დღეს, 2025 წლის 7 მაისს, ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება იტალიაზე, რომზე, ვატიკანზე და კერძოდ სიქსტის კაპელაზეა მიმართული. დღეს იწყება კონკლავი – რომის პაპის არჩევის პროცესი.
ტერმინი კონკლავი ვიტერბოში “დაიბადა” და ლათინურიდან cum clave მომდინარეობს, რაც chiuso con chiave-ს, ანუ თარგმანში გასაღებით ჩაკეტილს ნიშნავს. მაგრამ მინდა თხრობა ცოტა შორიდან დავიწყო…
იტალიის პატარა კოპწია ქალაქ ვიტერბოს “პაპების ქალაქსაც” უწოდებენ, რადგან 1257-1281 წლებში, რომში გიბელინების გავლენის გაძლიერებისა და პაპის უსაფრთხოების გამო, რეზიდენცია ვიტერბოში იყო გადატანილი.
პაპი კლემენტი მეოთხეს სიკვდილის შემდეგ, პაპის არჩევნები იყო ყველაზე ხანგრძლივი, მთელი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. ის 1268-დან 1271 წლამდე გრძელდებოდა და გრიგოლ მეათეს არჩევით დასრულდა.
ისტორია
პაპის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, წმინდა კოლეგიის წევრები, 20 კარდინალი ვიტერბოში შეიკრიბა ახალი პაპის ასარჩევად. დასაწყისში კარდინალები დღეში ერთხელ მიდიოდნენ საკათედრო ტაძარში შეხვედრებისა და ხმის მისაცემად, შემდეგ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდებოდნენ. თითქმის ერთი წელი კენჭისყრა უშედეგოდ გაგრძელდა. მოგვიანებით, ყურადღება, ერთ რელიგიურ ადამიანზე, ფილიპო ბენიციზე შეაჩერეს. ამბობენ, რომ როგორც კი კეთილმა ბერმა ეს ამბავი შეიტყო, თავი უღირსად ჩათვალა და ამიატას მთაზე მდებარე გამოქვაბულში გაიქცაო (მოგვიანებით, იგი, თავისი ცხოვრებისა და ღვაწლის გამო წმინდანადაც შერაცხეს).
კრებაზე ორ ფრაქციას, იტალიელ და ფრანგ კარდინალებს შორის დაპირისპირება მოხდა, შარლ ანჟუელიც და საფრანგეთის მეფე ფილიპ მესამეც ხშირად სტუმრობდნენ ქალაქს, თითქოს ყველას კარდინალების ქცევის კონტროლის ქვეშ შენარჩუნება სურდათ, რაც არც იყო გასაკვირი…
ჩიხში შესული სიტუაციისა და დაუსრულებელი არჩევნებით შეწუხებულმა ქალაქის მერმა და გაღიზიანებულმა მოსახლეობამ, კარდინალ- ამომრჩევლების გარე ზეწოლისაგან თავის დაღწევის მიზნით, 1270 წლის 1 ივნისს ბრძანეს ქალაქის კარიბჭის დახურვა და კარდინალები ძალით შეიყვანეს პაპების სასახლის დიდ დარბაზში, ჩაკეტეს და ახალი პაპის არჩევამდე აუკრძალეს გამოსვლა. რამდენიმე დღეში შეუმცირეს საკვებისა და წყლის მიწოდებაც და ასევე მოხსნეს დარბაზის სახურავის დიდი ნაწილი. სახურავის გადახსნის იდეა მერს ხუმრობით გაუჩნდა, როდესაც კარდინალმა ჯოვანი ტოლედომ სხვა კარდინალებს მიმართა და უთხრა: მოდით ბატონებო ეს სახურავი ავხსნათ, რადგან სულიწმინდას არ შეუძლია შემოაღწიოს ასეთ საფარებშიო.
მოგვიანებით, კარდინალებს კვლავ მისცეს სხვა ოთახების დაკავების უფლება, მაგრამ სასახლიდან გასვლის აკრძალვა ისევ ძალაში დარჩა.
უკვე ძალიან შევიწროვებულმა კარდინალებმა, ექვსი კაცისაგან შემდგარი კომისია დანიშნეს. ისინი ითვლებოდნენ იმ პერიოდში ყველაზე გავლენიან პიროვნებებად საეკლესიო სფეროში და არა მხოლოდ… და მათ ორი დღის განმავლობაში ახალი პაპის არჩევა დაავალეს.
აბსოლუტურად გასაკვირი იყო რომ დელეგირებულ კომისიას მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა და იმავე დღეს, 1271 წლის 1-ელ სექტემბერს დასახელდა ახალი პაპი, 61 წლის პიაჩენცელი დიდგვაროვანი ტედალდო ვისკონტი, რომელიც დიდად პატივცემული პიროვნება გახლდათ, ცნობილი თავისი სიკეთითა და პატიოსნებით. იგი იმ დრიოსათვის წმინდა მიწაზე პალესტინაში, აკრში იმყოფებოდა.
ვისკონტი, მღვდელიც კი არ იყო (მაშინ, კარდინალად ყოფნა, პაპად კურთხევისთვის აუცილებელი პირობა არ გახლდათ). კარდინალებმა გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რაც შეიძლებოდა სწრაფად შეატყობინეს არჩევის შესახებ მას და ახალი ამბით გაოცებული ვისკონტი შეძლებისდაგვარად სწრაფად დაბრუნდა ვიტერბოში, სადაც 1272 წლის 10 თებერვალს ჩავიდა. იმავე 13 მარტს ის მღვდლად აკურთხეს, რის შემდეგაც რომში გაემგზავრა, სადაც 27 მარტს პაპად აკურთხეს გრიგოლ მეათეს სახელით.
ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები. ეკლესია ფაქტობრივად 42 თვე, 1006 დღე იყო პაპის გარეშე.
გრიგოლ მეათესთვის, რადგან კურიაში არანაირი გამოცდილება ჰქონდა, ეკლესიის მართვა არ იყო ადვილი, თუმცა, ევროპისა და წმინდა მიწაზე არსებული პოლიტიკური ვითარების შესანიშნავ ცოდნას ფლობდა და არ აძლევდა კარდინალებს მანიპულირების უფლებას, მეტიც, ცდილობდა ისინი ერთიანობამდე და მორჩილებამდე მიეყვანა.
რეფორმა
სწორედ მისი არჩევის გამოცდილებამ აიძულა გრიგოლ მეათე, პაპის არჩევნების რეორგანიზაცია მოეხდინა. ორი წლის შემდეგ, ლიონის მეორე კრების დროს, რომელიც თავადვე მოიწვია, ვიტერბოში მისი არჩევისას წარმოქმნილი სირთულეებისა და შეფერხების გათვალისწინებით, მან გამოსცა სამოციქულო კონსტიტუცია UBI PERICULUM რაც თარგმანში ნიშნავს – “სადაც საფრთხე იმალება”, რომელიც მიუთითებდა ახალი პაპების არჩევის წესებზე. ზუსტ მოდელად კი გამოიყენა ის, რაც ვიტერბოს მოსახლეობამ გააკეთა 1270 წელს. ამგვარად დამტკიცდა: კარდინალ-ამომრჩევლების საერთო დარბაზში განცალკავება, გარე სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე, საკვებისა და შემოსავლის თანდათან შემცირებით. დაუდევარ პირს ეკლესიიდან განკვეთა, საჯარო თანამდებობის ჩამორთმევა და “სამარცხვინოს” ტიტულის მინიჭება ემუქრებოდა. კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალით ეს მკაცრი “კონსტიტუცია” მაშინვე შევიდა ძალაში. დღემდე, დროისა და ევოლუციის გამო მცირე ცვლილებებით და კორექტირებით, ეს წესები კვლავ არეგულირებს კონკლავის ჩატარებას.
P.S. დღეს, 7 მაისს ვატიკანში იწყება კონკლავი… იმედს ვიტოვებ, რომ თანამედროვე ეპოქაში არ გაგრძელდება უსასრულოდ და არც ჭერის ახდა მოუწევთ სულიწმინდის მადლის ჩამოსასვლელად, თორემ სიქსტის კაპელას ჭერის მიქელანჯელოს შედევრებს, ნამდვილად ვერ შეელევა კაცობრიობა.

მაყვალა რაზმაძე
ასევე დაგაინტერესებთ: თუ იტალიაში ცხოვრობთ, ან მოგზაურობთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდეთ!






















































