გალერეაში Spazio d’arte 2020, რომში მოღვაწე ქარველი ფოტოგრაფის, თამარ თელიაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა შედგა. თამართან ერთად პროექტში ორი იტალიელი ხელოვანი: ჯორჯო გრიმოძი და ანჯელო დიფაციო მონაწილეობენ.
Tag: ქართველები იტალიაში
სახელოვნებო სივრცეში, ფოტოგრაფის ბოლოდროინდელი ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც მისი თქმით, ერთგვარად გამოხატულება და თვითრეფლექსიაა იმ ეტაპისა რასაც თვითონ გადის ცხოვრებაში – “გამოფენაში მონაწილეობა არაერთხელ შემოუთავაზებიათ, მათ შორის მუზეუმშიც, თუმცა უარს ვამბობდი რადგან ჩემს ფოტოებს არასდროს მივიჩნევდი საკმარისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ძალიან მიყვარს. ყველა მათგანი ჩემი ისტორიაა. მათი მეშვეობით ჩემს თავს გამოვხატავ. ხშირად, ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი ცხოვრება ვიცხოვრე, ბევრჯერ შევიცვალე გარემო და სფერო და ყველა მათგანში მეც სულ სხვადასხვა პიროვნება ვიყავი. თუმცა ის, რაც არ იყო არცერთ განვლილ ეტაპში, ეს არის საკუთარი თავის მიმართ მადლიერება, საკუთარი თავის დაფასება. ამიტომ ახლა, როცა მეგობარმა მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, დავთანხმდი, რადგან ასე მინდა ჩემს თავს მადლობა ვუთხრა” – ამბობს თამარი.

თამარ თელიაშვილი წარმოშობით მესხია, პროფესიით – თეოლოგი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საქართველოში აქტიური საზოგადობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ 2011 წელს, თეოლოგიაში მაგისტრატურის დასაცავად რომში გადავიდა, სწავლის პარალელურად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც მუშაობდა. ფოტოგრაფია მოგვიანებით შეიჭრა მის ცხოვრებაში, კოვიდამდე, რომში ფოტოგრაფიის სკოლაში ისწავლა, კურსზე საუკეთესო იყო. ამჟამად იღებს იტალიელ მსახიობებს, კონფერენციებს, ქორწილებს, წვეულებებს, უყვარს რეპორტაჟული და ასევე არტისტული სტილი. ბოლო დროს მოდითაც დაინტერესდა…

“ფოტოგრაფია ჩემი გამოხატვის საშუალებაა, საზოგადოებასთან ჩემი კომუნიკაციის ინსტრუმენტია. ფოტოგრაფიამ უკეთ გამაცნო საკუთარი თავი, ამიტომ ეს ორი დღეე უბრალოდ შევჩერდები და მადლიერების დღეს აღვნიშნავ” – გვიყვება თამარი.
გამოფენა 17-18 მაისს გაგრძელდება. გალერეის მისამართია Via Giuseppe Cerbara 44
Tag: ქართველები იტალიაში
ასევე დაგაინტერესებთ: ლას-ვეგასში ქართული კულტურის დღეები გაიმართება – ქართველები ამერიკაში





















































