იტალია ქართულ შემოქმედებას მასპინძლობს!
2026 წლის 30 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით, ხელოვნებისა და ღვინის სამშობლოები, ერთ სივრცეში ერთიანდებიან. საერთაშორისო გამოფენა “VISIONS and WINES” წარმოგვიდგენს საოცარ ვიზუალურ დიალოგს თანამედროვე ხელოვნებასა და მეღვინეობის უძველეს კულტურას შორის.
ამ უმნიშვნელოვანეს შემოქმედებით მოვლენას წარადგენს ცნობილი იტალიელი ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე ჯორჯო გრეგორიო გრასო, ხოლო გამოფენის მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი მხატვარი დავით კაპანაძეა.
ექსპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მშვენებაა ტილო “VENDEMMIA” (რთველი)/ 45×60 – ნამუშევარი, რომელიც საოცარი ემოციით, ფერებითა და დინამიკით გადმოსცემს ჩვენი ქვეყნისთვის ასე ძვირფას, “წმინდა” რიტუალს.
ეს დიდი კულტურული ხიდი ორგანიზებულია ორი პრესტიჟული იტალიური გალერეის მჭიდრო თანამშრომლობით და უმასპინძლებს ორ ქალაქს:
- რავენა (Ravenna) – Ravenna Art Gallery (დირექტორი ვერონიკა ლივერანი)
- ვენეცია (Venezia) – Venice Art Gallery (დირექტორი მონიკა იზაბელა ბონავენტურა)
(გამოფენის ძირითადი ნაწილი და გახსნა იგეგმება ქალაქ რავენაში).
მხატვრის შესახებ: დავით კაპანაძე (დაბადებული 1971 წელს ქუთაისში, ცნობილ ხელოვანთა ოჯახში) საერთაშორისო აღიარების მქონე ფერმწერი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, საქართველოს მხატვართა კავშირისა და UNESCO-ს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. მისი უნიკალური, ცოცხალი და ენერგიული ხელწერა კარგად არის ცნობილი ევროპაშიც. მისი ნამუშევრები პარიზის, ლონდონისა თუ მოსკოვის გამოფენების შემდეგ, დღეს მსოფლიოს უამრავ პრესტიჟულ კერძო კოლექციას ამშვენებს.
წყარო: La piccola perla del Caucaso

ასევე იხილეთ: ᲕᲔᲜᲔᲪᲘᲘᲡ ᲑᲘᲔᲜᲐᲚᲔ 2026 – ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ ᲓᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐ





















































