“ძალიან მძიმე თემას უნდა შევეხო! ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ლუდომანია, რომელიც სამწუხაროდ, ყოველდღიურად ითრევს ადამიანებს ჭაობში, საიდანაც გამოსვლა, თუ მარტო ხარ, ისეთივე რთულია, როგორც უკიდეგანო უფსკრულიდან ამოსვლა,” – დამოკიდებულებების უმძიმეს თემას, მაკა ხაჩოშვილი, ქართველი თარჯიმანი და მედიატორი იტალიის ქალაქ ნეაპოლში ეხება და დახმარების ხელს სთავაზობს.
“სამწუხაროდ, ნეაპოლში და ზოგადად იტალიაში, მსგავსი დამოკიდებულებების პრობლემა ჩვენს თანამემამულეებშიც საგრძნობლად მომრავლდა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.
ბევრმა არ იცის, რომ იტალიაში მოქმედებს სპეციალური ჯანდაცვის ცენტრები, რომლებიც სთავაზობენ უფასო დახმარებას ყველას, ვისაც სურს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა: ეს არის “ SERD – Servizio per le Dipendenze “ (დამოკიდებულებათა სამსახური), რომლებიც ფუნქციონირებენ ყველა ASL-ში (ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური).
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს ადგილობრივ ASL-ს დახმარებისთვის, თუნდაც ბინადრობის დოკუმენტების გარეშე. იქ შესაძლებელია მიიღოთ როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური დახმარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა.
გთხოვთ, ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა! მიმართეთ SERD-ის ცენტრებს, ან თუ არ იცით როგორ, დამიკავშირდით… მე რაც შემიძლია თქვენ გვერდით ვიქნები.
ვისაც სიცოცხლე უნდა და სჭირდება დახმარება, არავინ არ უნდა იგრძნოს თავი მარტო!” – წერს მაკა ხაჩოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲣᲤᲐᲡᲝ ᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲞᲠᲐᲢᲝᲨᲘ





















































