პოლიციამ ქართველი “ბადანტეები” დააკავა
ყალბი დოკუმენტების ფლობისა და წარმოების საქმეზე 19 ქართველი ქალი დააკავეს, კიდევ 17 ქართველის წინააღმდეგ საჩივარია შესული. ქალაქ უდინეს პროკურატურის განკარგულებით, პოლიციამ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მოტივით, იტალიის 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ჩხრეკა განახორციელა.
უდინეს შემოსავლების სამსახურმა ანუ Agenzia delle entrate-მ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა, წარმოშობით ქართველმა ქალმა მიმართა ფისკალური კოდის, იგივე Codice fiscale-ს მისაღებად. მათ ყველას ევროკავშირი წევრი ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ, კერძოდ კი, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიტვის საბუთები, რომლებიც იტალიაში ცხოვრებას და მუშაობას არ კრძალავს. სამართალდამცველების ცნობით, თავდაპირველად, ამ ყალბი პირადობებით, ეს ადამიანები უდინეს შემოსავლების სააგენტოში ამზადებდნენ ფისკალურ კოდს და შემდეგ, სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ.
ჩხრეკა ჩატარდა შემდეგ ქალაქებსა და მათ პროვინციებში: უდინე, გორიცია, ბოლცანო, ბელუნო, ვენეცია, ტურინი, ვარეზე, პისტოია, ფლორენცია, პრატო, ლატინა, ლეჩე. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო 36 ყალბი დოკუმენტი. სამართალდამცველებმა დააკავეს 19 პირი (6 პორდენონეში, 4 ვენეციაში, 3 ბოლცანოში, 2 პისტოიაში, 1 ვარეზეში, 1 ბელუნოში, 1 ლეჩეში და 1 ლატინაში). 17 პირი გათავისუფლებულია. გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე ეხება კარგად ორგანიზებულ სქემას, რომლის მიხედვითაც ყალბი დოკუმენტების დამზადება საზღვარგარეთ ხდებოდა და შემდეგ მიეწოდებოდათ მსურველებს, 600 ევროს სანაცვლოდ. გამოძიება მიმდინარეობს ყალბი დოკუმენტების ავტორების ვინაობის დასადგენად.
tag:პოლიციამ ქართველი “ბადანტეები” დააკავა
ასევე იხილეთ: სამშობიაროდან გატაცებული ბავშვი ნაპოვნია





















































