ერმესი მედია აგრძელებს იტალიის ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთლების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. ამჯერად, ჩვენ, ემპოლიში, “Carlo Castellani – Computer Gross Arena”-ს სტადიონზე, 9 მარტს გამართულ ემპოლი-რომას მატჩს დავესწარით, რომელ მატჩშიც ემპოლის რიგებში ცენტრალური მცველის როლი ქართველ მცველს საბა გოგლიჩიძეს ჰქონდა მორგებული.
მიუხედავად ემპოლის თავდაუზოგავი მცდელობებისა, რომამ ფაქტობრივად მატჩის პირველივე წუთზე გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, მატია სოულეს მიერ გატანილი გოლით, რომელიც გახდა ყველაზე სწრაფი გოლი ბოლო პერიოდში რომას ისტორიაში.
ემპოლიმ არაერთი მცდელობის მიუხადავად, ვერ შეძლო შექმნილი მომენტების ეფექტურად გამოყენება და მატჩი ანგარიშით 0-1 დასრულდა, რომას სასარგებლოდ.
ამ გამარჯვებით რომამ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და სიაში მე-7 ადგილზე დაწინაურდა.
რაც შეეხება ემპოლის, გუნდისთვის ახლა უკვე ყოველი მომდევნო მატჩი სახიფათოდ მნიშვნელოვანია, რადგან 22 ქულით მე 18-ე ადგილს იკავებს და სერია A-დან სერია B-ში გადასვლის რისკის ქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძის იტალიურ სხვა გუნდში გადასვლაზე საუბარი, აქტიურად მიმდინარეობდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სეზონის ბოლომდე მაინც, ქართველი მცველი, ემპოლიში დარჩება.
Tag: ერმესი მედია





















































