ყალბი საბუთების საქმე იტალიაში, რამდენიმე დღის წინ, ყალბი დოკუმენტების საქმეზე ქართველების დაკავების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, ქართულ საემიგრაციო საზოგადოებაში, დიდი ვნებეთაღელვა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ყალბი პირადობის მოწმობების ფლობისა და წარმოების საქმეზე 19 ქართველი ქალი დააკავეს, კიდევ 17 ქართველის წინააღმდეგ საჩივარია შესული. ქალაქ უდინეს პროკურატურის განკარგულებით, პოლიციამ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მოტივით, იტალიის 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ჩხრეკა განახორციელა. სამ მათგანზე, ბოლცანოს სასამართლომ ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა.
საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ჩვენ სისხლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატს, ფლორენციის ადვოკატთა ფორუმიდან, მარკო ამანატოს ვესაუბრეთ.
მარკო ამანატო: ამ ტიპის დანაშაულს, ანუ ყალბი საბუთები ს ფლობა, რომელიც ვალიდურია ექსპატრიაციისათვის, ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი და ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სასჯელი იზრდება ერთიდან ნახევარამდე იმ პირის შემთხვევაში, ვინც ამზადებს ან სხვა ფორმით ქმნის ყალბ დოკუმენტს, ან ფლობს მას არა პირადი მიზნებისთვის. ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 497^პრიმა მუხლის მეორე პუნქტი.
დაკავება სავალდებულოა დანაშაულის ადგილზე წასწრების შემთხვევაში, იტალიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის „მ“ პრიმა პუქნტის თანახმად, და დასაშვებია აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში შესაძლებელია დანაშაულის დაუსჯელად გამოცხადება ზიანის განსაკუთრებით უმნიშვნელო ხასიათის გამო, იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 131^პრიმა მუხლის შესაბამისად.
– დაკავებულთა უმეტესობა გათავისუფლებულია, თუმცა თქვენი პასუხიდან გამოგვაქვს დასკვნა, რომ პროცესი გაგრძელდება?
– დიახ, ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებულია სავალდებულო დაკავება, მოსამართლემ, როგორც ჩანს, დაადასტურა დაკავება, თუმცა არ გამოიყენა არანაირი საპროცესო ზომა (რომლებიც დაშვებულია, მაგრამ არ არის სავალდებულო). შესაბამისად, დაკავებული პირები გათავისუფლდნენ, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი გაგრძელდება.
– მათ სასამართლოში გამოიძახებენ, ადრე თუ გვიან?
– დაკავებული პირები კვლავ რჩებიან წინასწარი გამოძიების ქვეშ მყოფ პირებად და მომავალში, თითქმის დარწმუნებით, მოუწევთ დანაშაულზე პასუხისგება სასამართლოს წინაშე. თუმცა, პროკურატურამ, ნაკლებად გამორჩეული შემთხვევებისთვის, შესაძლოა მოითხოვოს საქმის შეწყვეტა ფაქტის განსაკუთრებული უმნიშვნელობის გამო: ასეთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პროცესი დასრულდება.
– რა არის ამ პირებისთვის გამოსავალი?
– არ არსებობს ყველა შემთხვევისთვის საერთო გამოსავალი. თუ საქმის მასალებიდან გაირკვევა ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რეკომენდირებულია მოთხოვნილ იქნეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების უფლება. ეს პროგრამა, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობას. თუ გამოსაცდელი ვადა წარმატებით დასრულდება, სასამართლო აცხადებს დანაშაულის სრულად აღმოფხვრას, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაული იურიდიულად ითვლება ისე, თითქოს ის არასდროს ყოფილაჩადენილი.
შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა „გამოცდის ვადით გათავისუფლების” (Messa alla Prova) მოთხოვნით, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დანაშაული ითვლება სრულად აღმოფხვრილად, თითქოს ის არასდროს ყოფილა ჩადენილი.
– რას ნიშნავს „გამოცდის ვადით გათავისუფლება” ანუ MAP?
– MAP პროგრამა (Messa Alla Prova) იტალიის სისხლის სამართლის სისტემაში არის სპეციალური სარეაბილიტაციო მექანიზმი, რომელიც მიმართულია სასჯელის ალტერნატიული ფორმით შესრულებაზე. მისი მიზანია ბრალდებულის გამოსწორება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
MAP-ის ძირითადი მახასიათებლებია:
- საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა: ბრალდებული ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სავალდებულო მოხალისეობრივ სამუშაოებში;
- მონიტორინგი: პროგრამა მიმდინარეობს სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო მისი განხორციელება შეიძლება იყოს სოციალური სერვისების დახმარებით;
- სრულდება დადებითი შედეგით: თუ ბრალდებული სრულად ასრულებს პროგრამის მოთხოვნებს, სასამართლო აცხადებს დანაშაულის სრულად აღმოფხვრას;
- წარუმატებლობის შემთხვევაში: თუ ბრალდებული არღვევს პირობებს, პროცესის შეჩერება უქმდება და საქმე ჩვეულებრივ სამართლებრივ პროცესს უბრუნდება.
– პირები, რომლებიც ფლობენ ამ ტიპის დოკუმენტს, მაგრამ ჯერ არ გამოვლენილან, რა უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ რისკები?
– კარგი შეკითხვაა… ყალბი საბუთები ს ფლობა დასჯადია, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ პირი მას აღარ ფლობს… თუმცა, საკასაციო სასამართლოს პრეცედენტის მიხედვით, წარსულში ამგვარი დოკუმენტის ფლობაც კი შესაძლოა დანაშაულის ჩადენის საფუძველი გახდეს. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ამ საკითხზე გაესაუბრონ ადვოკატს. პირი უნდა შეეცადოს საკუთარი სტატუსის ლეგალიზაციას, ოფიციალური არხების საშუალებით.






















































