გერმანია მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მინიჭების შეწყვეტას აპირებს?! — ცვლილებები კანონში უკვე მზადაა!
Tag: გერმანიის მოქალაქეობა
გერმანიაში მოქალაქეობის მიღება, მომავალში უფრო გრძელი პროცედურა გახდება. 28 მაისს ქვეყნის მთავრობას წარედგინება კანონპროექტი, რომელიც გააუქმებს იმ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც უცხოელებს გერმანიის პასპორტის მიღება მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეეძლოთ.
კანონპროექტის ინიციატორია ქვეყნის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი. მისი თქმით, სამი წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უცხოელი სრულად ინტეგრირდეს გერმანულ საზოგადოებაში.
„მოქალაქეობა უნდა იყოს ინტეგრაციის პროცესის დასასრული და არა დასაწყისი,“ – განაცხადა მინისტრმა ინტერვიუში, რომელიც გერმანულ გამოცემა Bild-ში 27 მაისს გამოქვეყნდა. დობრინდტმა აღნიშნა, რომ „სწრაფი ნატურალიზაცია“ იყო შეცდომა და მისი გაუქმება უკვე დაგეგმილია.
ახალი რეგულაცია გააუქმებს 2024 წლის ივნისში ამოქმედებულ წესს, რომელიც განსაკუთრებით წარმატებული ინტეგრაციის შემთხვევებში უცხოელს გერმანიის მოქალაქეობა რომ მიეღო, 3 წელი იყო საკმარისი. ეს წესი მიღებული იყო წინა მთავრობის — ე.წ. „შუქნიშნების კოალიციის“ (სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალები) — მიერ.
დობრინდტის შეფასებით, მოქმედმა წესებმა ხელი შეუწყო არალეგალურ მიგრაციას. „დაჩქარებულმა ნატურალიზაციამ შექმნა ცრუ სტიმულები მიგრანტებისთვის. ჩვენ ამ მიმზიდველ ფაქტორებს ვაუქმებთ,“ – დასძინა მინისტრმა.
კანონპროექტი კოალიციურ შეთანხმებაშია გაწერილი ქრისტიან-დემოკრატებს (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატებს (SPD) შორის. კანონმდებლობაში ცვლილება უკვე მომზადებულია, თუმცა მისი ძალაში შესვლა დამოკიდებული იქნება ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის გადაწყვეტილებაზე. წინა შემთხვევაში ამ პროცესს დაახლოებით 10 თვე დასჭირდა.
Tag: გერმანიის მოქალაქეობა
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიის მოქალაქეობა – შესაძლოა, მოლოდინის ათწლიანი ვადა, ხუთ წლამდე შემცირდეს





















































