“ქართული ენის პრობლემა ემიგრანტ ბავშვებში – “საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!” – რედაქტორის ბლოგი
ძალიან ცოტას, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ვსაუბრობთ, პატარა თაობის ემიგრანტებზე, რომელთაც რაც დრო გადის, სულ უფრო უჭირთ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა, მეტყველება და შესაბამისად აზროვნებაც, რაც საბოლოოდ აშორებს მათ მშობლიურ ფესვებს და უთრგუნავს ეროვნულ იდენტობას.
უდიდესი გამოწვევების და სირთულეების წინაშე არიან პატარა ქართველები ემიგრაციაში და საქართველო მათი საბოლოოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. მშობლიური ენა ბავშვს ხომ ეხმარება გააცნობიეროს საკუთარი ფესვები, ტრადიციები და კულტურა, რაც მის პიროვნებად ფორმირებისთვის ასე მნიშვნელოვანია.
ეს ბავშვები კარგავენ ბილიკს, რომელსაც სამშობლომდე უნდა მიჰყავდეს,
და ჩვენ, აქეთ, თითქოს ვერ ვგრძნობთ როგორ გვეცლება ეს თაობა ხელიდან.
მშობლიური ენა ხომ მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება არ არის – ეს ხომ იდენტობაა.
და კიდევ, დაფიქრდით აბა, რა გახსენდებათ ყველაზე ტკბილი და თბილი თქვენი ბავშვობიდან?! კი, ეს ბებო-პაპასთან გატარებული წუთებია. ეს ბავშვები ამასაც მოკლებულები არიან, რადგან მათ ხშირად, თავიანთი ტკბილი ბებიების ენა არ ესმით.
პ.ს. სულ ვფიქრობ გამოსავალზე…
საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!
ნინა მამუკაძე – ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ქართულ-იტალიური მედია “ERMES TV – ერმესი მედიის” დამფუძნებელი


















































