„ორსული ჩამოვედი კანადაში სასწავლებლად“ – ასე დაიწყო თავისი ისტორიის მოყოლა ქართველმა ხელოვანმა ემიგრანტმა ანა ბარბაქაძემ ჩვენთან. ანა თავისი განსაკუთრებული სამყაროთი გამოირჩევა, რომელსაც ბავშვობიდან ლექსებსა და მუსიკაში გამოხატავდა, უფრო მოგვიანებით კი ნახატებში გადმოცემა დაიწყო.
ჩვენმა რესპონდენტმა საკმაოდ მძიმე ცხოვრება განვლო, შემდეგ ბედმა ემიგრაციის გზას დააყენა. ახლა ის არაჩვეულებრივი დანიელის დედაა, უვლის ასევე საკუთარ დედას, რომელიც ანას ვეღარც კი სცნობს, მაგრამ მთავარია ერთად არიან. როგორც თავად აღნიშნავს, მუდმივად საკუთარი თავის ძიებაშია, ამიტომ გადაწყვიტა უცხო ქვეყნის გზას დადგომოდა, სადაც სასწავლებლად გაემგზავრა… ჩვენ ვეცდებით ანა და მისი შემოქმედება, უფრო ახლოს გაგაცნოთ…
– რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად გადასულიყავით სხვა ქვეყანაში და რატომ აირჩიეთ კანადა?
– საქართველოში ბევრი რამ გადამხდა თავს. ბედნიერი არ ვიყავი. სულ გადარჩენის ინსტიქტით ვმოქმედებდი. ბავშობა, ძალიან ტკივილიანი მქონდა, ამიტომ ერთადერთი გზა, რომელსაც ვხედავდი, გაქცევა გახლდათ. ჩემი სურვილი ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება იყო, მაგრამ ვიზაზე რომ შევიტანე განაცხადი, უარი მივიღე. წლების შემდეგ, ისევ ვცადე ბედი, ოღონდ უკვე კანადის ვიზაზე შევიტანე განაცხადი. ყველა მეუბნებოდა რომ კანადა ყველაზე რთულად გასცემდა ვიზებს და არ მეცადა. მე კი ადამიანებს არ ვუსმენდი, შინაგან ხმას მივყვებოდი, ისე მოვიქეცი როგორც მან მიკარნახა. ჰოდა, საოცრება მოხდა, ერთ კვირაში ჩამომივიდა პასპორტი კანადის ვიზით.
– ემიგრაციამდე, საქართველოში რას საქმიანობდით?
– საქართველოში 2013 წლიდან ვმუშაობდი 112-ში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ოპერატორ-თანამშრომელი გახლდით.დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების ფაკულტეტი. გავლილი მაქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 6 წლისა მივედი ნიჭიერთა ათწლედში,კონსერვატორიასთან არსებულმუსიკალურ სასწავლებელში, ფორტეპიანოს განხრით და წარმატებით დავამთავრე. 4/5 წლიდან ვწერდი ლექსებს, კომპოზიციებს. სულ ძიებაში გახლდით.
– როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება ახალ ქვეყანაში და თუ გაქვთ შეხება ქართველ ემიგრანტებთან?
– კანადაში სწავლის მოტივით ჩამოვედი. თავიდან სასწავლებლის მიერ გამოყოფილ საცხოვრებელში ჩემოდნებს ადგილი რომ მივუჩინე, მივიხედ-მოვიხედე და დავფიქრდი… რომ გავაცნობიერე, რომ ასეთი პატარა გოგო, სულ მარტო აღმოვჩნდი ამხელა ქვეყანაში ტირილი ამივარდა. სულ ტირილიში ვიყავი თავიდან. ეს არის ემიგრაციის ფასი. მორალური კუთხით სულ მარტოსულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ფიზიკურადაც რომ მარტო აღმოვჩნდი, ახლობელი მაინც რომ არავინ მყავდა, უფრო მეტად გამიჭირდა.
თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. ღამე ვმუშაობდი კრუასანების ქარხანაში, შემდეგ ხშირ შემთხვევაში იქვე ყუთებზე ვიძინებდი, დღე კი ვსწავლობდი უმაღლეს ინგლისურს. ტკივილიანი მე ისევ ტკივილიან ადამიანებს ვიზიდავდი, ამიტომ თავიდან კანადაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობა არასწორად წარიმართა. ილუზია მქონდა, რომ საქართველოში მიღებული ტკივილი ჩამოვიშორე – მე ხომ მას კანადაში გავექეცი. რეალურად კი, ბარგივით ჩემთან ერთად ჩამოვიყოლე. შესაბამისად, რა ვიბრაციის ადამიანებიც საქართველოში მხვდებოდნენ, ანალოგიური მხვდებოდა აქ. ტკივილს ტკივილი ემატებოდა, იმედგაცრუებას კი იმედგაცრუება. ახალს ვერ მიიღებ თუ ძველისგან არ გათავისუფლდები. სანამ ამას არ მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვალა.

– გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, ამჟამად დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობთ, როგორ შეძელით და რა გზა გაიარეთ იმისათვის, რომ ოჯახი გაგეერთიანებინათ?
– კანადაში ორსული ჩამოვედი, ეს ჩემი გადაწყვეტილება გახლდათ. ისევ შინაგან ხმას მოვუსმინე და გადავწყვიტე, რომ ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლით დამეწყო. ვიცოდი, რომ ასე რომ არ მოვქცეულიყავი დედაჩემივით თავს კარიერას მივუძღვნიდი. ამიტომ გადავწყვიტე შვილი გამეჩინა. შვილის გაჩენით ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. დანიელმა მე გადამარჩინა. რომ არა ჩემი შვილი, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ამ ეტაპზე მარტოხელა დედა ვარ და ესეც ჩემი არჩევანია. ბავშვის მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის საქართველოში ცხოვრობს.
სწავლას რომ მოვრჩი შემდეგ მოვხდი ბავშვით თავშესაფარში. იმის გამო, რომ მარტოხელა დედა ვიყავი, ჩემი მიღება არავის უნდოდა. ოთახს ვერ ვშოულობდი რაც ვიშოვე იყო სარდაფი. ქართველი თავის სარდაფში სოლიდურ თანხას მახდევინებდა. იქ სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო, თან იმ დროს მატერიალურად უფრო გამიჭირდა ამიტომ გადავწყვიტე თავშესაფარში წასვლა. თავის დახსნის ერთადერთი საშუალება იმ სარდაფიდან, იქაური შეურაცხყოფიდან (ეს არ ნიშნავს რომ ის ცუდი ადამიანია, უბრალოდ დაიბნა, მაშინ მეც ძალიან დაბნეული ვიყავი).
როგორც კი ოდნავ ფეხზე წამოვდექი, უპატრონოთა თავშესაფრიდან მე და ჩემი შვილი ნაქირავებში გადავედით და დედას ვიზის გაკეთებას შევუდექი.2022 წლის 11 აპრილს ჩამოვიყვანე დედა. მაგრამ ჩამოვიყვანე არა „მთლიანი დედა“ არამედ მისი ნაწილი, რადგან დემენციამ დამასწორო და მისი მეორე ნაწილი წამართვა. გართულება ფრენის დროს მოხდა. ფრენამ პროვოცირება მოახდინა და დედა კანადაში სულ სხვა ადამიანი ჩამოვიდა. ვერც მე და დანიელი გვიცნო და ვაღარც საკუთარი თავი – სარკეში. როგორც აღვნიშნე, ჩემმა შვილმა დანიელმა გადამარჩინა. ძალიან მეხმარება. ყველაფერს გაგებით უდგება. ბევრი ვიმუშავე, რომ სწორად მიმეწოდა რეალობა. დანიელი რომ არა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. თავიდან,დანიელის იმედზე ვიყავი. მე რომ საემიგრაციო საბუთების შევსებით ვიყავი დაკავებული, დანიელი უვლიდა დედას. საპირფარეშოშიც კი შეჰყავდა, როდესაც მე საბუთების გასაგზავნად ვიყავი.

– ძალიან ნიჭიერი ბრძანდებით, ასრულებთ საოცარ ნახატებს, რა იყო თქვენი პირველი ნახატის ინსპირაცია, წყარო და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– როდესაც ერთი რამ გვერთმევა, იქვე რაღაც დიდი, ჩვენში არსებული სასწაული იღვიძებს, გადმოგვეცემა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ხატვას შევძლებდი. ფუნჯის ხელში დაჭერადც კი არასდროს მიფიქრია, სანამ ტრანსფორმაციის, ჩემი წარსული ცხოვრების ფრანგმეტების გახსენების პროცესში, ბატონ ერეკლესთან კონსულტაციის გავლა არ გადავწყვიტე და არ მოვისმინე სიტყვები – “ხატვა უნდა დაიწყო”. ამ სიტყვებმა შეცვალა ბევრი რამ ჩემში და ძალიან მადლიერი ვარ მისი და იმის ვინც მასთან მიმიყვანა. მოვისმინე ზემოთ აღნიშნული სიტყვები, ვირწმუნე, დავიწყე ხატვა და ტილოზე სასწაულები დაიხატა.
– ძალიან შთამბეჭდავი ნამუშევრები გაქვთ, მაგრამ უარს ამბობთ მათ გაყიდვაზე, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– ნიჭზე ფასის დადებით, ყველაფრის გაუფასურება ხდება. ზუსტად ამიტომ, ამ ეტაპზე ნახატებს არ ვყიდი. სამყაროს ველოდები, რომ სხვა გზები მასწავლოს ნიჭის გაზიარების დროს ფინანსური კეთილდღეობის მიმღები რომ გავხდე. მე არ მეჩქარება, ველოდები და ვიცი, რომ ყველაფერი სწორად დალაგდება.
– აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოზე, თუ აპირებთ დაბრუნებას? –
– ძალიან მენატრება საქართველო, მაგრამ ამ ეტაპზე მსახურებით ვარ დაკავებული. ვემსახურები დედაჩემს, ჩემს შვილს, დედას ძაღლს ბუბუს და სხვებს. აგრეთვე ვარ დაკავებული ჩემი თავის უკეთესი ვერსიის შექმნით. მსახურების გამო ჯერ ვერ ვახერხებ მუშაობას. დედა 24 საათიან მოვლას საჭიროებს, თუმცა, მასთან ერთად ზოგჯერ ვთარჯიმნობ, საემიგრაციო საკითხებში ვეხმარები ადამიანებს. დანიელიც ხელს მიწყობს, ფაქტობრივად, ერთად ვუვლით დედას და მის ძაღლს. ერთი გუნდი ვართ.
– რას იტყოდით თქვენს სამომავლო გეგმებზე?
– ქმედება უფრო მიყვარს ვიდრე საუბარი. დაე,ჩემმა ქმედებამ ისაუბროს ჩემ მაგივრად. მარტო ერთს ვიტყვი, რომ სიურპრიზს ვამზადებ. ვიცი, ჩემი სიურპრიზი ბევრს დაეხმარება.

ნეტო ბენდელიანი
ასევე დაგაინტერესებთ: მედეა მამფორია, ემიგრანტი ესპანეთში, რომელმაც უნივერსალური პლატფორმა “გზამკვლევი” დააფუძნა
Tag: „ორსული ჩამოვედი კანადაში სასწავლებლად“





















































