ქართული კულტურა იტალიაში – “ქართული ცეკვა ეს არის ელეგანტურობისა და სიძლიერის ნაზავი, საქართველოს უძველესი ისტორიისა და დიადი ბუნების წიაღის პირმშო; ტრადიციული სამოსი კი, ულამაზესი სიმბოლოკით და ფორმებით, ქართული კულტურის სიღრმესა და განსაკუთრებულობაზე დაგვაფიქრებს, პირველივე შეხებისას.”

ამ სიტყვებით წარადგინა ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებული ანსამბლი “ნანილა” იტალიელი და სხვა უცხოელი აუდიტორიის წინაშე 29 მაისს ფლორენციაში, ფესტივალ “Sale”-ზე, ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედია ERMES TV-ის დამფუძნებელმა და ემიგრანტმა ჟურნალისტმა ნინა მამუკაძემ.

“ნანილა”, რომელიც 12 წელზე მეტია, დასავლეთ ევროპის ეპარქიის ეპისკოპოს აბრაამ გარმელიას ლოცვა-კურთხევით და ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის დიდი ძალისხმევით, სამშობლოდან ათასობით კილომეტრზე წერს ისტორიას და ულამაზეს ფერებში ხატავს საქართველოსა და იტალიას შორის გადებულ ხიდს, ქორეოგრაფ რიტა სიმსივესა და მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელ მაია სიმონიშვილის თაოსნობით.

ფესტივალი ფლორენციელი ცნობილი შეფის, ფაბიო პიკის სახელს ატარებს და მისი შვილის ჯულიო პიკისა და იტალიაში სენეგალის წაემომადგენლის ნდიე დიაიეს ორგანიზებითა და ფლორენციის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის წლევანდელი თემა გახლდათ „საკვები“, რომელიც შინაარსით სცილდება მხოლოდ ფიზიკურ საზრდოს; ის მოიაზრებს სულისა და გონების გაღრმავებას, კულტურული გამოცდილების გაზიარებას, სადაც სიტყვა, მუსიკა, თეატრი და ხელოვნება სხეულისა და სულის ერთიან საყრდენად იქცევა.
და სწორედ ამ თემის ფარგლებში, შეკრებილ საზოგადოებას, შესაძლებლობა ჰქონდა, შეფ ზოია სადუნიშვილის მიერ მომზადებული ქართული კერძებიც დაეგემოვნებინა.
ქართული სული იტალიას კიდევ ერთხელ შეეხო — „ნანილამ“ თეატრ SALE -ს სცენაზე სამშობლოს გულისცემა გააჟღერა.
ამ წარმოდგენამ არა მხოლოდ ქართული ტრადიციების ელეგანტურობა და სიძლიერე წარმოაჩინა, არამედ კულტურათა დიალოგის ხიდად იქცა.

Tag: ქართული კულტურა იტალიაში
ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკაში ქართული ასომთავრული დამწერლობა “გაცოცხლდა”





















































