“გზამკვლევი” – მედეა მამფორია ქართველი ემიგრანტია ესპანეთში, რომელმაც შეძლო და უცხო ქვეყანაში იმდენად კარგად შეძლო ინტეგრირება, რომ გადაწყვიტა სხვა თანამემამულეებისთვისაც გაეკვლია გზა. ამიტომ დააფუძნა პლატფორმა “გზამკვლევი” ემიგრანტებისთვის და მოგზაურებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, “გზამკვლევი” ესპანეთში და ჩვენ, ქართულ-იტალიური მედია ERMES TV, პარტნიორები გავხდით, რათა ერთმანეთის მხარდაჭერით უფრო მეტი და ხარისხიანი საქმის გაკეთება შევძლოთ. გვინდა, პლატფორმის დამფუძნებელი ახლოს გაგაცნოთ და მეტი გავიგოთ მისი შესანიშნავი წამოწყების შესახებ.
ჩვენს რესპონდენტს დამთავრებული აქვს პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, ხოლო სპეციალიზაცია პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით გაიარა. ამჟამად, ესპანეთში იმყოფება, სადაც 6 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. როგორც თავად მედეა ამბობს, მარტივი არ არის პირველი ნაბიჯების გადადგმა ახალ ქვეყანაში, მუდმივად გჭირდება ინფორმაცია სხვადასხვა საკითხების შესახებ, რაც მთავარია სწორი და გაფილტრული.
მედეა მამფორია: სწორედ ემიგრაცია იყო მთავარი მიზეზი რამაც გააჩინა იდეა, რომ შექმნილიყო პროექტი „გზამკვლევი“ და დაგვეწყო ამ კუთხით მუშაობა. დაახლოებით ორი წლის წინ, დავიწყეთ აქტიურად მუშაობა პროექტის განსახორციელებლად მე და ჩემმა პარტნიორმა ენო ხუტაშვილმა და დღემდე ვართ განვითარების პროცესში.
– რა იყო პროექტის წამოწყების ძირითადი მიზეზი?
– ეს პროექტი ასევე იყო ჩემი პირადი გადარჩენაც, რომ საკუთარი პროფესია გადმომეტანა ამ საქმეში და არ დამეკარგა კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
– რა არის გზამკვლევი?
– გზამკვლევი არის პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ევროპის რვა ქვეყანა, პლუს დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყნების მასშტაბით კი ყველა საჭირო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის და მოგზაურებისთვის დაყოფილია კატეგორიებად და სერვისებად. თითოეულ ქვეყანაში არის მინიმუმ 23 კატეგორია, რაც თავის მხრივ ჩაშლილია ქვეკატეგორებად.
ეს კატეგორიებია:
- ბიზნესი;
- დასაქმება;
- მოძრავი ქონების მომსახურება ;
- უძრავი ქონების მომსახურება;
- განათლება;
- კურსები;
- დაზღვევა;
- იურიდიული მომსახურება;
- საბანკო მომსახურება;
- საკონსულო მომსახურება;
- თარჯიმანი;
- მოგზაურობა:
- საფოსტო მომსახურება;
- ტრანსპორტი;
- მობილური ოპერატორები;
- კულტურა;
- სპორტი / გართობა ;
- ღამის ცხოვრება;
- NG0-ები;
- საკვები ობიექტები;
- სოც-მედია;
- ჯანმრთელობა/ესთეტიკა.
– როგორ მოვიძიოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია საიტზე?
– ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი ინფორმაცია. მაგალითად, თუ გსურთ იპოვოთ ესპანეთში ადვოკატი, ხსნით ქვეყანა ესპანეთს, შედიხართ იურიდიულ მომსახურებაში, შემდეგ ირჩევთ იმ პროფილის ადვოკატს რომელიც თქვენ გჭირდებათ, აჭერთ ღილაკს „დეტალურად“ და იხსნება ამ ადვოკატის შესახებ ინფორმაცია, როგორ დაუკავშირდეთ და ა.შ.
– ვის შეუძლია “გზამკვლევზე” ინფორმაციის განთავსება?
– ინფორმაცია შეუძლია ატვირთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ კატეგორიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს (რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერის გადამოწმების შემდეგ).
მაგალითად, პირი ცხოვრობს იტალიაში, აქვს მცირე საშუალო, ან დიდი ბიზნესი, ან უბრალოდ არის ხელოვანი, ქმნის და ყიდის ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს და ა.შ. ყველას შეუძლია შეიქმნას საკუთარი სივრცე „გზამკვლევზე“.
საიტს ასევე აქვს ონლაინ რეჟიმში დაკავშირების ფუნქცია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ქვეყნიდან მოგვწეროს და ჩვენი ოპერატორი შეძლებისდაგვარად შეეცდება მათ დახმარებას. ხაზი მინდა გავუსვა ერთ მნიშვნელოვან დეტალს – „გზამკვლევი“ არ არის დასაქმების სააგენტო. ჩვენ არავის ვეხმარებით მიგრირებასა და დასაქმებაში.
– რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
– ჩვენი მიზანი იყო და არის, მაქსიმალურად შევაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და რაც მთავარია თავი მოვუყაროთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში. გზამკვლევს ჰყავს პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ იმ ქვეყნის დიასპორას. გვაქვს ბევრი პროექტი მიზნად და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერს განვახორციელებთ.






















































