იტალია – გრადისკა დ’იზონცოში (გორიციას პროვინცია) მდებარე უკან მიგრანტთა დაბრუნების, ე.წ. “სადეპორტაციო” ცენტრი (Cpr) ისევ განხილვის საგანია მას შემდეგ, რაც მოძრაობა No Cpr-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მიგრანტის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევაა ასახული. კადრებმა საზოგადოებრივი აღშფოთება და ოპოზიციის მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ვიდეოში ჩანს მხოლოდ შარვლით მყოფი მამაკაცი, რომელსაც სპეცტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცველები ძალით გადააადგილებენ. მოგვიანებით, იგივე პიროვნება სისხლიანი სახით არის დაფიქსირებული. მოძრაობა No Cpr ამტკიცებს, რომ პირი სამართალდამცველებმა სცემეს და ვიდეო ძალის გადამეტების პირდაპირ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს.
პოლიციის ვერსია
გორიციას პრეფექტურა ფაქტს სხვაგვარად განმარტავს. მათ მტკიცებით, ინციდენტი 5 ივნისს მოხდა ცენტრში დაწყებული არეულობის ფონზე, რასაც თან ახლდა ხანძარი, ნივთების სროლა და ორგანიზებული პროტესტი. პოლიციისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი მოქმედების შედეგად, ცენტრში წესრიგი აღდგა.
უწყება ხაზგასმით აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ მომხდარა. დაზარალებულს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, თავში აღენიშნება 2 სანტიმეტრიანი ზედაპირული ჭრილობა, რომელიც, როგორც თავად განმარტა, შემთხვევით, დაცემის შედეგად მიიღო.
„არ არსებობს რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება ცემის შესახებ,“ — ნათქვამია გორიციას პრეფექტურის ოფიციალურ განცხადებაში.
ოპოზიციის შეფასება
მომხდარს მძაფრი რეაქცია მოჰყვა ოპოზიციაში. პარტია AVS-ის წევრმა ანჯელო ბონელიმ კადრები „მიუღებლად“ შეაფასა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და ხაზი გაუსვა, რომ მსგავს ცენტრებში მყოფი პირები, ხშირ შემთხვევაში, არც ერთ დანაშაულში არ არიან ბრალდებული.
დებორა სერაკიანი, დემოკრატიული პარტიის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, ინციდენტს „ძალიან სერიოზულს“ უწოდებს და ცენტრის დახურვის ინიციატივით გამოდის. მისი შეფასებით, იქ არსებული პირობები უკიდურესად მძიმეა.
გრადისკას ყოფილი მერი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ლინდა ტომაზინსიგი, აღნიშნავს, რომ ცენტრში „უიმედობისა და ძალადობის ყოველდღიური ატმოსფერო“ სუფევს. მისი თქმით, ხშირია პროტესტი, ნივთების დაზიანება და თვითდაზიანების შემთხვევები.
ჯანფრანკო შიავონე, იტალიური სოლიდარობის კონსორციუმის (ICS) პრეზიდენტი, აცხადებს, რომ არსებული ვითარება მოულოდნელი არ არის. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთმა ანგარიშმა უკვე გამოავლინა ამ ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები.
ასევე დაგაინტერესებთ: გაფრთხილება საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტებს





















































