ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძართან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა “ნანილა” 12 წლის შემდეგ, მოღვაწეობა დაასრულა, თუმცა მის საფუძველზე ორი ანსამბლი “ივერიონი” და “მამული” დაარსდა. ამის შესახებ, ანსამბლის განცხადებაში ვკითხულობთ:
“თორმეტი წლის სიყვარულით, შრომითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე გზის შემდეგ, ანსამბლი „ნანილა“ ასრულებს თავის მოღვაწეობას ქ.ფლორენციაში.
ეს წლები, რა თქმა უნდა, სავსე იყო უამრავი ქარტეხილებითა და მზიანი დღეებით, მაგრამ ქართული კულტურის სიყვარულით “ნანილამ” შეძლო გაეერთიანებინა ტოსკანაში მცხოვრები უამრავი თანამემამულე და მათთვის მრავალი თბილი და ქართული სულით გაჟღენთილი საღამო ეჩუქებინა.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ანსამბლის თითოეულ წევრს და ხელმძღვანელებს იმ შრომისთვის, რომელიც მათ ამ ლამაზი თორმეტი წლის განმავლობაში გაიღეს.
განსაკუთრებული მადლობა ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოს წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძეს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ანსამბლის დაარსებიდან დღემდე სულ მცირედი თუ დიდი წვლილით, მონაწილეობა მიიღო მის განვითარებასა და წარმატებაში.
ანსამბლი „ნანილა“ თავის შემოქმედებით ასპარეზსს უთმობს მისივე წიაღში დაბადებულ ანსამბლებს “ივერიონი” და “მამული”.
გულითადად უსურვებს მათ წარმატებულ მომავალს, წინსვლას და იმ სიყვარულის გაგრძელებას, რომელსაც „ნანილა“ წლების განმავლობაში აღვივებდა მიმოფანტულ ემიგრანტებში.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც ამ თორმეტი წლის განმავლობაში, მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ. გვჯერა, რომ ისინი იმავე სითბოთი და სიყვარულით დაუჭერენ მხარს ახალ ანსამბლებს, როგორც „ნანილას“ გულშემატკივრობდნენ.
„ნანილა“ დასრულდა, მაგრამ მისი სული, მოგონებები და კვალი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.
მადლობა ყველაფრისათვის!”
ERMES.TV – ერმესი მედიის რედაქცია, წარმატებას უსურვებს ორივე ანსამბლს, საქართველოს სასახელოდ!
ასევე იხილეთ:
° ᲡᲣᲮᲘᲨᲕᲘᲚᲔᲑᲘ ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ – SUKHISHVILI A FIRENZE
° ᲒᲔᲚᲐ ᲤᲝᲪᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲓᲐ RNB ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ – ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲒᲐᲓᲐᲪᲔᲛᲐᲨᲘ LA PIAZZA





















































