Ricongiungimento familiare ოჯახის გაერთიანება და Coesione familiare ოჯახის ერთიანობა იტალიაში – სამართლებრივი განსხვავება და პრაქტიკული მნიშვნელობა
იტალიის სამართალში ოჯახის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. როდესაც ვსაუბრობთ სამიგრაციო მიმართულებით, განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ორი ტერმინი — „ოჯახის გაერთიანება/შეერთება“ (ricongiungimento familiare) და „ოჯახის ერთიანობა/მთლიანობა“ (coesione familiare), რომლებიც ერთმანეთის მსგავსი შეიძლება ჩანდეს, რადგან ორივე მათგანის გამოყენებით შესაძლებელია იტალიიის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები უცხოელის მხრიდან ოჯახის წევრისთვის ბინადრობის ნებართვის, იგივე Permesso di soggiorno- ს გაკეთება, თუმცა, სამართლებრივად განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს.
Ricongiungimento familiare (ოჯახის გაერთიანება): ოჯახის წევრების იტალიაში ჩამოყვანის მექანიზმი
წარმოადგენს მკაფიოდ განსაზღვრულ იურიდიულ პროცედურას, რომელიც უცხოელს, კანონიერად მცხოვრებს იტალიაში, საშუალებას აძლევს ქვეყანაში ჩამოიყვანოს თავისი ოჯახის წევრები. პროცესი მოიცავს ვიზის მიღებასა და შემდგომში ბინადრობის ნებართვის გაცემას ოჯახური მიზეზებით. მისი მთავარი მიზანია საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრების იტალიაში ლეგალურად შემოყვანა და ოჯახის გაერთიანება ერთ სივრცეში.
განაცხადი კეთდება პრეფექტურაში!
Coesione familiare (ოჯახის ერთიანობა): იტალიის ტერიტორიაზე არსებული ნათესაური კავშირების დაცვა
განსხვავებით გაერთიანებისგან, არ წარმოადგენს ცალკე ადმინისტრაციულ პროცედურას. იგი უფრო ფართო სამართლებრივი პრინციპია, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ოჯახის წევრები უკვე იმყოფებიან იტალიაში.
ამ პრინციპის საფუძველზე სახელმწიფო ცდილობს თავიდან აიცილოს ოჯახის დაშლა და უზრუნველყოს მისი ერთიანობის შენარჩუნება. პრაქტიკაში ეს შეიძლება გამოიხატოს ბინადრობის ნებართვის გაცემაში ან მისი სტატუსის შეცვლაში „ოჯახური მიზეზების“ საფუძველზე, ასევე დეპორტაციის საკითხების განხილვისას ოჯახის ინტერესების გათვალისწინებაში.
განაცხადი კეთდება ქვესტურაში!
ამგვარად
თანამედროვე მიგრაციულ რეალობაში ორივე მექანიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ოჯახის გაერთიანება უზრუნველყოფს ფიზიკურ თანაცხოვრებას, ხოლო ოჯახის ერთიანობა, ამ თანაცხოვრების სამართლებრივ და სოციალურ დაცვას. საბოლოოდ, ორივე ინსტრუმენტი ერთ მიზანს ემსახურება: ოჯახის, როგორც სოციალური ერთეულის, შენარჩუნებასა და გაძლიერებას.
შემდეგ სტატიაში მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა საბუთები და რეკვიზიტებია საჭირო ამ ორი პროცედურის წარმოებისთვის.
ასევე იხილეთ: ᲙᲐᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲨᲘ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲗᲐ ᲡᲐᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝᲓ! – ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ





















































