რომში, 93 წლის არისტოკრატი, მომვლელის თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
იტალიაში, რომის პროკურატურა, 93 წლის დომენიკო ლანძას საქმეს იძიებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მოხუცი არისტოკრატი საკუთარი მომვლელის მხრიდან მრავალწლიანი ფსიქოლოგიური მანიპულაციისა და თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
გამოძიების მიხედვით, 44 წლის რუმინელი მომვლელი, ტონი ჩიპრიან პოპესკუ, დომენიკო ლანძას არწმუნებდა, რომ მისი ბიოლოგიური შვილი იყო. საბოლოოდ, მოხუცმა ნოტარიულადაც კი აღიარა მისი მამობა.
პროკურატურის ცნობით, სქემის მთავარი მიზანი მოხუცის ქონებისა და ფინანსური აქტივების დაუფლება იყო. დომენიკო ლანძას ეკუთვნის ისტორიული მამული, არაერთი უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
საქმეში კიდევ ერთი პირიც ფიგურირებს, 40 წლის ბრაზილიელი ედუარდო პერეირა, რომელიც, გამომძიებლების ინფორმაციით, პოპესკუს ეხმარებოდა. ორივეს ბრალად ედებათ დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მოტყუება და ფინანსური სარგებლის მიღება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქონების გაყიდვის შედეგად, მომვლელმა, დაახლოებით 180 ათასი ევრო მიიღო, ხოლო მისმა თანამზრახველმა დაახლოებით – 56 ათასი ევრო. გამოძიება სხვა ფინანსურ ოპერაციებსაც ამოწმებს.
სასამართლომ ორივე ბრალდებულს დომენიკო ლანძასთან მიახლოება აუკრძალა და ელექტრონული სამაჯურების ტარებაც დაუწესა.
გამომძიებლების ვერსიით, ტონი პოპესკუ, მოხუცის ცხოვრებაში, 2016 წელს გამოჩნდა და დროთა განმავლობაში მისი სრული ნდობა მოიპოვა. სწორედ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით დაარწმუნა იგი, რომ მისი შვილი იყო.





















































