იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ბიუროკრატიული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია იმის გარკვევა, რომელ საკითხზე რომელ ინსტიტუციას, ან სპეციალისტს უნდა მიმართონ. პრაქტიკაში ხშირად ერევათ ერთმანეთში: Patronato, CAF და Commercialista, რაც იწვევს დროის კარგვას, ზედმეტ ხარჯებს და ზოგ შემთხვევაში, არასწორად წარმოებულ დოკუმენტაციას.
სტატიაში მიმოვიხილავთ თითოეულის ფუნქციას და იმ შემთხვევებს, როცა მათთან მიმართვა მიზანშეწონილია.
Patronato/პატრონატო
პატრონატო არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეებსა და ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებს უწევს დახმარებას, სოციალური და შრომითი უფლებების სფეროში.
პატრონატოს ძირითადი ფუნქციებია:
- საპენსიო (ასაკობრივი, შრომისუუნარობის) საქმეების წარმოება
- უმუშევრობის შემწეობის (NASPI) განაცხადების მომზადება
- ავადმყოფობის, შრომითი ტრავმისა და შრომისუუნარობის საკითხები
- ოჯახური და სოციალური დახმარებები
- INPS-თან (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) ურთიერთობა
- შრომით ხელშკრულებებთან დაკავშირებული კონსულტაცია
- ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები უცხოელებისთვის
- მოქალაქეობა
როდის მივმართოთ პატრონატოს?!
როდესაც საქმე ეხება საემიგრაციო თემებს, მოქალაქეობის მიღების საკითხებს, პენსიას, უმუშევრობას, სოციალურ დახმარებებს ან INPS-სთან დაკავშირებულ პროცედურებს.
CAF – ფისკალური მომსახურების ცენტრი/Centro di Assistenza Fiscale)
CAF არის ფისკალურ საკითხებზე სპეციალიზებული ცენტრი, რომელიც მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ეხმარება გადასახადებთან და შემოსავლების დეკლარირებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
CAF-ის ძირითადი სერვისებია:
- 730 და Redditi PF (საგადასახადო დეკლარაციები)
- ISEE (ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი)
- სოციალური და საოჯახო ბონუსების განაცხადები
- ქირასთან, ოჯახურ შემოსავალთან და სხვა ფისკალურ მონაცემებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია
- მონაცემების კორექტირება Agenzia delle Entrate-თან
როდის მივმართოთ CAF-ს?!
თუ გჭირდებათ გადასახადების დეკლარაცია, ISEE, სოციალური ბონუსები ან საგადასახადო დოკუმენტები.
Commercialista – ბუღალტერი/საგადასახადო კონსულტანტი
ეს არის ბუღალტერი/საგადასახადო კონსულტანტი, დამოუკიდებელი, ლიცენზირებული პროფესიონალი, რომელიც მუშაობს ბიზნესის, თვითდასაქმებისა და რთული საგადასახადო საკითხების სფეროში. მისი მომსახურება ფასიანია და როგორც წესი, საჭიროა უფრო კომპლექსურ შემთხვევებში.
მისი საქმიანობის სფეროა:
- ბიზნესის რეგისტრაცია (Partita IVA) და მართვა
- ბიზნესის ბუღალტერია და საგადასახადო დაგეგმვა
- რთული საგადასახადო საქმეები
- დავალიანებები, ჯარიმები და კონტროლი Agenzia delle Entrate-თან
- ფინანსური კონსულტაცია კომპანიებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის
როდის მივმართოთ კომერჩალისტს?!
თუ გაქვთ Partita IVA, საკუთარი ბიზნესი, საგადასახადო დავალიანება ან სამართლებრივად რთული ფინანსური საკითხი.
ეს სამი ტიპის სამსახური, შეიძლება დამოუკიდებლადაც ფუნქციონირებდეს და ერთმანეთსაც აერთიანებდნენ.
ასევე იხილეთ: ᲦᲐᲛᲘᲡ ᲛᲝᲛᲕᲚᲔᲚᲘ (ᲑᲐᲓᲐᲜᲢᲔ) – ᲮᲔᲚᲤᲐᲡᲘ, ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲝᲕᲐᲚᲔᲝᲑᲔᲑᲘ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ





















































