ორმაგი დიპლომი – თანამშრომლობა ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის და ახალი შესაძლებლობები ქართველი სტუდენტებისთვის.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა მედიცინისა და დიზაინის პროგრამებზე, რომელთა დასრულების შემდგომ სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ.
ეს ახალი პროგრამები შეიქმნა ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის დელეგაციის საქართველოში შარშანდელი ვიზიტის შემდეგ. დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი მატეო ლორიტო ხელმძღვანელობდა, გაიმართა იტალიის საელჩოს მიერ, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასთან“ თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციას ისახავდა.
ამ პროგრამებზე წელს ჩარიცხული ასამდე სტუდენტი ისწავლის ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი სასწავლო პროგრამებით, რომლებიც ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის გარკვეულ პერიოდს ითვალისწინებს.
საქართველოში იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს თქმით, „ინიციატივა, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის, ქართული უნივერსიტეტისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება, ქართველი სტუდენტებისთვის განათლების მიღებისა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორის მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ჩვენი ქართველი კოლეგების ძალისხმევის დამსახურებით, ორი ფაკულტეტი (მედიცინისა და დიზაინის) და შესაბამისი ინოვაციური სასწავლო პროგრამები უდავოდ რეკორდულ დროში – სულ რაღაც ერთ წელიწადში შეიქმნა“.





















































