ხათუნა თვალაძე-კორძაძე 2009 წლიდან ემიგრანტია და ამჟამად იტალიაში, რომში, თავის დიდ ოჯახთან (მეუღლე, სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი) ერთად ცხოვრობს. 2018 წელს რომში დააარსა ასოციაცია “აბრეშუმის გზა”, რომლის მთავარი მიზანი გაჭირვებული ადამიანების, ბენეფიციალების დახმარებაა, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში. თუმცა მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მუსიკას და ქალბატონი ხათუნა, ჩვენთან საუბარს, სწორედ ამ თემით იწყებს…
ხათუნა თვალაძე-კორძაძე : საქართველოში დავამთავრე ათწლედი, საფორტეპიანო განხრით ოქროს მედალზე, ხოლო კონსერვატორიაში ჩავაბარე საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე, რამაც შემდგომი ჩემი ცხოვრება მრავალმხრივ განავითარა. ასევე გავიარე ერთწლიანი კურსები ფსიქო-პედაგოგიური განხრით სკოლამდელი აღზრდის ბავშვებისათვის. ბუნებით მებრძოლი ადამიანი ვარ, ყოველთვის ვცდილობ კარგს ჩავეჭიდო და პოზიტიური განწყობა შევიქმნა, ეს თვისება ვფიქრობ უფლის საჩუქარია.
– რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
– ჩემი ემიგრაციაში წასვლა, მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ მომხდარა, წლების განმავლობაში პოლიტიკური თუ ეკონომიური პრობლემები სამწუხაროდ უფრო და უფრო ღრმა ფესვებს იდგამდა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი ამ გზას არ დავდგომოდი, გადაწყვეტილება მივიღეთ და დღეს ასე თუ ისე, მთელ ოჯახს ერთად გვიწევს ცხოვრების სირთულეების გადალახვა.
– საქართველოში რით იყავით დაკავებული?
– საქართველოში ვმუშაობდი საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. პარალელურად ჩამოვაყალიბე ბავშვთა მუსიკალური ანსამბლი და ვმუშაობდი როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური პრინციპით. რამდენიმე საბავშვო სიმღერის ავტორი გახლავართ, მაგრამ სამწუხაროდ, წიგნის გამოცემა ვერ მოვასწარი. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ასევე გამომცემლობაში, სადაც იკრიფებოდა მასალები და გამოიცემოდა გაზეთი სახელწოდებით “თბილისი – ნიუ-იორკი” ქართველი თანამემამულეებისთვის ამერიკაში. ძალზედ საინტერესო იყო ჩემთვის ამ სფეროში მუშაობა.

– ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
– იტალიაში ოჯახში ვმუშაობ დამხმარედ. ასევე სახლში მაქვს ჩემი პატარა სტუდია მოწყობილი, სადაც თავისუფალ დროს ვარ დაკავებული საკუთარი ნაწარმოებების წერით და სიმღერების არანჟირებით. სხვადასხვა პლატფორმაზე მაქვს განთავსებული ჩემი შემოქმედება.

ვმუშაობ გამოძახებით თარჯიმნად კომისიაზე თავშესაფრის მოთხოვნის მქონე ქართველი თანამემამულეების დასახმარებლად. ეს დიდი გამოწვევა იყო, თუმცა საკმაოდ კარგად გავართვი თავი. გავიარე ასევე საკონდიტრო ერთწლიანი კურსი, მაგრამ ამ მიმართულებით არ მიმუშავია. იტალიელებმა შემომთავაზეს მათთვის იტალიური სიმღერები მესწავლებინა. ჩამოვაყალიბე გუნდი და მოკლე დროში კონცერტებიც კი ჩავატარეთ, რამაც ფართო საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

შინაგანი ბუნება ყოველთვის მკარნახობდა, რომ ადამიანებს უნდა დავხმარებოდი რითაც შემეძლებოდა და ზუსტად ამან განაპირობა 2018 წელს რომში დამეარსებინა ასოციაცია სახელწოდებით “აბრეშუმის გზა”.
– ძალიან საინტერესოა, რა დატვირთვა აქვს თქვენს ასოციაციას?
– ჩვენი მთავარი მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში. დიდი ბედნიერებაა, როცა ბენეფიციარების მადლიერებით სავსე სახეებს ხედავ და ეს ყველაფერი ჩემი ჯგუფის, ძვირფასი ადამიანების დამსახურებაა. მადლობა მათ ყველაფრისთვის. ასიციაცია ასევე ეხმარება ემიგრანტებს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში.
– ხართ ასევე რომის ქართული ტაძრის მგალობელი…
– 2010 წლიდან მაქვს ბედნიერება მერქვას რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მგალობელთა გუნდის წევრი. რწმენა და სიყვარული უფლისა, რომელიც ჩვენმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანე ხელაიამ შემოიტანა ჩვენში, ეკლესიის წიაღში მყოფ ყველა ქართველში და მე როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მადლიერება მინდა გამოვხატო იმ სულიერი მოძღვრების მიმართ, ვინც მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მოღვაწეობენ. მადლობელი ვარ უფლის, ყოველი განვლილი წლის გამო. ვფიქრობ, რომ ქრისტიანი მართლმადიდებლისთვის დაუძლეველი არაფერია, თუ უფალი ყოველთვის გულში გყავს.

– რას ეტყოდით ემიგრანტებს?
– ყველა ემიგრანტს დიდი სიყვარულით ვუსურვებ ძლიერ, ერთიან გაბრწყინებულ საქართველოში დაბრუნებას და ბედნიერად ცხოვრებას ოჯახებთან ერთად. აქვე მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი მეუღლის მიმართ, ის ჩემი საყრდენია და ერთმანეთით გაგვაქვს ეს ცხოვრება და მე ამას ძალიან ვაფასებ. მენატრება დედა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. ღვთის იმედით ვართ, რომ ერთ დღესაც გავითენებთ დილას ჩვენს სამშობლოში.

ნეტო ბენდელიანი
ასევე დაგაიტერესებთ: „ᲝᲠᲡᲣᲚᲘ ᲩᲐᲛᲝᲕᲔᲓᲘ ᲙᲐᲜᲐᲓᲐᲨᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲚᲐᲓ“ – ᲛᲮᲐᲢᲕᲐᲠ ᲐᲜᲐ ᲑᲐᲠᲑᲐᲥᲐᲫᲘᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐᲨᲘ





















































