მეცნიერებმა გამოიგონეს რობოტი-ბადანტე სახელწოდებით E-Bar (Elderly Bodily Assistance Robot), რომელიც მოხუცებს გადაადგილებაში დაეხმარება.
სახლში უსაფრთხოდ გადაადგილება ხანდაზმულებისთვის ხშირად დიდ სირთულეს უკავშირდება – დაცემის შიში, აბაზანიდან ამოსვლის სიძნელე, ან თუნდაც სკამიდან წამოდგომა შეიძლება ყოველდღიური გამოწვევა გახდეს. სწორედ ამ პრობლემებზე პასუხად შეიქმნა E-Bar – ახალი თაობის რობოტი, რომელიც მოხუცებს ფიზიკურად ეხმარება გადაადგილებასა და წონასწორობის შენარჩუნებაში, ისე რომ არც ტარებად მოწყობილობებს და არც სპეციალურ ღვედებს საჭიროებს.
ის შეიქმნა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ლაბორატორიაში და ოფიციალურად წარადგენენ მიმდინარე თვის ბოლოს ატლანტაში (აშშ) დაგეგმილ IEEE-ის რობოტიკისა და ავტომატიზაციის კონფერენციაზე (ICRA).
E-Bar შედგება 100 კილოგრამიანი ბაზისგან, რომელიც ოპტიმიზებულია საშუალო ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანის მხარდასაჭერად ისე, რომ არ გადაბრუნდეს ან არ დასრიალდეს. ბაზის ქვეშ განლაგებულია ბორბლების სისტემა, რომელიც მას ნებისმიერ მიმართულებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.
რობოტის მოძრავი სტრუქტურა შედგება 18 ერთმანეთთან დაკავშირებული ჯოხისგან, რომლებიც გარდაქმნის უნარს ფლობენ და მომხმარებლის დასაჯდომიდან ადგომამდე ან პირიქით გადაადგილებისთვის დასაკეც ამწეს ჰგვანან. რობოტს აქვს ორი მკლავი, რომლებიც უკნიდან ხვევს მოხუცს U-ს ფორმის სახელურებით – წინა მხარეს რაიმე დაბრკოლების გარეშე – რაც აძლევს ადამიანს შესაძლებლობას იდგეს, იმოძრაოს და საჭიროების შემთხვევაში დაეყრდნოს მას.
ბოლოს, რობოტის თითოეულ მკლავს აქვს ჩანერგილი აირბაგები, რომლებიც ავტომატურად იბერება შესაძლო დავარდნის შემთხვევაში, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.






















































