2026 წელს დაბალი ISEE-ის მქონე ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი ბონუსები – სრული გზამკვლევი
იტალიაში 2026 წელს კვლავ მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო ფინანსური დახმარების პროგრამა, რომლებიც ძირითადად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების, განსაკუთრებით კი, ბავშვიანი ოჯახებისთვის, არის განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბარია 35 000 ევროზე ნაკლებ ISEE-ზე, რეალურად არ არსებობს ერთი საერთო „35 000 ევროს ბონუსი“ – თითოეულ პროგრამას საკუთარი კრიტერიუმები და შემოსავლის განსხვავებული ზღვარი აქვს.
1. ერთიანი უნივერსალური საოჯახო შემწეობა (Assegno Unico Universale)
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ შვილები.
დახმარება გაიცემა:
- ყველა არასრულწლოვან შვილზე;
- ორსულობის მეშვიდე თვიდან ახალშობილზე;
- 21 წლამდე შვილებზე, თუ ისინი სწავლობენ, პროფესიულ კურსს გადიან, უმუშევრები არიან ან სამოქალაქო სამსახურს ასრულებენ;
- შშმ შვილებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.
თანხის ოდენობა დამოკიდებულია ISEE-ს მაჩვენებელზე, შვილების რაოდენობასა და ასაკზე. 2026 წელს მაქსიმალური დახმარება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის თვეში 223 ევროს აღწევს თითო შვილზე, ხოლო მინიმალური თანხა 58 ევროა იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც ISEE არ წარადგინეს ან დადგენილ ზღვარს აღემატებიან.
2. ახალშობილის ბონუსი (Bonus Nuovi Nati)
2026 წელს მოქმედებს ერთჯერადი 1 000 ევროს ოდენობის დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომელთა:
- ISEE არ აღემატება 40 000 ევროს;
- ბავშვი დაიბადა ან იშვილეს 2026 წლის განმავლობაში.
განაცხადი უნდა გაკეთდეს ბავშვის დაბადებიდან ან შვილად აყვანიდან 120 დღის განმავლობაში.
3. საბავშვო ბაღის ბონუსი (Bonus Nido)
ეს პროგრამა ფარავს სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღის გადასახადის ნაწილს.
დახმარების ოდენობა დამოკიდებულია როგორც ბავშვის დაბადების თარიღზე, ისე შემოსავლის მაჩვენებელზე.
2024 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ბავშვებისთვის, მოქმედი წესების შესაბამისად, მაქსიმალური დახმარება შეიძლება წლიურად 3 600 ევრომდე იყოს.
2024 წლის 1 იანვრამდე დაბადებული ბავშვებისთვის მოქმედებს შემდეგი ოდენობები:
- ISEE 25 000,99 ევრომდე – 3 000 ევრო;
- 25 001-40 000 ევრო – 2 500 ევრო;
- 40 000 ევროზე მეტი – 1 500 ევრო.
4. სასკოლო წიგნების ბონუსი
საშუალო სკოლის მოსწავლეების ოჯახებისთვის მოქმედებს წიგნების შესაძენი დახმარება.
ამ შემთხვევაში ISEE-ის ზღვარი 35 000 კი არა, 30 000 ევროა.
ფინანსური რესურსები რეგიონებს გადაეცემათ, ხოლო პროგრამის ადმინისტრირებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ, ამიტომ განაცხადის პირობები რეგიონების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.
5. ფსიქოლოგიური დახმარების ბონუსი (Bonus Psicologo)
ფსიქოთერაპიის ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფო 2026 წელსაც აგრძელებს ამ პროგრამას.
დახმარების ოდენობა ასეთია:
- ISEE 15 000 ევრომდე – 1 500 ევრო;
- ISEE 15 001-30 000 ევრო – 1 000 ევრო;
- ISEE 30 001-50 000 ევრო – 500 ევრო.
2026 წლისთვის პროგრამა დაფინანსებულია, თუმცა განაცხადების მიღების კონკრეტული თარიღები შესაბამისი უწყებების მიერ ეტაპობრივად ქვეყნდება.
როგორ მიიღოთ ბონუსები?
ბონუსების უმეტესობაზე განაცხადი იტალიის სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (INPS) ელექტრონული პორტალის მეშვეობით კეთდება. აუცილებელია მოქმედი ISEE-ს სერტიფიკატის ქონა, რადგან სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს როგორც დახმარების მიღების უფლებას, ისე მის ოდენობას.
იმ პროგრამებისთვის, რომლებსაც რეგიონები ან მუნიციპალიტეტები მართავენ (მაგალითად, სასკოლო წიგნების ბონუსი), განაცხადის შეტანის წესი ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ ცალკე განისაზღვრება.





















































