ბევრი ქართველისთვის ემიგრანტობა განაჩენია, რომელიც საკუთარ თავს გამოუტანეს. არჩევანი, რომლის მიღების შემდეგ თავიანთ თავს ბევრ სხვა არჩევანს ართმევენ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრებას საინტერესო გამოცდილებად აქცევენ, ახალ პროფესიას ეუფლებიან და მუდამ განვითარების გზებს ეძებენ. ასეთია ნინა გაბულდანი – ქართველი შეფ-მზარეული ქალი იტალიაში. მისი ისტორიაც ისე დაიწყო, როგორც რიგითი ემიგრანტის, დღეს კი რომში ქართული რესტორნის მთავარი შეფია, იტალიაში ამ სფეროში განათლებაც მიიღო და წინ კიდევ ბევრი გეგმა და მიზანი აქვს.
Tag: წარმატებული ქართველები
– ნინა, როგორ დაიწყო შენი ემიგრანტობის ისტორია, როგორ მოხვდი რომში?
– პროფესიით ვარ ფარმაცევტი. მოხდა ისეთი რამ ჩემს ცხოვრებაში, რომ ემიგრაციაში მომიწია წამოსვლა. საქართველოში მყავს ორი შვილი. როგორც ყველა დედისთვის, ჩემთვისაც ძალიან რთული იყო მათი დატოვება. თუმცა რასაც საკუთარ თავში და სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ არის – როდესაც ადამიანს აქვს მიზანი. თავიდანვე ვამბობდი რომ თუ იტალიაში წავალ, აუცილებლად იქაც რამეს მივაღწევ, ახალ პროფესიას შევიძენ, განვვითარდები. სამზარეულოს მიმართ სიყვარული ყოველთვის მქონდა, დედა ძალიან კარგი კულინარია, ხშირად თვითონ იგონებს ახალ რეცეპტებს, მან შემაყვარა სამზარეულო. საქართველოში ყოფნისას ბავშვთა გასართობი ცენტრი გვქონდა, სადაც, რასაკვირველია ბავშვებისთვის განკუთვნილი კერძები მზადდებოდა, ინტერესი სულ მქონდა, თუმცა იქ ყოფნისას მზარეულობა არ მიცდია.
– ესე იგი, შეფ-მზარეულის პროფესია იტალიაში შეისწავლე?

– იტალიაში ჩამოსვლიდან რამდენიმე წელში, როდესაც ენა უკვე კარგად ვიცოდი, სრულიად შემთხვევით ქუჩაში Accademia Italiana Chef – ის სარეკლამო ბროშურა მომცეს. იმ დღესვე დავრეკე და გასაუბრებაზე მივედი. 2018 წელი იყო. 2019 წლიდან უკვე დავიწყე ამ აკადემიაში სწავლა პროფესიონალი მზარეულის კურსზე. მერე სამწუხაროდ კოვიდის პერიოდი დაემთხვა, ყველაფერი გაჩერდა, სასწავლო პროცესიც შეწყდა და სტაჟირების გავლა და დიპლომის აღება 2022 წელს შევძელი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. უამრავი რამ ვისწავლე, მნიშვნელოვანი კონტაქტები დავაგროვე და რაც მთავარია, მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემია.
– კურსის მსვლელობისას კონკრეტულად იტალიურ სამზარეულოს კერძების მომზადებას სწავლობდით თუ ზოგად კულინარიას?
– იტალიურ სამზარეულოს და კონდიტერიას. კურსის დასრულების შემდეგ გამოცდაზე რომ გავედი პრაქტიკულ ნაწილში უმაღლესი შეფასება, ხოლო ტესტირებაში 100 მაქსიმალური ქულიდან – 90 ქულა ავიღე. ემიგრანტისთვის, რომლისთვისაც იტალიური მშობლიური ენა არ იყო, და ჩემით შევისწავლე, მარტივი არ იყო ტერმინოლოგიის ათვისება, თუმცა, ბევრმა იტალიელმა ვერ შეძლო ასეთი მაღალი ქულის აღება, რითიც ძალიან ვამაყობ. შეფებმა უამრავი კომპლიმენტი მითხრეს და მათი შექება ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ამის შემდეგ იტალიურ რესტორნებში ვიმუშავე, სტაჟირება გავიარე, გამოცდილება დავაგროვე. ამ დროს დამიკავშირდა თამარ ჭიჭიბოშვილი, სომელიე და რომში ქართულ რესტორან “აისის” მენეჯერი. მითხრა: ვიცი რომ აქ ისწავლე და შეფ-მზარეულის კურსები გაიარე, ჩვენს ქართულ რესტორანში შეფი გვჭირდება და შენს კანდიდატურას განვიხილავთო. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა იტალიური რესტორნიდან უკვე მქონდა შემოთავაზება, დავთანხმდი.
– ნინა, ვიცით რომ ემიგრანტობა არ არის მარტივი. ბევრი ადამიანი ვინც სამუშაოდ ჩამოდის საკუთარ თავში იკეტება, ხშირად დასვენების დღეებსაც სამსახურში ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ აქვთ გარკვეული მიზანი – მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხშირად ემიგრაციაში ყოფნის განმავლობაში საკუთარი თავი და საჭიროებები გვერდზე აქვთ გადადებული. ბევრს ენის ბარიერიც აქვს. როგორ ფიქრობ, რამდენად შესაძლებელია სამსახურის პარალელურად დრო, ენერგია და ენთუზიაზმი გამონახო იმისთვის, რომ დამატებითი პროფესია შეიძინო, შენთვის რამდენად რთული იყო და რამ მოგცა ამის ძალა?
– ვფიქრობ რომ ეს ორი რამ არასდროს ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუ ადამიანი მიზანდასახული, მონდომებული და ფსიქოლოგიურად ძლიერია, აუცილებლად გამოუვა. თუ გინდა რომ გაიზარდო, როგორც ადამიანი, რაღაც ახალი შეიძინო, პროფესია, ხელობა ან თუნდაც ჰობი – შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია. მთავარია მონდომება და დაუღალავი შრომა. მთელი გულით უნდა გინდოდეს. მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. მაგალითად, საღამოს როდესაც რესტორანში ვახშმობს 70 ადამიანი და ეს 70 ადამიანი მიირთმევს ჩემი ხელით მომზადებულ კერძებს, ეს პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი ემოცია და სიამაყის გრძნობაა. ხშირად, ვახმის შემდეგ ეძებენ შეფ-მზარეულს რომ მადლობა გადაუხადონ. როცა ეს ხდება, დაღლა სრულიად მავიწყდება და რჩება მხოლოდ კმაყოფილების გრძნობა. ყველა ადამიანს თავის პრიორიტეტი აქვს ცხოვრებაში. გული მწყდება რომ ბევრი ახალგაზრდა ჩამოდის აქ და მიუხედავად იმისა რომ უამრავი რესურსია განვითარების, გაზრდის, უკეთეს ადგილას დასაქმების პერსპექტივის – ამას არ აკეთებენ. დასანანია, თუმცა ყველას თავის მიზანი აქვს და მინდა ყველა ქართველ ემიგრანტს ვუსურვო რომ მალე აესრულებინოთ ჩანაფიქრები, რისთვისაც აქ არიან.

– აშკარაა, რომ იტალიაში შეფ-მზარეულების უმეტესობა მამაკაცები არიან. რეალობაში თუ წააწყდი რამე სირთულეს ამ მხრივ და ამ ფრონტზეც თუ მოგიწია ბრძოლა?
– სტერეოტიპი დავამსხვრიე. (იცინის) უამრავი ბრძოლა გადავიტანე ამ წლების განმავლობაში. ეს პატარა გოგო რომ დამინახეს ორმეტრიანმა შეფებმა, როცა სტაჟირებას გავდიოდი, სკეპტიკურად შემომხედეს, საქართველოც არ იცოდნენ სად იყო. ორმაგი მოტივაცია მქონდა თავის დამკვიდრების. უნდა ვაღიაროთ, რომ როცა იტალიელი არ ხარ და ემიგრანტი ხარ, დამატებით სირთულეებს აწყდები. ამას გარდა, აქ სამზაერულოში 90% მამაკაცები არიან. უმძიმესი რამეებიც გამიკეთებია, მაგალითად ორი კილო მარილი ჩამიყარეს უზარმაზარ ტაფაზე რომ პასტის ჰაერში გადატრიალების პრაქტიკა გამევლო ცალი ხელით. მარილი საერთოდ არაფერ შუაში იყო და არც ორი კილო მჭირდებოდა მაგრამ ეს იყო ხელის გავარჯიშებისთვის გამოცდა. 45 წუთის განმავლობაში ვატრიალებდი. როცა ბოლოს უკვე მარილი აღარ მეყრებოდა, მითხრეს – ახლა ჩაბარებული გაქვსო. ამის შემდეგ 30 კილოგრამი მიდიები უნდა გამერჩია. ეგონათ რომ ვერ გავაკეთებდი. როცა მოვრჩი, გაყინული ხელებით ბოლომდე გავარჩიე და ვკითხე სხვა რამე არის კიდევ გასაკეთებელი-მეთქი? გაოცებულები დარჩნენ და მიხვდნენ რომ შემეძლო და გამოვიდოდა ჩემგან შეფი.
უცხოეთში როცა ხარ, ორმაგად გიწევს იმის დამტკიცება რომ რაღაც შეგიძლია და ყოჩაღი ხარ, რადგან თავიდან სკეპტიკურად გიყურებენ, თუმცა როდესაც მიხვდებიან რომ უნარი გაქვს, მერე უკვე მოდის დაფასება და პატივისცემა. ყველაზე ამაყი მაშინ ვიყავი, როდესაც აკადემიაში უკვე დამამთავრებელ კურსზე ქართული კერძები და დესერტები მოვამზადე და მათ გავასინჯე. ისეთი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, რომ მათაც მოუნდათ ქართული კერძების მომზადება – ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო. რესტორნებშიც როდესაც ვმუშაობდი და შეხება მქონდა შეფებთან, ხაჭაპურის გამოცხობა ყველამ ისწავლა.
– იტალიელები და განსაკუთრებით რომაელები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ტრადიციული სამზარეულოს სიყვარულით და ნაკლებად აქვთ მიმღებლობა სხვა ქვეყნის სამზარეულოს მიმართ, რამდენად ხშირად სტუმრობენ ქართულ რესტორანს?
– მართალია, იტალიელები ტრადიციული ხალხია, განსაკუთრებით როცა ეს სამზარეულოს ეხება, თუმცა ჩვენი რესტორნის სტუმრების 70% იტალიელები არიან, 15% ქართველები და 15% უკრაინელები და რუსები. კერძებთან ერთად, ასევე ძალიან მოსწონთ ქართული ღვინო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც სტუმრებიც ძალიან აფასებენ არის ის, რომ ყველა პროდუქტი არის ხარისხიანი და აბსოლუტურად არ ვიყენებთ გაყინულ პროდუქციას. ამას გურმანები მარტივად ხვდებიან და მოსწონთ. ჩვენი best seller-ი არის ნიგვზიანი ბადრიჯანი, აჭარული ხაჭაპური და ხინკალი. ყველაზე მეტ მოწონებას ეს კერძები იმსახურებენ. ასევე ძალიან მოსწონთ კუბდარი.
– რა არის ის რითიც ყველაზე მეტად ამაყობ და შენს თავს ეუბნები რომ “ნინა, გამოგივიდა”!

– ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი რომ საკუთარი თავით ვიამაყო. ბევრი პროექტი მაქვს. ხშირად საკუთარი მიზნის მიღწევისთვის შეიძლება ძალიან პატარა ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ესეც პროგრესია. რადგან ეს წლები დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი, ეს ნიშნავს რომ სწორ გზაზე ვდგავარ. დღესდღეობით, ვამაყობ იმით, რომ ქართული სამზარეულო გავაცანი უამრავ ადამიანს. ამაში მთელ სულს, გულს და ენერგიას ვდებ. როდესაც კერძს ვუყურებ და ვსინჯავ, ვხვდები როგორ გაკეთდა, რა გულით გაკეთდა, უბრალოდ მოვალეობის მოხდის გამო თუ უყვარს მზარეულს თავისი საქმე. იმ კონკრეტულ მომენტში მზარეულის სული იკითხება თეფშზე. ამას ყოველთვის ვგრძნობ. მე იმდენად მიყვარს ჩემი საქართველო და უცხო მიწაზე ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა – წარადგენ შენს ქვეყანას, მისი სახე ხარ. მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, რომ ჩემი საქმით ქართული სამზარეულოს ელჩი ვარ იტალიაში. როცა სტუმარი მადლობის გადასახდელად მოდის, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული და მიღწევაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იტალიური რესტორნიდან მაქვს შემოთავაზება, მაინც ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაა ჩემი პრიორიტეტი. ჩვენი რესტორნის ბევრი იტალიელი სტუმარი ინტერესდება ქართული კულტურით, მიდიან საქართველოში და როცა ბრუნდებიან გვიყვებიან როგორი აღფრთოვანებული დარჩნენ საქართველოში ბუნებით, ღვინით, კერძებით. ამას გარდა ვმუშაობ პროექტზე, რომლის მიზანია რომში არსებული ეთნიკური რესტორნების ჩართულობით, მულტიეთნიკური კულინარიის ფესტივალის ორგანიზება.
– კიდევ რას გვეტყვი შენს სამომავლო მიზნებზე?
– როგორც ყველა ქართველს, ჩემთვისაც მთავარი მიზანი საქართველოში დაბრუნება და სვანეთში, მესტიაში საკუთარი რესტორნის გახსნაა. მინდა მთელი ის ცოდნა და გამოცდილება რაც აქ დავაგროვე, ჩვენს ქვეყანაში გამოვიყენო, ჩემს შვილებთან ერთად ვიყო და იქედან გავაცნო იქ ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს და ტურისტებს ქართული სამზარეულო, იქ ვუმასპინძლო, როგორც ნამდვილმა მასპინძელმა. მინდა ჩემმა შვილებმა ჩემით იამაყონ და თქვან, რომ კი დედაჩვენი ამდენი წელი იყო საზღვარგარეთ, ჩვენთვისაც შექმნა რაღაც, მაგრამ თვითონაც შედგა პროფესიულად და რომ ძლიერი ქალია დედაჩვენი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– და ბოლოს, საყვარელი იტალიური კერძი რომელია?
– პასტა კარბონარა. ვფიქრობ, რომ როგორც მზარეულსაც ძალიან კარგად გამომდის და როგორც გურმანსაც ძალიან მიყვარს. თუმცა როგორც ნამდვილ ქართველს და სვანს, ყველაზე მეტად ჩემი მშობლიური კუბდარის გაკეთება მეამაყება და სტუმრების მისით გამასპინძლება მაბედნიერებს.
- ვიზაჟი და ფოტოკრედიტი: თათია ქაშაყაშვილი
Tag: წარმატებული ქართველები
ასევე დაგაინტერესებთ: თეა მაღრაძე, ემიგრანტი ქართველი ექიმი იტალიაში – გზა ოცნებიდან საკუთარ კლინიკამდე





















































