იტალიაში, უდინეს პროვინციაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 33 წლის ეკა ჯაჯვანი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ქვეითად გადაადგილებისას ავტომობილი დაეჯახა. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედიის შესახებ ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონალურმა ტელევიზიამ გადასცა ინფორმაცია.
შემთხვევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ასევე იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში და სოციალურ ქსელებში. ემიგრანტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ზუსტდება, თუ რომელ კლინიკაში ან მორგში გადაასვენეს გარდაცვლილი.
უდინეში მცხოვრები ქართველების ჯგუფის ადმინისტრატორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარმა ემიგრანტული საზოგადოება შოკში ჩააგდო.
„ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა. ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 32 წლის ეკა ჯაჯვანი. უდინეს პროვინციაში მანქანა დაეჯახა. ძალიან მიმძიმს ამ პოსტის წერა. ჯერ არ ვიცით, სად გადაასვენეს, რადგან ადგილზე გარდაიცვალა. როგორც კი რაიმე ინფორმაცია გახდება ცნობილი, აუცილებლად დავწერთ. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი და დროული რეაგირება, რათა მოხდეს გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენების პროცესის ორგანიზება. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, უდინეს ქართველ ემიგრანტებს და სრულიად ემიგრაციას. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ მისი სულის სიმშვიდისთვის და გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, – წერენ ემიგრანტების ჯგუფში.
მომხდარის დეტალები ამ დრომდე ზუსტდება.
ERMES TV – ერმესი მედიის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს





















































