რომი Rome Jewelry Week-ს მასპინძლობს, საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც თანამედროვე, ავტორული და არტ-სამკაულის, ასევე საიუველირო ხელოვნების ისტორიული ტრადიციების პოპულარიზაციას ეძღვნება.
Rome Jewelry Week ერთ სივრცეში აერთიანებს საიუველირო დიზაინერებს, ოქრომჭედლებს, ხელოვანებს, ატელიეებს, გალერეებს, აკადემიებს, პროფესიულ სკოლებსა და ასოციაციებს. კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინონ და პროფესიული კავშირები დაამყარონ.
წელს Rome Jewelry Week-ზე ოთხი ქართველი ხელოვანი იქნება წარმოდგენილი: ფატი კახნიაშვილი, ნანა გიგოლაშვილი, თეონა ოთანაძე და გიორგი ლომიძე. ისინი ღონისძიებაზე „საქართველოს სამკაულის კვირეულის“ (Georgian Jewelry Week) სახელით წარდგებიან.

Georgian Jewelry Week ახალი ქართულ-იტალიური კულტურულ-შემოქმედებითი პროექტია, რომელიც ფატი კახნიშვილისა და ნენო გაბელიას ინიციატივით, Rome Jewelry Week-თან და მის დამფუძნებელთან, მონიკა ჩეკინისთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც ასევე Georgian Jewelry Week-ის თანადამფუძნებელიც გახლავთ.
პროექტის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაცია, ქართული საავტორო სამკაულის განვითარება და საერთაშორისო პოპულარიზაცია, საქართველოში საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების დანერგვა და ისეთი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ქართველ ხელოვანებს უცხოელ კოლეგებთან, ექსპერტებთან და საერთაშორისო აუდიტორიასთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ქართველი და იტალიელი ექსპერტებით დაკომპლექტდება.

Rome Jewelry Week-ის ფარგლებში, 5 ოქტომბერს, რომში საქართველოს საელჩოში ქართველი იუველირებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენაც გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ფატი კახნიაშვილი, თეონა ოთანაძე, ნიკოლოზ კამლაძე, გიორგი ლომიძე, ნანა გიგოლაშვილი, ეკატერინე აბესაძე, მირანდა ცერცვაძე, გიგა იაკობაშვილი, ნანა თოლომაშვილი, ხათუნა ბეჟუაშვილი, ქეთევან ღიბრაძე, ლელა მაზიაშვილი, სალომე საპანაძე, ნინო აბრამიშვილი, მაია ჭუმბაძე და ლადო ფესვიანიძე.
Rome Jewelry Week-ზე „საქართველოს სამკაულის კვირეულის“ წარდგენა პროექტისთვის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯი იქნება, რომლის შემდეგაც მისი განვითარება საქართველოში და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე გაგრძელდება.
Rome Jewelry Week 2026-ის პროგრამა 23 სექტემბერს წინასწარი ღონისძიებით დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება. მთავარი საგამოფენო პროგრამა 8–11 ოქტომბერს, რომში, Santo Spirito in Sassia-ს მონუმენტურ კომპლექსში გაიმართება.
იხილეთ პროგრამა:






















































