დაკარგონ მიზანი. ხშირად, ცხოვრება ყოველდღიურობის რუტინას ემსგავსება და რეალობის აღქმა იკარგება. მაგრამ მიზანი არ უნდა გაგვეპაროს არსად – რადგან დრო თვლას არ წყვეტს და ყოველი დაკარგული წელი აღარ ბრუნდება.
– თქვენ თუ ფიქრობთ დაბრუნებაზე?!
– ერთ დღეს აუცილებლად. მაგრამ მანამდე, ვემსახურები აქ მცხოვრებ ქართველებს და მათ კულტურულ ცხოვრებას.

– რას ნიშნავს თქვენთვის თეატრის ქვეყანაში მოღვაწეობა?!
– ეს უდიდესი ფუფუნებაა. საბერძნეთი თეატრის აკვანია და ამ მიწაზე ქართული სცენის შექმნა ჩემი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა.
– რედაქციის გადაწყვეტილებით, ყოველი რესპონდენტი შემდეგ რესპონდენტს უტოვებს შეკითხვას. წინა რესპონდენტმა, თვითნასწავლმა მხატვარმა, მანჩო პატაშურმა ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: რა ფერისაა ბედნიერება?!
– ჩემთვის ბედნიერებას ფერი არ აქვს. ის თვითონ არის ფერი – უსაზღვრო და ერთდროულად ყველაფერში არსებული.
– რა შეკითხვას დაუტოვებთ შემდეგ რესპონდენტს?!
– რამდენი წლისაა ის “ტიპი”, რომელიც თქვენი თვალებით იყურება?!
ასევე დაგაინტერესებთ: „ექვსი თვე მონასტერში ვცხოვრობდი, ჩემს სახლში საცხოვრებლად ვერ შევდიოდი“ – როგორია მანჩო პატაშურის ცხოვრება, ამჟამად, ემიგრაციაში?!






















































