ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისრაელის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA.
სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000 მდე მოქალაქემ დატოვა.
წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო





















































