INPS (Istituto Nazionale della Previdenza Sociale) (https://www.inps.it/) წარმოადგენს იტალიის სოციალური დაცვის მთავარ ინსტიტუტს, რომელიც პასუხისმგებელია პენსიების, სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირებაზე.
ემიგრანტებისთვის INPS უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რადგან ამ გზით ხდება პენსიის დაგროვება, შრომითი შეღავათების მიღება, ბავშვის დახმარებისა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის რეგულირება. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ სარგებლობს აღნიშნული სერვისებით, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.
პირველ რიგში, ბიუროკრატიული პროცედურები და ინფორმაციის ნაკლებობა მთავარ ბარიერს წარმოადგენს. მრავალი ემიგრანტი არ არის ინფორმირებული იმაზე, თუ როგორ უნდა გაიაროს სოციალური დაზღვევის რეგისტრაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი არალეგალურად მუშაობენ.
მეორე პრობლემა არის ენობრივი ბარიერი – INPS-ის ვებგვერდი და ძირითადი სერვისები ძირითადად იტალიურ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც ართულებს ემიგრანტებისთვის მისი ეფექტიანად გამოყენებას. მესამე გამოწვევა არის დოკუმენტაციის სირთულე, რადგან სოციალური დაცვის პროგრამებში რეგისტრაციისთვის საჭიროა კონკრეტული დოკუმენტები, როგორიცაა რეგულარული სამუშაო კონტრაქტი და ოფიციალური ბინადრობის ნებართვა, რაც არალეგალურად დასაქმებულ ემიგრანტებისთვის მიუწვდომელია.
აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესება და საკონსულტაციო ცენტრების შექმნა, რომლებიც ემიგრანტებს დაეხმარება სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობაში.
ამის გარდა, უნდა გაძლიერდეს მრავალენოვანი ონლაინ პლატფორმების განვითარება, რომლებიც მოიცავს ქართულ ენას, რაც ქართველ ემიგრანტებს სოციალური სერვისებით სარგებლობის მეტ შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენი, როგორც ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედიის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, ქართველი ემიგრანტების მაქსიმალურად ინფორმირებულობა და მათ მშობლიურ ენაზე ბიუროკრატიული საკითხების დეტალურად განხილვა და მიწოდება.
ასევე დაგაინტერესებთ: ფულადი კომპენსაცია იტალიაში – რამდენი გეკუთვნით, თუ დამსაქმებელმა ოჯახმა სამუშაო კონტრაქტი გაგიწყვიტათ?!





















































