გემის მექანიკოსი – 24 წლის მარიამ გურგენიშვილი, როგორც თავად გვითხრა, გემის პირველი მექანიკოსი ქალია საქართველოში. მარიამი ამჟამად წოდებით მესამე მექანიკოსია. თუ რატომ აირჩია მან ეს რთული და ქალისთვის ცოტა უჩვეულო პროფესია და როგორია მისი ცხოვრება ღია ზღვაში, ამის შესახებ, თავად მარიამი მოგვიყვება.
მარიამ გურგენიშვილი: წარმოშობით თიანეთიდან ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კახეთში, ახმეტაში გადავედი საცხობრებლად.ჩავაბარე თბილისში ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, მეორე კურსის შემდგომ გადავედი ბათუმის საზღვაო აკადემიაში გემის მექანიკის ფაკულტეტზე, სადაც დარჩენილი ორი სემესტრი დავასრულე.
– რატომ გადაწყვიტეთ გემის მექანიკოსობა?
– დაახლოებით 13 წლის ასაკიდან გავიგე ზოგადად მექანიკა რას ნიშნავდა და კერძოდ გემის მექანიკამ უფრო დამაინტერესა. ოჯახის წევრი მყავდა გემის მთავარი მექანიკოსი და ის რომ მიყვებოდა თავისი პროფესიის შესახებ, მაშინ მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემი იყო. ზუსტად ამ პერიოდში დავისახე მიზნად და როგორც ხედავთ განვახორციელე.
პირველად გემზე ამოსვლას რომ ვიხსენებ, მეცინება. მეშინოდა წყლის, ხალხის, გარემოსი. ვფიქრობ, ნორმალურიც იყო. პირველად წავედი სხვა ქვეყანაში მარტო და ავედი გემზე მარტო. თან ერთადერთი ქალი ვიყავი გემზეც და კომპანიაშიც, ვინც გემზე აიყვანეს.
– გემზე ყოფნის დროს გადიხართ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რამდენად ხშირია გასვლა და რამდენი ხანს გრძელდება ხოლმე?
– პირველ გასვლაზე 9 თვე ვიყავი გასული და 12 ქვეყანაში შევედით. სათვალავი ამერია, იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. პატარ-პატარა რეისები ხშირად მაქვს, რომლებიც ერთი თვე გრძელდება. თურქეთიდან გამოვდივართ, ორ ქვეყანაში შევდივართ, ვცლით ტვირთს და უკან ვბრუნდებით.
– მოგვიყევით როგორია გემზე ცხოვრება და რამდენად რთულია, ან მარტივი, ასეთია ახალგაზრდა ქალისთვის?
– ზოგადად, როგორც ჩემთვის, ისე ყველა მეზღვაურისთვის რთულია გემზე ყოფნა. რთულია საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა, უცხო ხალხში, უცხო გარემოში. გემზე სქესი არ არსებობს. როგორც კაცები მუშაობენ ისე ვმუშაობ მეც. ჩემი თანამშრომლები ამაყობენ, მაქებენ და მხარს მიჭერენ.
– ამ ეტაპზე სად იმყოფებით და როცა გემზე არ ხართ რას საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული?
– ახლა გღაში ვარ, თურქეთში მივდივართ დასატვირთად. ზოგადად გზაში ვახტებს ვიცავთ, თავისუფალ დროს მძინავს. რუტინული ცხოვრებაა ძირითადად გზაში. როცა გემზე არ ვიმყოფები, დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ.
– თქვენი სამომავლო გეგმები?
– თუ პროფესიასთან დაკავშირებით მეკითხებით, მინდა გავხდე გემის მთავარი მექანიკოსი. ხოლო შემდგომ ალბათ მიწაზე გავაგრძელებ მოღვაწეობას, ისევ მექანიკის განხრით.

ნეტო ბენდელიანი






















































