იტალიის ქალაქ ფლორენციაში სამართალდამცველებმა გამოავლინეს სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც უცხოელებს პოლიციის საიმიგრაციო განყოფილებასთან რიგში ადგილის დაკავების სანაცვლოდ ფულს სძალავდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, თანხის გადახდაზე უარის შემთხვევაში, მოქალაქეებს ემუქრებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
იტალიური გამოცემა La Nazione-ს ინფორმაციით, გამოძიება ფლორენციის პოლიციის საიმიგრაციო განყოფილებასთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. საუბარია უცხოელებზე, რომლებიც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიზნით შესაბამისი დოკუმენტების ჩაბარებას ცდილობდნენ.
გამოძიების თანახმად, ეროვნებით პერუელი პირები რიგში ადგილებს იკავებდნენ, შემდეგ კი მათი დათმობის სანაცვლოდ მოქალაქეებს 100-დან 250 ევრომდე სთხოვდნენ.
ფულის გადახდაზე უარის შემთხვევაში ვითარება ხშირად მუქარასა და ძალადობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. გამოძიების მასალებში საუბარია ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, გატეხილი ბოთლებით მუქარასა და იარაღის მსგავსი საგნის გამოყენების შემთხვევებზეც.
საქმეში სულ 13 პირი ფიგურირებს, რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს. ოთხ მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გარკვეულ ტერიტორიებზე ყოფნა აუკრძალა.
პრობლემის მიზეზი: საბუთების შეზღუდული მიღება და მრავალსაათიანი რიგები
გამოცემის ინფორმაციით, ფლორენციის პოლიციის საიმიგრაციო განყოფილებაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტების ჩასაბარებლად დღეში მხოლოდ ხუთ ადამიანს იღებდნენ.
შეზღუდული მიღების გამო უცხოელები იძულებული ხდებოდნენ, რიგში ადგილი წინა ღამით დაეკავებინათ და ზოგჯერ მთელი ღამე ქუჩაში გაეტარებინათ.
სწორედ ამ ვითარებით სარგებლობდნენ სავარაუდო გამომძალველები, რომლებიც რიგში ადგილების კონტროლს ცდილობდნენ და განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისგან ფულს ითხოვდნენ.
გამოვლენილი შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ სირთულეებს, რომლებსაც იტალიაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მსურველები ადმინისტრაციულ პროცედურებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით აწყდებიან.






















































