იტალია – ქალი, რომელიც ინტერნეტში “ბადანტეს ვაკანსიას” გამოეხმაურა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა პალაგონიაში, კატანიის პროვინციაში მოხდა.
44 წლის მარტოხელა დედა, წარმოშობით რუმინელი “ბადანტე”, ინტერნეტში, საკმაოდ ცნობილ პლატფორმაზე განცხადებას გამოეხმაურა. 60 წლის მამაკაცი, მოხუცისთვის, მომვლელს “ეძებდა”.
ქალი მამაკაცს შეხვედრაზე შეუთანხმდა და სახლში მივიდა, სამუშაო პირობების შესათანხმებლად და ასევე მოხუცის გასაცნობად, მაგრამ მალევე ცხადი გახდა, რომ არანაირი მოხუცი არ არსებობდა და მამაკაციც პირველივე წუთებიდან საკმაოდ უხერხულ კომენტარებს და კომპლიმენტებს აკეთებდა, ქალის და მისი გარეგნობის მიმართ.
როგორც კი ქალი მიხვდა, რომ მამაკაცის მიზანი მისი მომვლელად დასაქმება არ იყო და საფრთხე იგრძნო, გაქცევა სცადა, მაგრამ კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. აქედან დაიწყო ერთთვიანი ჯოჯოხეთი.
60 წლის მამაკაცმა ის დაატყვევა და 30 დღის განმავლობაში სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა. მამაკაცი სახლიდან ფაქტობრივად არ გადიოდა, მხოლოდ საკვების, სიგარეტის და ლუდი საყიდლად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გასვლისას, მას მობილური ტელეფონი სახლში დარჩა. ქალმა ისარგებლა მომენტით და მეგობრისთვის შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, სადაც ის დახმარებას და პოლიციაში დარეკვას ითხოვდა.
როდესაც კარაბინერები ადგილზე მივიდნენ, 60 წლის მამაკაცმა სცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ სახლში მყოფი ქალი, მისი პარტნიორი იყო, მაგრამ სასოწარკვეთილი ქალი, ფაქტობრივად ხელებში ჩაუვარდა სამართალდამცველებს… ის „მონსტრისგან“ გადარჩენას ითხოვდა. ქალი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა სახის დაზიანებები დაუდგინდა. 60 წლის მამაკაცი კი სექსუალური ძალადობისა და გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს და კალტაჯირონეს ციხეში გადაიყვანეს.
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲝᲠᲘ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲐ – ᲔᲠᲗᲘ ᲛᲐᲗᲒᲐᲜᲘ “ᲓᲔᲞᲝᲠᲢᲡ” ᲓᲐᲔᲥᲕᲔᲛᲓᲔᲑᲐᲠᲐ





















































