19 მაისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, წარმატებით გაიმართა პროექტ „გზამკვლევის“ ოფიციალური პრეზენტაცია, ინიციატივის, რომელიც მიზნად ისახავს ემიგრანტებისა და მოგზაურებისთვის საჭირო ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრას.
ღონისძიება ორგანიზატორებისა და პროექტის ავტორებისთვის, რომლებიც უცხოეთში მცხოვრები ქართველები, მედეა მამფორია და ენო ხუტაშვილი არიან, განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათი თქმით, პროექტის მიმართ გამოჩენილმა ინტერესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მოთხოვნადია მსგავსი პლატფორმა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, დიასპორის წევრები და მოწვეული სტუმრები. ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მარიამ მამესწარაშვილსა და ინგა კიკვაძეს, რომლებიც ღონისძიებისთვის სპეციალურად თბილისიდან ჩავიდნენ. მადლობა გადაუხადეს ასევე ესპანეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს, ნინა დემეტრაძეს.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ „გზამკვლევის“ განვითარება შესაძლებელი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და გრანტის ფარგლებში, რაც, მათი თქმით, უკვე რეალურ დახმარებად იქცევა მრავალი ადამიანისთვის.

„გზამკვლევი“ წარმოადგენს მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს ევროპის რვა ქვეყანას, ასევე დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. პლატფორმაზე თავმოყრილია ემიგრანტებისა და მოგზაურებისთვის საჭირო პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიებად და სერვისებად.

პროექტის მთავარი მიზანია, ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების, ადაპტაციისა და ყოველდღიური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება მარტივად, სწრაფად და ერთ სივრცეში შეძლონ.
პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომხმარებლების ჩართულობაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინფორმაციის დამატება, თუ ის კონკრეტული კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ორგანიზატორების თქმით, თითოეული ინფორმაცია გადამოწმდება, რის შემდეგაც განთავსდება პლატფორმაზე.





















































