ადამიანის ფსიქიკაზე ბევრი რამ ზემოქმედებს აქტიურად, თუმცა, მუსიკას აქვს ჯადოსნური შესაძლებლობა, დამაჯერებლდ გადმოსცეს გრძნობებთან დაკავშირებული სულიერი მდგომარეობა და ასევე, მრავალი ემოცია აღძრას ადამიანში. მუსიკალურ მხატვრული ფორმებით სინამდვილის ასახვას, როგორც პროფესიონალი შემსრულებელი, ასევე, განსაკუთრებული და მგრძნობიარე მსმენელი სჭირდება.
მუსიკოსის გონებაში გაჩენილი ერთი იდეა, შესაძლოა, მთელი მისი პროფესიულ-შემოქმედებითი ცხოვრებისა და წარმატების განმსაზღვრელი გახდეს. ERMES TV ტრადიციას არ ღალატობს და დღესაც, გამორჩეული რესპონდენტით წარვსდექით ჩვენი ერთგული მკითხველის წინაშე. რუბრიკა, “გზაჯვარედინს” იტალიასა და შვეიცარიაში მოღვაწე, უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, ქეთი აბიათარი სტუმრობს, რომელსაც, ბავშვობიდანვე, საკმაოდ საინტერესო პროფესიულ-შემოქმედებითი ცხოვრება აქვს.

– როდიდან იწყებს ათვლას თქვენი წარმატება?!
– მუსიკოსის პროფესია ისეთია, რომ ბავშვობიდანვე გაძლევს საშუალებას განსხვავებული, მრავალფეროვანი ცხოვრებით იცხოვრო და პატარა ასაკშიც, უკვე, მცირე წარმატებას მიაღწიო. წარმატების პირველ ნაბიჯებად მაინც რესპუბლიკურ კონკურსებს დავასახელებ, რაც 12 წლიდან დაიწყო. იქამდე, 7-8 წლის ასაკში უკვე მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა სახის კონცერტებში. 13 წლის ასაკში, კი პირველი გასტროლი გერმანიის ქალაქებში მქონდა. მაშინ, როცა საქართველოში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო და უმეტესი ქართული ოჯახისთვის, შეუძლებელი იყო ბავშვის საზღვარგარეთ გაგზავნა, გამიმართლა და გერმანიაში, მათივე დაფინანსებით წავედი. პატარა საერთაშორისო ფესტივალი იყო, მაგრამ უამრავი დადებითი ემოცია და განვითარება მომიტანა. სწორედ, მაშინ მივიღე პირველი ანაზღაურებაც – ყოველი კონცერტის შემდეგ, კონვერტში ჩადებული მარკები (ბოლო წელი იყო, სანამ ევროზე გადავიდოდნენ). მახსოვს პირველი, რაც გავაკეთე იყო, რომ შტუტგარტის მუსიკალურ მაღაზიაში ვითხოვე წაყვანა და პირველი ჰონორარით ვიოლინოს ჩასადები ვიყიდე. სხვათა შორის, დღემდე მაქვს, ხარისხიანი გამოდგა და განსაკუთრებულადაც მიყვარს. მას შემდეგ იყო ბევრი კონცერტი საქართველოში, კონკურსები და კონსერვატორიაში ჩაბარებაც.
– როგორი პროფესიულ-შემოქმედებითი გზა გაქვთ?!
-კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, აქტიურად დავიწყე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. ყველა მოსმენა, რაც იმ პერიოდში გავიარე, წარმატებით მთავრდებოდა და მეც დავიწყე ჩემი პროფესიით აქტიური მოგზაურობა. მახსოვს, პირველი ჩანაწერი მოსმენაზე რომ უნდა გამეგზავნა, სირთულეებთან იყო დაკავშირებული და დედამ იპოვა გამოსავალი: აეროპორტში, უცნობ გოგოს სთხოვა და გაატანა. არც კი ვიცოდი აღმოჩნდებოდა, თუ, არა ადგილზე ჩანაწერი, მაგრამ ზუსტად 2 თვეში თვითმფრინავში ვიჯექი. არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ მადლობა ნამდვილად ეკუთვნის, რომ ადგილზე მიიტანა.
– რომელია, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რის შემდეგაც დაიწყო ახალი თავგადასავლები და მოღვაწეობა უცხო ქვეყნებში?!

-მრავალი პროექტიდან, მაინც, მსოფლიო ახალგაზრდულ ორკესტრს გამოვარჩევდი, სადაც მოსმენის შემდეგ, კონცერტმაისტერად ამირჩიეს და მოვხვდი რივა დელ გარდას ფესტივალზე. ამ საოცარი ადგილის ნახვის შემდეგ, მხოლოდ, იტალიაზე ვფიქრობდი. ერთხელაც, ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი იტალიაში. სრულიად უცნობ გარემოში მოვხვდი, ცოტა თავგადასავლებიც შემხვდა. აკადემია, სადაც თავიდან სასწავლებლად მივედი, დიდად, არ მომწონდა, თუმცა, ჩამოსვლიდან, ზუსტად თვენახევარში როსინის სახელობის ორკესტრში აღმოვჩნდი და პირველი კონცერტიც ამ კოლექტივთან ერთად დავუკარი. თანდათან დაემატა სხვა კოლექტივები იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ამჯერად, ვცხოვრობ იტალიაში, ქალაქ პეზაროში, მაგრამ წელიწადში რამდენიმე თვე ვმუშაობ ავსტრიაში. 2022 წელს დავამთავრე კონსერვატორიის მეორე საფეხური ქალაქ ჩეზენაში, მაგრამ ამჯერად, ბაროკოს აკადემიური სიმღერის განხრით. 2023 წელს დიდი ხნის სურვილი ამიხდა და შედგა ჩემი კონცერტი, სადაც ვუკრავდი და ვმღეროდი კიდევაც.
– რა ასაკიდან უკრავთ ვიოლინოზე და რამდენი წლის იყავით, როცა პირველად დადექით დიდ სცენაზე?!
– 7 წლიდან დავიწყე სწავლა. 10-11 წლის ასაკში, უკვე, სცენაზე ვიდექი.
– როგორ დაიბადა და განვითარდა თქვენში მუსიკისადმი სიყვარული?!
– მუსიკის სიყვარული, ალბათ, გენეტიკურად გვაქვს ქართველებს. ოჯახში ბებიას ჰქონდა კარგი სმენა და კარგადაც მღეროდა ქართულ მრავალხმიან სიმღერებს, თავის დედმამიშვილებთან ერთად, თუმცა, ვიოლინოს არჩევა, შემთხვევით მოხდა, მისი დანახვისთანავე – ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა.

– როგორც თქვით, წელიწადზე ნაკლები დროა, რაც ცხოვრებამ ახალი, დედობის სტატუსი შეგძინათ. როგორ ახერხებთ ამ სიახლესთან შემოქმედებითი ცხოვრების შერწყმას?!
– ბავშვის დაბადების შემდეგ, რამდენიმე თვე, პროფესიული ცხოვრება, შედარებით, პასიური იყო. თუმცა, 1 თვეში გავედი სცენაზე და მივხვდი, რომ ჯერ ადრე იყო. არ ღირდა ბავშვზე ყურადღების მოკლება და რამდენიმე თვე შევისვენე. თავისთავად მოხდა, რომ ბავშვი მუცელში ყოფნის დროს, უკვე მიჩვეული იყო მუსიკის მოსმენას, მგზავრობას, ვფიქრობ, ამიტომაცაა, რომ ახლა, ასეთ პატარა ასაკში (9 თვის), მოთმინებით და ყურადღებით უსმენს რეპეტიციებს.
– ამჟამად, პროფესიულად რა ეტაპი გაქვთ?!
– უკვე, თანდათან აღვადგინე ფესტივალებზე მონაწილეობა. ცოტა ხანში, ორკესტრებსაც და ანსამბლებსაც დავუბრუნდები. ასევე, მაქვს ქალთა ანსამბლი, კვინტეტი, რომელსაც ქალღმერთის სახელი დავარქვი და ძალიან მინდა მისი განვითარება.
– ბოლოს როდის დაუკარით ქართველი მსმენელისთვის და ზოგადად, რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ვიზიტს?!
– 2020 წლამდე ყოველ წელს ვიღებდი მონაწილეობას ქართულ ფესტივალებში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უფრო იშვიათად. იმედია, მომავალში ბევრი შესაძლებლობა იქნება. ყოველ შემთხვევაში, მე, ამის დიდი სურვილი მაქვს.

– სამომავლო გეგმებზე რომ გვითხრათ, რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში ფიქრობთ…
-სამომავლოდ, მინდა უფრო მეტი ქართული მუსიკა გავაცნო იტალიელ მსმენელს. ჩემი კვინტეტისთვის განსხვავებული პროგრამის შექმნა მინდა, რომლის წარმატებული მცდელობაც უკვე გვქონდა და დიდი სურვილი მაქვს გაგრძელდეს. ანუ, პროექტი, სადაც ჟანრი არ არის მკაცრად განსაზღვრული. შეიძლება, ერთი კონცერტის პროგრამაში, შესრულდეს კლასიკური, ფოლკლორული მუსიკა და პოპიც. ან, სულაც, ერთობლივი მიქსი.
– რედაქციის გადაწყვეტილებით, ჩემი რუბრიკის თითოეული სტუმარი უტოვებს შეკითხვას შემდეგ სტუმარს. საბერძნეთში მოღვაწე მსახიობი, ქართული თეატრის დამფუძნებელი ათენში, ნიკოლოზ ტყავაძე გეკითხებათ: რამდენი წლისაა ის “ტიპი”, რომელიც თქვენი თვალებით იყურება?!
– სადღაც 12-13 წლამდეა.
– თქვენ რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს?!
– იყოს ეს კითხვა: რისი სურნელი აქვს მისთვის ცხოვრებას?!






















































