რა უნდოდათ იტალიელ შეშისმჭრელებს სვანეთის ტყეებში?
გასული საუკუნის დასაწყისში, ხშირი ტყის საფარის მნიშვნელოვანი ფართობის გამო, საქართველო შეშის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. გასაკვირი კი ის არის, რომ საქართველოში შეშის ინდუსტრიის პიონერები რუსები, ქართველები, აზერბაიჯანელები ან სომხები კი არა, არამედ იტალიელები იყვნენ. კერძოდ, ორი ვენეციელი: ძმები ლუიჯი და ატილიო სბროიავაკა. იტალიელებმა შექმნეს არამხოლოდ პერსპექტიული და დიდი სატყეო საწარმო, არამედ ათასამდე ადგილობრივი ქართველი დაასაქმეს, რითაც ხელი შეუწყეს რეგიონის განვითარებას.
თავადური წარმოშობის ძმები ჩრდილოეთ იტალიიდან იყვნენ. ისინი, როგორც ადგილობრივი ვენეციური ბურჟუაზიის წარმომადგენლები, ფლობდნენ სხვადასხვა ბიზნესს. სწორედ მათი სამეწარმეო სულისკვეთების წყალობით, 1909 წელს ვენეციაში დააარსეს კომპანია, რომელსაც სიტყვასიტყვით ერქვა „კავკასიის ხის იმპორტი“, იტალიურად „Importazione legno del Caucaso L. A. Sbrojavacca, Polese & C.“, კაპიტალით 100,000 იტალიური ლირა, რაც მაშინ დიდი თანხა იყო. მოგვიანებით მათ, საქართველოში, სვანეთის მთებში, სოფელ ლენტეხთან ახლოს, ერთ-ერთი ქართველი თავადის შთამომავლებისგან, ტყის დიდი ნაკვეთი შეისყიდეს.
მაგრამ, ჩნდება კითხვა: რადგან საქართველოს ეს მხარე, სწორედ იმიტომ, რომ განსაკუთრებით მიუწვდომელი იყო, ინვესტიციებს მოზიდვის ნაცვლად აშორებდა, რამ დაარწმუნა იტალიელები ამხელა კაპიტალი სწორედ სვანეთში ჩაედოთ?
პასუხი ძმებ სბროიავაკას გამჭრიახობაში და ტერიტორიის გეოგრაფიაშია, რადგან მოჭრილი ხეების ტრანსპორტირების ლოჯისტიკა იტალიელებმა ისე დააპროექტეს, რომ მარტო ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით, ხარჯები უკიდურესად დაბალი და კონკურენტუნარიანი ყოფილიყო.
იტალიელების მიერ შეძენილ ტყის ტერიტორიას, მრავალი მდინარე კვეთდა, მათ შორის მდინარე ცხენისწყალი. ამ მდინარის გამოყენებით, მოჭრილი ხის მორების ტრანსპორტირება წყლის დინების მეშვეობით, მარტივი და ეკონომიური იყო. მოკლედ, მდინარე ცხენისწყალს მოჭრილი მორები მთიდან დაბლობში ჩაჰქონდა, სადაც იტალიელებს სოფელ საჭილაოში (შემდგომ პირველი მაისი) შეშის სახერხი ქარხანა ჰქონდათ. დამუშავებული ხის მორები, სამტრედიიდან რკინიგზით გადაჰქონდათ ფოთში, საიდანაც გემით იტალიაში აგზავნიდნენ. ამ ოსტატურად ორგანიზებულმა ხე-ტყის იტალიურმა ინდუსტრიამ საქართველოში მყისიერ წარმატებას მიაღწია.

სბროიავაკას კომპანიამ საქართველოში მუშაობა 1911 წელს დაიწყო. მასში ასევე 50 იტალიელი მუშა იყო დასაქმებული, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქართველებისგან შემდგარ სპეციალურ სატყეო ჯგუფებს. ქართველები ყველაზე რთულ სამუშაოებს ასრულებდნენ. 1913 წელს, იტალიურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშაკების საერთო რაოდენობა დაახლოებით ათას ადამიანს შეადგენდა , თუმცა ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ტყისმჭრელების მიერ მოთხოვნილი ხელფასი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, მუშახელის მოთხოვნა მაღალი რჩებოდა და შესაბამისად, კუბურ მეტრზე ხეების საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე იტალიაში. ამან სბროიავაკას საწარმოს მოულოდნელი მოგება მოაპოვნებინა. თუმცა, ყველაფერი ისე შეუფერხებლად არ წარიმართა, როგორიც შეიძლება მოლოდინი ყოფილიყო. მდინარეზე მორების გადატანა ხშირად ჭედავდა ახლომდებარე სოფლების წყალსატევებს და ანადგურებდა მდინარის ნაპირებს, რის გამოც 1913 წელს, ხონის რაიონის ერთი სოფელიც კი დაიტბორა. ამან მაშინვე გამოიწვია ქართველებში დიდი უკმაყოფილება, იმდენად, რომ ადგილობრივ გაზეთში ზოგიერთმა მაცხოვრებელმა მოითხოვა ხელისუფლებისგან რეაგირება „იტალიელი კაპიტალისტების“ წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ერთმა ადგილობრივმა გაზეთს განუცხადა, ისინი ერიდებოდნენ მოქმედებას სწორედ იმიტომ, რომ იტალიური კომპანია სტაბილურ დასაქმებას უზრუნველყოფდა ამ ტერიტორიის ბევრ სოფელში, რომლებსაც იგივე პრობლემები არ ეხებოდათ.
პირველმა მსოფლიო ომმა და რევოლუციური პერიოდის შედეგად გამოწვეულმა არეულობამამ იტალიურ ბიზნესზეც იმოქმედა, რადგან ზღვით ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა. თუმცა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1920 წელს შემუშავდა იტალიის სახელმწიფო საინვესტიციო გეგმა, რომელიც ქართული ტყეების შემდგომ ექსპლუატაციას ითვალისწინებდა, სწორედ სბროიავაკას საწარმოს მეშვეობით.

საქართველოს საბჭოთა ანექსიის შემდეგ, იტალიურმა სატყეო საწარმომ 1923 წლამდე გააგრძელა ფუნქციონირება, სანამ ბოლშევიკურმა რეჟიმმა ძმებ სბროიავაკას არ ჩამოართვა მიწები და ქონება. კომპანია სერიოზულ კრიზისში ჩავარდა არამხოლოდ სსრკ-ზე დაწესებული სავაჭრო ბლოკადის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სარკინიგზო კომპანიამ, რომელსაც იტალიელები ფოთის პორტამდე მორების ტრანსპორტირებისთვის ეყრდნობოდნენ, თანხის უქონლობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა.
1922 წლის ბოლოსთვის იტალიური კომპანია ვალებში იყო მუშების ხელფასების გადაუხდელობის გამო. მხოლოდ ასამდე მუშა და ერთი იტალიელი წარმომადგენელი ჰყავდა, ხოლო ძმები სბროიავაკა ვენეციაში იმყოფებოდნენ.
რუსული გაზეთის “Заря Востока-ს“ მიხედვით, 1923 წლის გაზაფხულზე, 200 000 მანეთად შეფასებული იტალიური კომპანიის საქმე თბილისის ბოლშევიკური სასამართლოს ხელში აღმოჩნდა. იმავე წლის ზაფხულში დასრულდა სბროიავაკას საქმის საბოლოო სასამართლო მოსმენა, რომლის შედეგად იტალიელებს მიესაჯათ სულ 30 000 მანეთის გადახდა, რაც მუშებისთვის დავალიანების სამმაგ ოდენობას აღემატებოდა. გარდა ამისა, დამტკიცდა სახერხი ქარხნის ჩახორთმევის მოთხოვნაც. ამით დასრულდა ამ უდიდესი იტალიური საწარმოს ისტორიის თავგადასავალი საქართველოში.
ამ საწარმოს მოვლენა, მიუხედავად იმისა რომ დავიწყებულია, შესანიშნავი მაგალითია იტალიასა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში. პირველ რიგში, მისი განხორციელების გამო, იმის გათვალისწინებით, რომ ის კავკასიაში ამ სექტორში ყველაზე დიდ ინდუსტრიას წარმოადგენდა. იტალიელებმა მიაღწიეს კონკრეტულ შედეგებს გასაკვირი გზით. გასაკვირია, რომ ასეთი ინდუსტრია ნულიდან შექმნეს საქართველოს ყველაზე ჩამორჩენილ მხარეებში. იქ, სადაც სხვას მსგავსი არავის გაუბედავს, იტალიელებს ეყოთ გამბედაობა შეექმნათ რაღაც კოლოსალური, რამაც შეინარჩუნა იტალიის პრესტიჟი რეგიონში. თუმცა, დაუძლეველი მოვლენების გამო, დასასრული დადებითი არ აღმოჩნდა.

ტოგო დათუაძე
ბიბლიოგრაფია:
De Matteo Luigi, Alla ricerca di materie prime e nuovi mercati nella crisi postbellica. L’Italia e la Transcaucasia. 1919-1921, [ომისშემდგომიკრიზისისპირობებშინედლეულისძიებადაახალიბაზრები. იტალიადაამიერკავკასია. 1919-1921] , Istituto Italiano per gli Studi Filosofici, 1990, ნეაპოლი.
Merendi A., ამიერკავკასიისტყეებშიმოგზაურობა, გაზეთი L’Alpe, 1920 წელი, მილანი.
Merendi A., ამიერკავკასია, გაზეთი L’Agricoltura Coloniale, 1920 წელი, ფლორენცია.





















































