„ერთმანეთის გარეშე“- ქართულ-იტალიური და დიასპორული მედია “ERMES TV – ერმესი მედია” გთავაზობთ „სფიჩ მედია“-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ბავშვებზე შრომითი მიგრაციის გავლენას ასახავს.
25 თებერვალს გაიმართა დიასპორული პლატფორმა „სფიჩ მედიას“ მიერ სოციალურ თემაზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის – „ერთმანეთის გარეშე“ ონლაინ პრემიერა. ფილმი ეხება საქართველოში შრომითი მიგრაციის ერთ-ერთ მტკივნეულ და ნაკლებად შესწავლილ ასპექტს: მიგრანტი მშობლების საქართველოში დარჩენილი შვილების ემოციურ და სოციალურ მდგომარეობას.
საქართველოში მიგრაცია მასშტაბური მოვლენაა, თუმცა მისი გავლენა ბავშვებზე დღემდე სათანადოდ გააზრებული არ არის. მიგრანტი მშობლების შვილები, რომლებიც საქართველოში რჩებიან, ხშირად„უხილავები“ არიან. სწორედ ამ საკითხის შესასწავლად, 2025 წელს საერთაშორისო ასოციაცია „Civitas Georgica”-ს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ჩაატარა ეროვნული კვლევა. ახალი დოკუმენტური ფილმი სწორედ ამ კვლევას ეყრდნობა და მისი მიზანი თემის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ემიგრანტი მშობლების შვილების ხილვადობის გაზრდაა. ფილმი ემიგრანტი მშობლების შვილებზე გავლენის მქონე ყველა გმირს აერთიანებს და მრავალმხრივად წარმოაჩენს სოციალურ, ემოციურ და საგანმანათლებლო ასპექტებს, რაც თემის სიღრმისეულ გააზრებას უწყობს ხელს.
ფილმში ასახულია ამერიკაში მცხოვრები მიგრანტი დედის ყოველდღიური ძალისხმევა შვილების დისტანციურად აღზრდისთვის. აქცენტი კეთდება საქართველოში დარჩენილ ბავშვებზე, მათ მარტოობაზე, ემოციურ გაუცხოებასა და მშობლის სითბოს მუდმივ დეფიციტზე.
„ერთმანეთის გარეშე“ წარმოადგენს სოციალურ-დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც იკვლევს უცხოეთში მცხოვრები დედებისა და საქართველოში დარჩენილი შვილების გამოცდილებას მრავალმხრივი მიმართულებით. ფილმი აერთიანებს პირად ისტორიებსა და პროფესიულ შეფასებებს – ექსპერტის, ფსიქოლოგის, სკოლის დირექტორის, აღმზრდელის და თავად მიგრანტი მშობლის ხედვებს, რაც პრობლემის მასშტაბურობას სრულად წარმოაჩენს და არის ერთგვარი გზამკვლევი“ – აღნიშნავს პლატფორმა „სფიჩის“ დამფუძნებელი, სოფო ჯაჯანაშვილი.
ასევე იხილეთ: ᲒᲔᲚᲐ ᲤᲝᲪᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲓᲐ RNB ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ – ᲜᲘᲜᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐᲫᲘᲡ ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲒᲐᲓᲐᲪᲔᲛᲐᲨᲘ LA PIAZZA





















































