19 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს 8 წამყვანმა უნივერსიტეტმა მიიღო – ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთევან სურმავასთან
წარმატებისთვის, რომ უშრომელად არ მიიღწევა და მიზნის მიღწევას, რომ დაუღალავი შრომა სჭირდება, ეს ყველა ჩვენგანმა ვიცით. მთავარია, ოცნება იქცეს მიზნად და მისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგას – დანარჩენს, გასავლელი გზა გამოაჩენს. შეუძლებელია წარმატებისთვის დაბრკოლებებისა და ბარიერების გვერდის ავლით იქნეს მიღწეული, ამიტომ, ყველა დიდ გადაწყვეტილებას გონებრივი მზაობა სჭირდება, რომ ბრძოლისუნარიანობა შენარჩუნდეს.
19 წლის გოგონა, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოწვევა მიიღო, მიზნად დაისახა მისი მიღწევა და საუკეთესო შედეგისთვის დაუღალავად შრომობდა, ფოთელი ქეთევან სურმავა გახლავთ, რომელიც ERMES TV-ს უყვება მისი წარმატებისკენ განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც, ის, პირველივე შესაძლებლობისთანავე აპირებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე ის, ვერც სასურველ უნივერსიტეტში მოხვდა და ვერც სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვა. ქეთევანის დიდი სურვილი იყო “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტი გამხდარიყო, თუმცა, ეროვნული გამოცდის ქულების მიხედვით, “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში სწავლის გაგრძელებისთვის ყველაფერს აკეთებდა, უამრავ ინტელექტუალურ კონკურსში იღებდა მონაწილეობას და სხვა, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების შედეგებმა, მას კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა, რომ დასახული მიზნისთვის მიეღწია.
– სულ მქონდა სურვილი, რომ განათლება უცხოეთში გამეგრძელებინა, თუმცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გზა მხოლოდ სურვილითა და მოტივაციით არ შემოიფარგლებოდა. წარმატებას დიდი შრომა, მუდმივი თვითგანვითარება და მიზნისკენ ეტაპობრივად სვლა სჭირდება. სანამ, საერთაშორისო გამოცდებზე გასვლას გადავწყვეტდი, პირველ რიგში, ჩემი ინგლისური ენის დონეს მივხედე და სისტემატურად ვიმუშავე მის გაუმჯობესებაზე. ამის შემდეგ, უკვე შევძელი ისეთი გამოცდების ჩაბარება, როგორებიცაა IELTS, TOEFL და CAE. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა – რეალური გამოწვევები სწორედ აპლიკაციების ეტაპზე იწყება. უნივერსიტეტებში განაცხადის გაგზავნა მრავალსაფეხურიანი, კომპლექსური პროცესი აღმოჩნდა, რომელიც არამხოლოდ აკადემიურ მომზადებას, არამედ, დროის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარსაც მოითხოვს. ყველას შეუძლია, თუ მოინდომებენ.
– რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ერთდროულად, მსოფლიოს 8 საუკეთესო უნივერსიტეტმა მიგიღოთ, თან, თითქმის ყველამ 100%-იანი დაფინანსებით?!
– როცა გავიგე, რომ ერთდროულად, მსოფლიოს 8 წამყვან უნივერსიტეტში ვიყავი ჩარიცხული, პირველ რიგში, სიხარულზე მეტად, პასუხისმგებლობის ძლიერი შეგრძნება დამეუფლა. ჩემთვის, ეს იყო იმის ნათელი დადასტურება, რომ შრომა და მიზანმიმართული განვითარება საბოლოოდ ყოველთვის იძლევა შედეგს.
– როცა გამოცდებს აბარებდით, გქონდათ მოლოდინი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა შედეგი?!
– გულში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ შრომა დამიფასდებოდა და შედეგს მოიტანდა, მაგრამ ასეთ მასშტაბურ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი. ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზიც იყო და ამავდროულად, უდიდესი მოტივაცია მომდევნო ეტაპებისთვის.
– იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალი, სადაც ჩაირიცხეთ, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი?!
– არჩევანის გაკეთება რთულია, ვიდრე, თვითონ ჩარიცხვა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩემს აკადემიურ მომავალს, ამიტომ, ვცდილობ, რომ მხოლოდ პრესტიჟზე კი არა, საკუთარ ღირებულებებსა და მიზნებზე დაყრდნობით მივიღო გადაწყვეტილება.
– რას ეტყოდი შენს თანატოლებს, რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა და როგორია გზა ამ მიზნისკენ?!
– ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ მსგავსი წარმატება სრულიად რეალურია, თუ გვაქვს მკაფიო ხედვა, შრომის მუდმივი სურვილი და საკუთარი თავის კრიტიკული შეფასების უნარი. გზა მიზნისკენ არასდროს არის სწორი ხაზი, ის, სავსეა დაბრკოლებებით და მოულოდნელი შესაძლებლობებით. სწორედ, ამ პროცესში ვითარდება ცოდნა, ემოციური გამძლეობა და კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც საბოლოო ჯამში არამხოლოდ მიზნის მიღწევაში გვეხმარება, არამედ, საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სრული პოტენციალი გამოვავლინოთ.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემდეგი საფეხურები?! რა იქნება შემდეგი?!
– მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში ჩავირიცხე, ჩემი მთავარი მიზანი მაინც ამერიკაა. მსურს იქ განვავითარო ჩემი აკადემიური და პიროვნული პოტენციალი, ვცდილობ ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, და დიდი ოცნებაა, ნიუ იორკში, ან ბოსტონში ვისწავლო. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად, ამ მიზანსაც მივაღწევ. შემდეგი ეტაპი ჩემთვის ახალი აკადემიური და პიროვნული გამოწვევების აღმოჩენა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებაა. მინდა ვცადო თავი ახალ გარემოებებში, მივიღო ახალი უნარები და გამოცდილება, რათა თითოეულმა ნაბიჯმა, უნივერსიტეტში სწავლამ, ჩემს მომავალ წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ასევე მინდა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის წინსვლას და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაძლიერებას ემსახუროს.
იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალი, სადაც, ქეთევან სურმავა 100%-იანი გრანტით (7/8) ჩაირიცხა, ასე გამოიყურება:
- 1. Charles University – 100% დაფინანსებით (ჩეხეთი, პარაღა) ფაკულტეტი Faculty of Social Sciences (წოდება Bachelor in Economics and Finance).
- 2. Cambridge – 70% დაფინანსებით, ეკონომიკის ფაკულტეტი.
- 3. Middlesex University Dubai – 100% დაფინანსებით. ფაკულტეტი BA (Honours) Accounting & Finance programme.
- 4. University of Salamanca – 100% დაფინანსებით (ესპანეთი). ფაკულტეტი Faculty of Economics and Business.
- 5. American University in Bulgaria – 100% დაფინანსებით. (აღნიშნულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 9 სტუდენტი ჩაირიცხა და ერთ-ერთი ქეთევანია). ძირითადი პროგრამა Business Administration, მაინორი Business Communications and Public Relati 2 ფაკულტეტზე.
- 6. Anglo-American University – 100% დაფინანსებით. პრაღა School of Business Administration, ფაკულტეტი People Management and Leadership.
- 7. Vrije Universiteit – 100% დაფინანსებით. ბრიუსელი, ფაკულტეტი: Social Sciences and Solvay Business School.
- 8. Modul University – 100% დაფინანსებით. ვენა, ფაკულტეტი: International Management.
























































