მილანში, ქალაქში, სადაც ხელოვნება ყოველდღიურობის ნაწილია ქართველი ემიგრანტი ინგა მჭედლიშვილი, ასოციაცია Milanium M&T-ის დამფუძნებელი და მილანის კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილე, გახდა პირველი ქართულენოვანი გიდი Gallerie d’Italia-ში. მისი მონაწილეობა იტალიური ასოციაციის Amici del FAI-ს პროექტში არა მხოლოდ პირადი წარმატებაა, არამედ კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ხმა მკაფიოდ ისმის მილანის კულტურულ სივრცეში.
– ინგა, რატომ აღმოჩნდა სექტემბერი თქვენთვის და ასოციაცია Milanium M&T-სთვის განსაკუთრებული?
– სექტემბერი ნამდვილად გამორჩეული იყო. ამ თვეში გავხდი იტალიური გაერთიანების Amici del FAI-ს ერთ-ერთი კულტურული პროექტის მონაწილე, რაც ჩემთვის და ჩვენი ასოციაციისთვის დიდი პატივია. პროექტის მთავარი მიზანი იტალიური ხელოვნებისა და მუზეუმების პოპულარიზაციაა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – სხვადასხვა ეროვნების ადამიანების აქტიური ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში.
– რას გულისხმობს ეს პროექტი და რა არის მისი მთავარი ღირებულება?
– იდეა ძალიან მარტივია, თუმცა ამავე დროს ძალიან ღირებული – იტალიური ხელოვნების გაზიარება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მილანში ცხოვრობენ, საქმიანობენ და საინტერესო პროექტებს ქმნიან. ეს არის სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების შეხვედრა ხელოვნების გარშემო. ხელოვნება ხომ ის უნივერსალური ენაა, რომელიც ყველას გვაერთიანებს.
– თქვენ ამ პროექტის ფარგლებში ქართველ დამთვალიერებელს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზეთ. რას გულისხმობდა ეს?
– ამ ინიციატივის ფარგლებში საშუალება მომეცა Gallerie d’Italia-ში ქართველი დამთვალიერებლისთვის წარმომედგინა გამოფენა „Una collezione inattesa“. ეს კოლექცია აერთიანებს მეოცე საუკუნის 60-იანი წლების იტალიური და ამერიკული ხელოვნების მნიშვნელოვან ეტაპებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 60 ნამუშევარი – ექსპერიმენტები, ძიება, კითხვები და პასუხები, რაც იმ ეპოქის ხელოვნებას განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალშრიანს ხდის.
– თქვენ გახდით პირველი ქართულენოვანი გიდი ამ მუზეუმში. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის პირადად?
– ეს იყო ერთდროულად უდიდესი ემოცია და პასუხისმგებლობა. ვიყო ამ პროცესის შუაგულში, როგორც პირველი ქართულენოვანი გიდი ასეთ მნიშვნელოვან მუზეუმში, ეს ჩემთვის ძალიან საამაყო მომენტია. მიუხედავად ბუნებრივი ნერვიულობისა, საბოლოოდ განსაკუთრებული სიხარული და სიამაყე დამრჩა.
– რატომ არის ასეთი პროექტები მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისთვის მილანში?
– ამ ტიპის ინიციატივები გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ და დავანახოთ სხვებს, რომ ქართველებიც ვართ მილანის კულტურული ცხოვრების ნაწილი და არა მხოლოდ დამთვალიერებლები, არამედ უკვე აქტიური მონაწილეებიც. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული საზოგადოების ჩართულობისა და წარმომადგენლობისთვის მილანის კულტურულ სივრცეში.
– გრძელვადიან პერსპექტივაზე თუ ფიქრობთ?
– დიახ, პროექტი გრძელვადიან ხასიათს ატარებს და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტ ქართულენოვან კულტურულ აქტივობას მოიცავს. ჩემი გიდობა ამ ეტაპზე საცდელი ნაბიჯი იყო, თუმცა თუ გაგრძელება მოჰყვება, აუცილებლად გაგიზიარებთ ახალ ამბებსა და დეტალებს.
– და ბოლოს…
– განსაკუთრებული მადლობა ჩემს გულშემატკივრებს – თქვენი მხარდაჭერა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია და მაძლიერებს.





















































