ემიგრანტი მსახიობი – ნანა კუხალეიშვილი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ყველას კარგად ახსოვს თავისი სახასიათო როლით კრიმლხიდა, თუმცა, მანამდე იყო ბევრი წარმატებული როლი და საინტერესო ცხოვრება სცენაზე და მის მიღმა. ჩვენი რესპონდენტი, დღეს, ოჯახთან ერთად ემიგრაციაში, ესპანეთში ცხოვრობს, სადაც დაარსა ქართული სტუდია “GeoArt.ჯეოარტ“ და საყვარელ საქმიანობას ემიგრაციაშიც აგრძელებს. როგორია ცხოვრება ახალი ფურცლიდან, ახალ ქვეყანაში და სხვა საინტერესო ამბები თავად ნანამ გვიამბო...

ნანა კუხალეიშვილი: დავიბადე ზუგდიდში, დავამთავრე რვა კლასი და შემდეგ ტექნიკუმი წითელ დიპლომზე. მშობლებს უნდოდათ ბიოლოგიურზე ჩამებარებინა, თეატრალურის გაგონება არავის უნდოდა, არადა, მთელი ბავშვობა სცენაზე “დამაპროწიალებდნენ”. ხან შევარდნაძეს უმართავდნენ ზეიმებს და ხან ვის. ხან აფხაზეთის ზეიმი იყო, ბევრ ადგილას ტარდებოდა ღონისძიებები, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და გამოჩენილი ადამიანები, მსახიობები, მწერლები… მოკლედ, მთელი საქართველოს ღონისძიებები ტარდებოდა ჩვენთან და მე ყველგან ვიყავი. ხან ლექსს ვკითხულობდი, ხან დეკლამატორი ვიყავი, ხანაც პროზას. იმდენი უძილო ღამე მახსოვს… რადგან ამ ყველაფრის მერე, სახლში დაღლილი რომ ვბრუნდებოდი, დედა დაძინების უფლებას არ მაძლევდა, სანამ ყველა გაკვეთილს არ ვისწავლიდი. სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ ეს დღეები უმწარესად მახსოვს, წიგნზე მეძინა ხოლმე. ერთხელ შევარდნაძემ მითხრა, სადაც გავიხედავ ყველგან შენ როგორ ხარ, რაღაც საჩუქარი უნდა გაგიკეთოო და ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ, სუფრაზე (სამთავრობო სუფრა იმართებოდა) მომიტანეს რაღაც შეფუთული. გავხსენი და შოკოლოდის დიდი დათვი იყო. იმდენხანს ვინახავდი თაროზე, რომ მზემ დაადნო და დავრჩი ისე… არ ვიცი, ახლა ეს რამ გამახსენა, ეტყობა ბავშვობის ნოსტალგია შემომაწვა.
– როგორ აღმოჩნდით დიდ სცენაზე?
– მამაჩემთან შეუთანხმებლად ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. გამოცდაზე ყველას ჰყავდა გულშემატკივრები ჩემი და ჩემი მეგობრის, ონისე ჩანკვეტაძის გარდა, რომელიც ჩემთან ერთად აბარებდა. მხოლოდ ჩბენ ორნი ვიდექით ობლებივით. დედა მეუბნებოდა, რომ ფულის გარეშე ვერ ჩავაბარებდი. მე შევპირდი, რომ თუ საცოდავ სამიანებს მივიღებდი და მაინც მოვხვდები ინსტიტუტში, სწავლას არ გავაგრძელებდი. მაგრამ ძალიან დიდი ამბავი ატყდა ჩემზე, დიდი მოწონება დავიმსახურე, პროფესიაში უმაღლესი ქულები მივიღე. წარმოიდგინეთ, ქართულის წერის გამოცდიდან გამიყვანეს… ვიღაცამ ტექსტი მომცა ხელში და მკითხება, ლილი იოსელიანი და დავით კობახიძე ვინ არიან შენიო? არავინ-მეთქი, ვუპასუხე. ეს გამოგიგზავნეს და გადაწერე კარგადო, მითხრა უცნობმა. მივხვდი რაც მოხდა და ასე მეგონა, იმ დღეს თავიდან დავიბადე. პირველი ჩემი როლი, ჩემდა გასაკვირად, ფოფია იყო, ლილი იოსელიანის მიერ დადგმულ პიესაში “ეზოში ავი ძაღლია”. გასაკვირად იმიტომ რომ მეგონა, მარტო ტრაგიკული როლებისთვის ვიყავი დაბადებული. იოსელიანმა კი მითხრა, რომ ისედაც იცოდა კომედია რომ შემეძლო და აქ აინტერესებდა ჩემი თავი. მოკლედ, პრემიერამაც შესანიშნავად ჩაიარა… ძალიან ნაყოფიერი სტუდენტობა მქონდა.

– როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა და როგორ აღმოჩნდით სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”?
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მარჯანიშვილში მივედი, სადაც სამი წელი ვიმუშავე. შემდეგ დავოჯახდი. გავხსენი ასევე საბავშვო სტუდია, დიდხანს ვმუშაობდი ხან მეტყველების პედაგოგად, ხანაც სკოლაში სპექტაკლებს ვდგამდი. ფართო საზოგადოებამ კი სერიალიდან გამიცნო. ჩემთვის დაუვიწყარი სამყარო იყო, “ჩემი ცოლის დაქალებში” კრიმხილდას ვთამაშობდი. საოცარ გუნდთან მოვხვდი, ყველა ერთმანეთის წარმატებაზე იყო ორიენტირებული. სამუდამო მადლობა ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, ეკა მჟავანაძეს, რომელმაც უცებ დამამტკიცა ამ როლზე და ასე გამაბედნიერა. მახსოვს პირველი გადაღების წინ მითხრა: “ლილის სკოლა ხარ, ზუსტად ვიცი რასაც იზამ!” შუქები რომ აინთო, დავინახე ნერვულად დადიოდა კართან. გადაღება რომ დამთავრდა, ტაში შემოჰკრა, აბა რა, ხომ ვამბობდი, ამიტომაა ლილი სულ ცოცხალიო. უსაყვარლეს რეჟისორებთან ვიმუშავე და არასდროს დამავიწყდება.
ასევე ვმუშაობდი ფილმების გახმოვანებაზე ძალიან კარგი ადამიანის, სანოს სტუდიაში. საუკეთესო ოჯახურ გარემოში ვიყავი, სულ მახსოვს და მიყვარს ყველა. მქონდა საბავშვო სტუდია და დიდების თეატრალურ დასს ვხელმძღვანელობდი “არტ ჰოლში”. საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა გავწიე, ეს იყო მოყვარულების და პროფესიონალების სინთეზი, ინოვაცია, რამაც ძალიან გაამართლა.
– ამ დიდი წარმატების შემდეგ დაიწყო ემიგრაცია, მოგვიყევით თქვენი ახალი ცხოვრების შესახებ…
– 2018 წლის ნოემბერში მომიწია საქართველოს დატოვება. წამოვედი ესპანეთში. ბარსელონაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, მყავს ქალ-ვაჟი. ბევრი ცუდი რამ გამოვიარე, გაწბილება, ქართველისგან ღალატი და ბოროტება. გაოგნებული ვიყავი თითქოს ხალხი შეცვალესო ისეთ სიტუაციაში მოვხვდი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ემიგრაციაში ძალიან იცვლებიან ადამიანები. თუმცა, სამყარომ აქაც დამაყენა ფეხზე, ახლა ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ.

– ემიგრაციაში დაარსეთ სტუდია ,,GeoArt.ჯეოარტ“, გვიამბეთ სტუდიის შესახებ…
– დიახ, ჩემს საყვარელ საქმეს ემიგრაციაშიც ვაგრძელებ. დავაარსე თეატრალური სტუდია და უკვე მეორე პრემიერა გვქონდა, თანაც საკმაოდ წარმატებული. ანშლაგი და დიდი მოწონება დაიმსახურა. დიდი ფუფუნებაა, როცა სპექტაკლზე 200 ადამიანი მოდის და მათ ასიამოვნებ რაღაცით. საოცარი ბავშვები მყავს და მინდა პროფესიონალებად გავზარდო, რომ შევდგეთ როგორც ნამდვილი დასი და აქ ბარსელონაში დავაარსოთ ქართული თეატრი. ესაა ჩემი ოცნება. თუმცა, ამას დიდი ფინანსები სჭირდება და არცერთ მილიონერს თუ მილიარდერს, არ სცალია ასეთი “პატარა” ქართული საქმისთვის.
1-ელ ივნისს გვქონდა სპექტაკლი აფხაზეთის თემაზე. აქაურმა ბავშვებმა, პირველად გაიგეს საერთოდ აფხაზეთზე. ადგილობრივი რეჟისორი დაგვესწრო სპექტაკლზე, რომელმაც გაგვაწევრა თეატრალურ ასოციაციაში. ძალიან მოეწონა სპექტაკლი და უნდა რომ ათარგმნინოს, რათა ყველაფერი გაიგოს პიესაზე.
– საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ გეგემები?
– ჯერჯერობით არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა, ვცდილობ, ქართული საქმე ვაკეთო ყველგან.
Tag: ემიგრანტი მსახიობი
ასევე დაგაინტერესებთ: თეა მაღრაძე, ემიგრანტი ქართველი ექიმი იტალიაში – გზა ოცნებიდან საკუთარ კლინიკამდე





















































