2029 წლისთვის, იტალიაში, ოჯახებში დასაქმებულების რაოდენობა 2 მილიონ 212 ათასამდე გაიზრდება. მათგან 69% უცხოელი, ძირითადად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იქნება.
ეს მონაცემები წარმოდგენილია მოხსენებაში Family (Net) Work 2026, რომელიც ორგანიზაცია Assindatcolf-ის დაკვეთით მომზადდა. ინფორმაციას კი იტალიური საინფორმაციო სააგენტო AGI ავრცელებს.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის, იტალიაში მცხოვრები 15 მილიონი ხანდაზმულიდან (65 წელს ზემოთ), 2,2 მილიონ ადამიანს დასჭირდება დახმარება.
თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, 2029 წლისთვის საჭირო იქნება თითქმის 1 მილიონ 68 ათასი მომვლელი (Badante), რომელთა 73,4% უცხოელი იქნება. ამავე პერიოდში საჭირო იქნება 1 მილიონ 144 ათასი სახლის დამხმარე (Colf), რომელთა 64,8% ასევე უცხოელი იქნება.
მიზეზი მხოლოდ დემოგრაფიული ცვლილებები არ არის. იტალია სიცოცხლის ხანგრძლივობით (საშუალოდ 83,7 წელი) ევროკავშირში მესამე ადგილზეა, თუმცა, პარალელურად მცირდება შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა.
აქ იჩენს თავს კიდევ ერთი პრობლემა:
კვლევამ აჩვენა საგანგაშო ტენდენცია, რომ თვითონ მომვლელებიც ბერდებიან. 65 წელს გადაცილებული უცხოელი მომუშავეების ნაწილი ამ სექტორში გასამმაგდა. თუ 2015 წელს, 65 წელს გადაცილებული მომვლელი ქალების ნაწილი, მხოლოდ 4,3% იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 16%-მდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ბევრი მომვლელი იძულებული გახდება შეწყვიტოს მუშაობა არა მხოლოდ ასაკის, არამედ ფიზიკური მდგომარეობის გამო.
Assindatcolf-ის ვიცე-პრეზიდენტი ალესანდრო ლუპი აფრთხილებს მთავრობას: თუ არ გაგრძელდა უცხოელი მუშახელის შემოსვლის პროგრამები, სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს. შეიქმნება სიტუაცია, როდესაც ოჯახებს დასჭირდებათ დამხმარეები, მაგრამ ქვეყანაში მხოლოდ ისეთი მომვლელები დახვდებათ, რომლებსაც თავად სჭირდებათ მოვლა ასაკის გამო.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სამუშაოზე მიღების მექანიზმების გადახედვა, რათა აღმოიფხვრას ექსპლუატაცია, არალეგალური შრომა და აუცილებელია დაცული იყოს მომუშავეთა უფლებები.





















































