იტალიის ქალაქ ტარანტოში, ტამბურის რაიონში, 19 აგვისტოს, მომხდარი ჩხუბისა და დანით დაჭრის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ინციდენტის შედეგად ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა, რომელიც „სანტისიმა ანუნციატას“ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
გამომძიებლების ინფორმაციით, დაპირისპირება ბრალდებულის მიერ სიგარეტის თხოვნის შემდეგ დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, მან სავარაუდო დაზარალებულს, დანით ცხვირისა და მარცხენა გვერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებულის დახმარების თხოვნაზე ადგილზე მალევე გამოჩნდნენ კარაბინერები და შეძლეს ჩხუბის შეჩერება, საქართველოს მოქალაქის დაკავებით. დანაშაულის იარაღი, დანა, მოგვიანებით პოლიციამ ხიდის ქვეშ, სისხლით დასვრილი იპოვა. დანაზე აღმოჩენილი სისხლი, დაშავებულს ეკუთვნოდა.
35 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ადგილზე დააკავეს, ამჟამად ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და ცივი იარაღის უკანონო ტარებაში.
დაკავების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, მოსამართლე ფრანჩესკო მაკგანანომ შეინარჩუნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შენარჩუნება, რადგან ჩათვალა, რომ მამაკაცი საშიშია და საპატიმრო ღონისძიება აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიერ დანაშაულის გამეორება.





















































