21 ივნისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ქართველი ემიგრანტი პოეტის, თამარ ხომერიკის, მეორე საავტორო წიგნის – „მზე ვუალს მიღმა“ – პრეზენტაცია გაიმართა.
ლიტერატურულ საღამოს ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და იტალიელი ხელოვანები და ქართული კულტურის მეგობრები. ღონისძიება კიდევ ერთხელ იქცა იმის დასტურად, რომ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები ეროვნული კულტურის, ლიტერატურისა და ქართული სიტყვის შენარჩუნებასა და განვითარებას განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურებიან.
წიგნის პრეზენტაცია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით წარიმართა. პოეზიას მუსიკა, სიმღერა და მხატვრული კითხვა ენაცვლებოდა. სცენაზე წარდგნენ ქართველი და იტალიელი შემსრულებლები, მათ შორის ლალი ბურდული და დუჩო ლიმბერტი, ანსამბლი „ივერიონი“, ასევე პოეტები, მხატვრები და სხვა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც საღამოს განსაკუთრებული ატმოსფერო შესძინეს.
თამარ ხომერიკის ახალი კრებულის პრეზენტაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა იმ მრავალ ინიციატივას შორის, რომლებსაც ქართველი ემიგრანტები იტალიაში წლების განმავლობაში ახორციელებენ. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ქართველი ავტორების შემოქმედებას აცნობს ფართო საზოგადოებას, არამედ აძლიერებს ქართულ-იტალიურ კულტურულ დიალოგს და საქართველოს კულტურულ ხილვადობას საერთაშორისო სივრცეში.



























































