დღევანდელი ინფორმაციით, ესპანეთიდან იტალიაში ვინც მოემგზავრება, საპასპორტო კონტროლის გავლა უწევს.
როგორც იცით, მელონიმ ესპანეთს, შენგენით გათვალისწინებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდა, დროებით.
“პასპორტ კონტროლი მოქმედებს ესპანეთიდან იტალიაში შემოსვლაზე. ყველა მგზავრი ცალკე სივრცეში გავდიოდით და სასაზღვრო პოლიცია ყველას სათითაოდ გვიმოწმებდა საბუთებს. განსხვავება ის იყო, რომ ამას აკეთებდნენ ვიზუალურად, კომპიუტერის გარეშე(ისე როგორც თბილისიდან ჩამოსვლის დროსაა).
არაევროკავშირელს, თუ პერმესო (ბინადრობის ნებართვა) არ ექნა თან, დიდი ალბათობით კომპიუტერულ შემოწმებაზე გადაიყვანენ. ასეთი ამბავია,” – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ქართველი მგზავრი, რომელმაც დღეს დილით იფრინა მადრიდიდან მილანის მიმართულებით.
ესპანეთი იტალიას მიმართავს: გააუქმეთ ესპანეთთან დაწესებული სასაზღვრო კონტროლი!
ესპანეთის მთავრობამ იტალიას ოფიციალური დიპლომატიური ნოტით მიმართა და მოითხოვა, შეწყვიტოს ესპანეთთან შიდა, შენგენის საზღვარზე დაწესებული დროებითი კონტროლი.
მადრიდი მიიჩნევს, რომ იტალიის გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ეწინააღმდეგება შენგენის სივრცეში თავისუფალი გადაადგილების პრინციპს. ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, რომელიც მსგავსი შეზღუდვების დაწესებას გაამართლებდა.
თავის მხრივ, იტალია განმარტავს, რომ კონტროლი დროებითი ღონისძიებაა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის ფონზე იქნა შემოღებული. რომის პოზიციით, შენგენის წესები წევრ სახელმწიფოებს განსაკუთრებულ შემთხვევებში დროებითი სასაზღვრო კონტროლის აღდგენის უფლებას აძლევს.
სწორედ სეუტაში არალეგალი მიგრანტების მასობრივი შესვლის შემდეგ იტალიამ ესპანეთიდან ჩამომსვლელ მგზავრებზე დამატებითი კონტროლი დააწესა, რასაც მადრიდის მწვავე პროტესტი მოჰყვა.
დიპლომატიური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის მიგრაციული პოლიტიკის საკითხზე გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, შეცვლის თუ არა იტალია გადაწყვეტილებას, თუმცა ესპანეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ სასაზღვრო კონტროლი რაც შეიძლება მალე გაუქმდეს.





















































