იტალიაში თანაცხოვრების მოტივით (ქორინების გარეშე) Permesso di soggiorno/ბინადრობის ნებართვის მიღება – ვნახოთ, რა პროცედურები და ეტაპებია გასავლელი და უფლებებით სარგებლობა შეუძლია უცხოელს?!
ბოლო წლებში, იტალიის იმიგრაციის კანონმდებლობამ პროგრესი განიცადა ქორწინების, ან სამოქალაქო კავშირის გარეშე წყვილის ურთიერთობების აღიარების კუთხით. მათ შორისაა, თანაცხოვრების მოტივით ბინადრობის ნებართვის მიღება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ლეგალურად იცხოვრონ იტალიაში, თავიანთ პარტნიორთან ერთად, ქორწინების გარეშეც კი.
რას ნიშნავს თანაცხოვრების მოტივით ბინადრობის ნებართვა?
თანაცხოვრების მოტივით ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა უცხოელზე იმ შემთვევში, თუ ის, მუდმივად ცხოვრობს იტალიის მოქალაქესთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქესთან, ან იტალიაში კანონიერად მცხოვრებ უცხოელთან და ამის დამტკიცება შეუძლია.
იმისათვის, რომ უცხოელმა მიიღოს ამ ტიპის ბინადრობის ნებართვა, პირველ რიგში, აუცილებელია, იმ ქალაქის მერიის ანაგრაფიულ განყოფილებაში, რომელშიც წყვილი ცხოვრობს, გაკეთდეს ოფიციალური განაცხადი, თანაცხოვრების შესახებ.
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?!
თანაცხოვრების შესახებ განცხადების გაკეთება შეუძლიათ:
- ორ ზრდასრულ პირს, იტალიელს ან უცხოელს, რომლებიც ცხოვრობენ ერთ მუნიციპალიტეტში;
- რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელში;
- რომლებიც არ არიან დაკავშირებული ქორწინებით, სამოქალაქო კავშირით ან ნათესაური კავშირით.
როდის შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი?
- განაცხადის გაკეთება შეიძლება ნებისმიერ დროს თანაცხოვრების დაწყებიდან;
- არ არსებობს კონკრეტული ვადები ან პირობები. მისი გაკეთება შეიძლება როდესაც წყვილი იწყებს ერთად ცხოვრებას;
- ან როდესაც ეს აუცილებელია პრაქტიკული მიზეზების გამო (მაგალითად, ჯანდაცვის უფლებებისთვის, ქირის, ბინადრობის ნებართვის ან საგადასახადო შეღავათებისთვის).
სად უნდა წარადგინოთ მოთხოვნა?
დეკლარაცია წარედგინება საცხოვრებელი მისამართის მიხედვით იმ ქალაქის მერიის ანაგრაფიულ განყოფილებაში სადაც ცხოვრობთ.
თქვენ შეგიძლიათ:
- პირადად მიხვიდეთ ოფისში;
- ან გააგზავნოთ ფორმა სერთიფიცირებული ელექტრონული ფოსტით – PEC (ბევრ მუნიციპალიტეტში დისტანციური მომსახურებაც მოქმედებს, შეამოწმეთ ვებსაიტზე);
- ან ფოსტით (raccomandata).
საჭირო დოკუმენტები:
- ორივე პარტნიორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ორივე პარტნიორის ანაგრაფიული მონაცემები;
- დადასტურება, რომ თანაცხოვრება „სტაბილური და უწყვეტია“ და რომელიც შეგიძლიათ დაადასტუროთ ფოტოებით და მიმოწერებით, საერთო ხარჯებით და ა.შ;
- ასევე, როგორც სხვა ბინადრობის ნებართვების მოთხოვნისას, ამ შემთხვევაშიც, წყვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს საკმარისი შემოსავალი და შესაფერისი საცხოვრებელი.
მას შემდეგ, რაც მიიღებთ დადებით პასუხს მერიიდან, უკვე შეგიძლიათ, გააკეთოთ განაცხადი ბინადრობის ნებართვის მოსაღებად!
როგორ და ვის უნდა მიმართოთ?!
განაცხადი უნდა წარედგინოს შესაბამის ქვესტურას საფოსტო Kit-ის საშუალბით და უნდა ახლდეს:
- განმცხადებლის პასპორტის ასლი;
- პარტნიორის პირადობის მოწმობა, ან თუ უცხოელია ასევე ბინადრობის ნებართვა;
- ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი მოწმობა თანაცხოვრებით;
- სტაბილური ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთი;
- ქირის, ან ქონების ხელშეკრულების ასლი;
- 16-ევროიანი საფოსტო მარკა, 40-დან 100 ევრომდე შენატანი და ფოტოსურათი 3×4.
ამის შემდეგ, ქვესტურა წყვილს გასაუბრებაზე დაიბარებს მათი თანაცხოვრების დასადასტურებლად.
მიღებული ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობა და განახლება
ნებართვის ხანგრძლივობა განსხვავდება სიტუაციის მიხედვით:
- 1 წელი, განახლებადი, თუ პარტნიორი იტალიის ან ევროკავშირის მოქალაქეა;
- პარტნიორის ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის, თუ ორივე პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა;
- განახლება შესაძლებელია იმ პირობით, რომ თანაცხოვრება გრძელდება და დაკმაყოფილებულია ეკონომიკური და საცხოვრებელი სტანდარტები.
თანაცხოვრების მოტივით მიღებული ბინადრობის ნებართვის საშუალებით, პირს ენიჭება ყველა ის უფლება რაც სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვისას, მაგ: მუშაობის და სწავლის უფლება, ასევე რეგისტრაცია ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში (SSN).
ამ ტიპის ბინადრობის ნებართვა კონვერტირებადია და ის შეგიძლიათ გადაცვალოთ სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვაზე.
თანაცხოვრების მოტივით მიღებული ბინადობის ნებართვა შესაძლოა გაუქმდეს, თუ წყვილი ერთმანეთს დაშორდება და სხვა მოტივი არ არსებობს, საბუთის კონვერტირებისთვის.
ასევე იხილეთ: ᲣᲤᲐᲡᲝ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ “ᲤᲘᲜᲔᲓᲣᲡᲒᲐᲜ”





















































