ევროკავშირში შესვლის წესები იცვლება – ზუსტი თარიღი ცნობილია!
ევროკომისიამ დაადგინა, რომ ევროკავშირის საზღვრის კვეთის ახალი სისტემა Entry/Exit System (EES), 2025 წლის 12 ოქტომბერს ამოქმედდება, ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში დაინერგება და სრულად ამოქმედდება 2026 წლის 10 აპრილს.
რა არის EES და რისთვის გამოიყენება?
EES წარმოადგენს ციფრულ სისტემას, რომელიც შენგენის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების (ე.წ. third-country nationals) საზღვრის გადაკვეთის პროცესს გააკონტროლებს და აღრიცხავს. ის შეცვლის პასპორტში ფიზიკური ბეჭდის ჩარტყმის პრაქტიკას და მონაცემებს ციფრულ ფორმატში შეინახავს.
სისტემა მოიცავს:
- ბიომეტრიული მონაცემების (სახის ფოტო, თითის ანაბეჭდები) აღებას;
- შემოსვლისა და გასვლის თარიღების ავტომატურ აღრიცხვას;
- 90-დღიანი დარჩენის წესის მონიტორინგს.
ვის შეეხება ცვლილება?
EES შეეხება შენგენისა ზონისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მოკლევადიანი ვიზიტით (ტურიზმი, ბიზნესი და სხვა) მიემგზავრებიან ევროკავშირში.
პირველად რეგისტრაციისას პროცესი შესაძლოა ხანგრძლივი იყოს, თუმცა განმეორებითი ვიზიტებისას, მხოლოდ გადამოწმება იქნება საჭირო.
რა იგეგმება შემდეგ?
EES-ის შემდეგ, 2026 წლის ბოლოს, ETIAS (European Travel Information and Authorisation System) ამოქმედდება. ის სავალდებულო იქნება და გულისხმობს ონლაინ განაცხადის შევსებას, ავტორიზაციის მიღებასა და მცირე გადასახადს (დაახლოებით €20).
ასევე დაგაინტერესებთ: უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა – პასუხი ყველა კითხვაზე






















































