მარიამ ტორჩინავა MMA-ს პროფესიონალი მებრძოლია. ის არის პირველი ქართველი ქალი, რომელმაც იბრძოლა პიეფელში, ევროპის ყველაზე დიდ ორგანიზაციაში. მარიამი ქართულ ორგანიზაცია GFC-ში ასპარეზობდა. 21 წლის ასაკში საკმაოდ შთამბეჭდავი რეკორდი აქვს. ჩაატარა თერთმეტი პროფესიონალური ბრძოლა, ცხრა გამარჯვებით. ამჟამად, მარიამი დავით ქირიას კლუბში ვარჯიშობს.
მარიამ ტორჩინავა: გავიზარდე სენაკის რაიონის სოფელ ზემო ფოცხვერში. თბილისში 15 წლის ასაკში ჩამოვედი. ბავშვობიდან ვთამაშობდი ფეხბურთს, ვჭიდაობდი ძიუდოში, ვცეკვავდი. ათასი რაღაც მიტრიალებდა თავში.
სერიოზულად კი, 17 წლის ასაკში ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტე MMA-ში მეჩხუბა. პირველი პროფესიონალური ჩხუბიც ამ ასაკში მქონდა. ისედაც ბავშვობიდან მომწონდა “ჩხუბები”. ქალებს რომ ვუყურებდი როგორ ჩხუბობდნენ, მეც ძალიან მინდოდა, მოტივაცია მეძლეოდა, რომ ოქტაგონზე გავსულიყავი და მეზეიმა გამარჯვებები. ძალიან განსხვავებული ემოციები გაქვს მაგ დროს.
პირველად რომ საზღვარგარეთ ვიჩხუბე, ძალიან ვნევიულობდი, არ მინდოდა რომ წამეგო, მინდოდა მაქსიმალური დამედო და მართლაც ისეთი ემოციები მომიტანა, ჩემი თავის დავიჯერე, რომ ყველაფერი შემიძლია.

– ქალისათვის სპორტის ეს სახეობა რამდენად რთულია და რა გაძლევთ მოტივაციას?
– მოტივაციას მაძლევს ჩემი ბავშვობა, ძალიან ვწვალობდი, რადგან დიდად ხელს არავინ მიწყობდა. მინდოდა ვყოფილიყავი შემდგარი სპორტსმენი. მინდოდა გავცნობოდი მთელ საქართველოს და მსოფლიოს. დღეს მინდა, რომ ჩემი დების და ძმის მაგალითი ვიყო, ასევე ვიყო მაგალითი ყველა დამწყები სპორტსმენი ქალისთვის. არაფერია რთული! ჩვენ, ქალებს, ყველაფერი შეგვიძლია. ამბობენ, რომ ჩვენი ადგილი აქ არ არის, რომ ეს ქალის სპორტი არ არის. მე შევძლებ იმის დამტკიცებას, რომ ქალებისათვის შეუძლებელი არაფერია.
– რომელი ტურნირი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამოსვლა ინგლისში, პიეფელში. ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის შეჯიბრი, სადაც სათანადოდ ვერ შევაფასე მოწინააღმდეგეგ და დავმარცხდი.

– როგორია MMA-ს მებრძოლი ქალის ერთი დღე?
– ჩემი დღე იწყება დილით ძალიან ადრე ადგომით და ვარჯიშზე წასვლით. შემდეგ ვბრუნდები შინ და ვალაგებ სახლს, ვამზადებ საჭმელს, ზოგადად ძალიან მიყვარს მსგავსი საქმიანობა. შაბათ-კვირას ვცდილობ დავისვენო, იშვიათად ვსეირნობ, დავდივარ ეკლესიაში, დისციპლინით ვუდგები ყველაფერს, განსაკუთრებით როცა შეჯიბრი მაქვს ჩანიშნული. ვაკლდები ყველაფერს, ვარჯიშის და დასვენების გარდა არაფერს ვაკეთებ. აქამდე. მთელი ცხოვრება ამას დავუთმე და შუა გზაში არ მინდა გავჩერდე, მაქსიმალურად ვვარჯიშობ.
– როგორია თქვენი ოჯახის მხარდაჭერა ახლა და რას ეტყოდით იმ ახალგაზრდა ქალებს ვისთვისაც მისაბაძი ხართ?
– ჩემს ოჯახს ჩემი ყველა წარმატება უხარია. ახალგაზრდა ქალბატონებს კი ვეტყვი, რომ ჩვენ ძლიერები ვართ და ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია!

ნეტო ბენდელიანი






















































