იტალია – ქართველი ემიგრანტი ხელოვანების ნამუშევრები “დანტეს სახლის” გალერეაში გამოიფინა. ფლორენციაში, დანტე ალიგიერის სახლ-მუზეუმთან არსებულ ხელოვანთა ასოციაცია “დანტეს სახლის” ორგანიზებით, გამოფენა “ხელოვნების მოზაიკა” გაიხსნა, რომლის ინაუგურაციაც 14 დეკემბერს გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა 75 ხელოვანის სხვადასხვა თემატიკისა და საშემსრულებლო ტექნიკის ერთი და იგივე ზომის თითო ნამუშევარი. მონაწილეთა შორის ორი ქართველი ემიგრანტი ხელოვანი, მზია მაკალათია და ირმა ცინცაძეც გახლავან. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სხვადასხვა ეროვნების შემოქმედთა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები.
ქართველი ემიგრანტი ხელოვანების ნამუშევარებმა დამსწრე საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული სიმპათია და ინტერესი დაიმსახურა, მათი დამახასათებელი ხელწერიდან და არაჩვეულებრივი ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე.
შთაგონების წყარო ორივეს შემთხვევაში განსხვავებულია. როგორც მზია მაკალათია აღნიშნავს, მნიშვნელოვანი იყო მისი დამახასითებელი ხელწერა ჰქონოდა და ასევე სპეციფიკური სამუშაოს შრომატევადობის შესახებ გვიამბობს.
მზია მაკალათია: “პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ქარგვა სასულიერო სემინარიაში ვისწავლე, ძირითადი ანბანი კი დედამ შემასწავლა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ გამოფენაში მონაწილეობის პატივი მხვდა წილად, ჩემს თავთან მქონდა გამოწვევა, რომ ეს ამოცანა უნდა გადამეჭრა, ღამეები გავათენე მუშაობაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი სტილი და ინდივიდუალიზმი ჰქონოდა ჩემს ნამუშევარს.”

ირმა ცინცაძის შთაგონების წყარო კი არის ძლიერი ქალის პიროვნულობა, მისი ემოციები, გამკლავება პასუხისმგებლობებთან და ცხოვრებისეულ სირთულეებთან.
ირმა ცინცაძე: “ვცდილობ,ჩემს თითოეულ ტილოში გამოვსახო ქალის შინაარსი, ემოცია და სიმბოლიზმი, ამასთანავე ნამუშევარში გამოვხატო დამახასიათებელი ფერები და დინამიურობა.”

ორივე ხელოვანი აპირებს განაგრძოს შემოქმედებითი განვითარება და უკვე დასახული აქვთ ახლო მომავლის გეგმები.
აღნიშნული გამოფენა კი დამთვალიერებლებისთვის 2025 წლის 9 იანვრამდე იქნება ხელმისაწვდომი.

მარიამ სინაურიძე





















































