გიორგი ფოცხიშვილი – ბალეტის ქართველი ვარსკვლავი მილანის სცენაზე!
2025 წელიც არაა გამონაკლისი და საოცარი გალა კონცერტებით იწყება მილანის არჩიმბოლდის თეატრის სეზონი. რობერტო ბოლე, ცეკვის დიდი მაგიით, მილანს უბრუნდება ცნობილი გალათი – “რობერტო ბოლე და მეგობრები”.
მსოფლიო დონის მოცეკვავეს, როგორც ყოველთვის, საბალეტო სცენის ვარსკვლავები, მსოფლიო სცენების ფანტასტიკური არტისტები სტუმრობენ შოუში და ყოველ ჯერზე დაუვიწყარ დღესასწაულს ჩუქნიან, კლასიკური ცეკვის მოყვარულებს.
მაგრამ წელს, გამორჩეულად საინტერესო და ლამაზი იქნება გალა, რადგან სცენას, ქართველი ბალერონი, გიორგი ფოცხიშვილიც დაამშვენებს!
მე თუ მკითხავთ, ის, რომ ქართველი მოცეკვავე მის საღამოებში მიიღებს მონაწილეობას, რობერტო ბოლესთვის დიდი დაფასებაა, დიახ! და არც ვაჭარბებ! გამაოგნებელი მოცეკვავეა! რა ემოცია, აღნაგობა, პლასტიკა, ტექნიკა, ხასიათი! ფრენა სცენაზე! უნივერსალური ვარსკვლავი გვყავს კლასიკური ბალეტის და ქართული ხალხური ცეკვის დროსაც უნდა ნახოთ რა ჯადოქრობებს აკეთებს სცენასა თუ ჰაერში.
• გიორგი ფოცხიშვილი, ფოცხიშვილების ქართული ხალხური ცეკვის დინასტიის წარმომადგენელია.
ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. 12 წლის ასაკში, პროფესიით ბალერინა დედამ, შესთავაზა ბალეტში ეცადა ძალა და 13 წლისამ, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო-სახელოვნებო სკოლაში ჩააბარა, სადაც ექვსი წელი სწავლობდა. საბალეტო სკოლის გამოსაშვები საღამოს მზადებისას, სოციალურ ქსელში, დარბაზში ცეკვის ვიდეო ატვირთა და… ამის მერე, ჯადოსნური ჯაჭვივით აეწყო ყველაფერი.
დიდი დაინტერესება გამოიწვია მისმა დახვეწილმა სხეულმა, ცეკვამ და.. მიწვევა იტალიიდან, ბერლუსკონის სახელობის კონკურსიდან მიიღო. დიახ, კონკურსი მილანში გაიმართა. გიორგიმ საოცრად იცეკვა, გაიმარჯვა და ბერლუსკონის საპატიო პრიზიც მიიღო. სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, თბილისში ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა ელენე გლურჯიძე ჩამოვიდა. ქართველი ბალერონები მისივე დაფინანსებით საზაფხულო სკოლაში დაპატიჟა მასტერკლასებზე, რაც დიდი შანსი იყო კარიერული წინსვლისთვის. გიორგი 2020 წელს, ნიდერლანდების ნაციონალურ თეატრის ახალგაზრდულ დასს შეუერთდა. ჰოლანდიის ნაციონალურმა ბალეტმა შესთავაზა კონტრაქტი. საოცარი პარტიები იცეკვა. სეზონის კულმინაცია კი დიდი კლასიკური ბალეტი „რაიმონდა“ გახდა, რომელშიც წამყვანი პარტია შეასრულა.
რამდენიმე მთავარი პარტიის შესრულების შემდეგ გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტი გახდა, მალევე უკვე ~ მთავარი სოლისტი! მახსოვს რა სიხარული და საოცარი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს და მის გულწრფელ ემოციას განსაკუთრებით საქართველოში, ხელოვნების მოყვარულთა შორის. უნივერსიტეტიც დაამთავრა და ბაკალავრის დიპლომიც აიღო.
2023 წლის სექტემბერში გიორგი ფოცხიშვილი ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი გახდა ~ ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის მთავარი და გამორჩეული სოლისტის სახელობის ჯილდოსი, რომელიც გამორჩეულ და იმედის მომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს გადაეცემათ. ახალგაზრდა ქართველი ბალერონის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 2023 წელს შედგა, თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალზე, სპექტაკლში “დონ-კიხოტი” ნინო სამადაშვილთან პარტნიორობით.
აი, ასეთი მსოფლიო დონის განძი გვყვავს ქართველებს და 23-26 იანვრის დღეებში, გიორგის საოცარი ცეკვით უკვე სრულიად მილანი, იტალია დატკბება ბოლესა და მისი მეგობრების დაუვიწყარ, ტრადიციად ქცეულ საღამოებზე. კონცერტები რომ მართლაც დაუვიწყარია, დამეჯერება ბოლეს დიდ თაყვანისმცემელს. აქვე მცირედი ემოცია მინდა გაზიაროთ მისი გასული წლების ერთ-ერთი კონცერტის ფინალიდან.
უკვე გალას მოახლოებისას იმიტომ ვწერ ამ ინფორმაციას, რომ გული არ დაგწყვეტოდათ, რადგან ბილეთები, როგორც კი დაიდო, მაშინვე გაიყიდა.
თანაც, საიუბილეო წელია ამ საოცარი მოცეკვავისა და პიროვნების, რობერტო ბოლესი, რომელიც მისი გალაკონცერტებით, ყველანაირად უწყობს ხელს სცენის ახალგაზრდა ვარსკვლავებს წინსვლასა და განვითარებაში.
ავტორი: Milano -ინგას მილანი-
ასევე დაგაინტერესებთ: ლიზა ავსაჯანიშვილი – პირველი ქართველი ბერლინის საბალეტო დასში და წარმატება მსოფლიო საბალეტო თეატრებში





















































