ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედია “ერმესი მედია – ERMES TV” იწყებს ახალ რუბრიკას “გზაჯვარედინი” რომელსაც ჟურნალისტი მზეკო ჟვანია წარუძღვება. ეს იქნება ინტერვიუების ციკლი ემიგრანტებთან და ასევე ყოფილ ემიგრანტებთან, ადამიანებთან, რომელთა ცხოვრებაც გარკვეულწილად ემიგრაციას უკავშირდება.
ამ სამყაროში, არც ერთი ადამიანი იბადება ნიჭის გარეშე. ზოგი წერაში ავლენს ნიჭს, ზოგი მუსიკაში, ზოგი ხატვაში, ზოგი ცეკვასა, თუ სპორტში და ა.შ. უნიჭო არავინაა, მხოლოდ ინდივიდუალურია მისი გამოვლენა. ხშირ შემთხვევაში, ნიჭი ადამიანში თავს დიდი ტკივილის შემდეგ იჩენს ხოლმე. ამის, ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ხელოვანი ემიგრანტი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სულიერი ტრავმების ფონზე აღმოაჩინა.
იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ხელოვანი ემიგრანტი, მანჩო პატაშური ERMES TV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს საკუთარი ცხოვრების, ყველაზე მძიმე პერიოდს და საუბრობს, იმ, სულიერი ხსნის შესახებ, რაც ხატვის საშუალებით შესძლო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მონასტერში ნახევარწლიანი ცხოვრებიდან შინ დაბრუნებულმა, დაუგეგმავად ხატვა დაიწყო და შედეგით თავადაც გაოცებული დარჩა. მისი ემიგრანტული და შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ, ჩვენი რესპონდენტი თავად ისაუბრებს:
– მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმდენად დიდი სტრესი მქონდა, ექვსი თვე მონასტერში ვიყავი. ერთი წლის განმავლობაში, იმ სახლში ვერ შევდიოდი, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით. როცა დასალაგებლად მივდიოდი, მახსენდებოდა ყველა დეტალი და თავზარი მეცემოდა, რომ ერთ წამში დასრულდა ყველაფერი. ერთ საღამოს, დავჯექი და პატარა რაღაც დავხატე. ბუნებით მორცხვი და მორიდებული ვარ, თვითდაჯერება მაკლია, ვფიქრობდი, რომ ჩემგან მხატვარი არ დადგებოდა და ვერ მოვახდენდი საკუთარი თავის და ჩემი ნამუშევრების რეალიზებას. რომ დავხატე, რაღაცამ გამახარა, მეორეს დახატვაც მომინდა. არ ვიცი რა ხდებოდა, ალბათ ღმერთს უნდოდა ჩემი გადარჩენა, თორემ, აბა საიდან მოდიოდა ეს მუზა. როცა საკუთარ ნახატს ვუყურებდი, მიკვირდა, რა როგორ გამომდიოდა. ორი კვირის განმავლობაში, ლოგინში ვერ ვწვებოდი, ასე, ისტერიულად ვხატავდი და ღმერთს ვთხოვ, რომ ეს სინათლე არ ჩააქროს ჩემს სულში.

– რა უძღოდა წინ, ემიგრაციაში თქვენს წამოსვლას?!
– ემიგრაციაში წამოსვლა ჩემი დის პრობლემების გამო გადავწყვიტე. მინდოდა რამით მაინც დავხმარებოდი მას და უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე მარტო არ დამეტოვებინა. უკვე სამი წელია, რაც ემიგრანტი ვარ. იმ პერიოდში ჩემი და ფლორენციაში იმყოფებოდა, თუმცა, ჩემი ჩამოსვლიდან ერთ წელიწადში, ვაიძულე საქართველოში, ოჯახში დარუნებულიყო და მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, მაინც დავითანხმე, რომ მისი პრობლემის მოგვარებაში მე დავხმარებოდი. ვაღიარებ, ძალიან მჭირს საქართველოს გარეშე ყოფნა.
– ისევ შემოქმედებით მხარეს, რომ დავუბრუნდეთ… როგორც თქვით, პირველივე ნახატის დასრულებისთანავე აივსეთ სიხარულით. გამოდის, იმ პერიოდში შვებას გგვრიდათ ხატვა…
– მიხაროდა და იმიტომ ვხატავდი, სიხარულმა გამაგიჟა. მომენტალურად მავიწყდებოდა, რატომ ვერ ვეკარებოდი იმ ოთახს, სადაც მთელი წლის განმავლობაში არ მიცხოვრია. ახლა სულიერად მეტად ძლიერი ვარ, უკვე დავთრგუნე ეს შიში, ცხოვრებასაც სხვანაირად შევხედე და საქართველოში რომ დავბრუნდები, მინდა იმ ოთახში დავიძინო. გამუდმებით ვხატავდი, მართლაც, ეს დაგროვილი ემოცია გადმოიღვარა და გადმოიღვენთა. შემდეგ „კოვიდის“ პერიოდი დაემთხვა, არ მქონდა ფუნჯები, საღებავები და რაც შემხვდებოდა ყველაფრით ვხატავდი, სანთლითაც კი დავხატე. ამ პერიოდმა გამომაცოცხლა და ცხოვრების სურვილი დამიბრუნდა.
– ემიგრაციაში, თუ მოახერხეთ შემოქმედებითი განვითარება, ან, ამ მიმართულებით, რაიმე სახის იდეის განხორციელება?!
– ჩემთან სალონში, თანამშრომელი გოგოს მეუღლეს, სარეკლამო სააგენტო აქვს. გაჩნდა იდეა, რომ გვეცადა ჩემი ნახატების ჩანთებზე გადატანა. იმის დრო და შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ჩანთები თავად შემეკერა, ამიტომ, ინტერნეტიდან გამოვწერე ტილოს ჩანთები და რამდენიმე ნახატები გადავიტანეთ. საოცარი მოლოდინი მქონდა, მაინტერესებდა, როგორი გამოვიდოდა, რეალიზება არც მიცდია, არ გამომდის ეს საქმე, ამიტომ, ყველა გავაჩუქე. ამას წინათ, ამხანაგმა ყავაზე დამპატიჟა, რომ მივედი და შევხედე, ვნახე, ჩემი ჩანთა ეჭირა, ბავშვივით გამიხარდა. ჩემთვის ეს ყველაფერია. ახლა, უკვე, დიდი სურვილი მაქვს ჭიქებზე და მაისურებზე გადავიტანო ჩემი ნამუშევრები, ვნახოთ, როგორ შევძლებ ამ სურვილის და იდეის განხორციელებას.
– თქვენი ნამუშევრებით აღფრთოვანებული დავრჩი, თუ გქონიათ სურვილი, ან შესაძლებლობა, რომ პერსონალური გამოფენა მოგეწყოთ?!
– უფლის წყალობით, საქართველოდან ბევრი მოწვევა მაქვს. საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებისთვის ნახატების მიტანა მთხოვეს, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან, არ მინდა სხვამ მიიტანოს ჩემი ნამუშევრები. მე უნდა მივიდე ჩემი ნახატებით, მე უნდა შევიგრძნო ეს პროცესი და შევთანხმდით, რომ საქართველოში დაბრუნებიის შემდეგ, აუცილებლად დავთანხმდები ყველა შემოთავაზებას და მივიღებ მონაწილეობას გამოფენებზე. სწორედ, ამ იმედით ვარსებობ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბევრ რამეს გავაკეთებ. ამჟამად ჩემი მთავარი მზანია, ყველა ფინანსური პრობლემა მოვაგვარო, ახლა, ამაზე ვარ გადართული.
– ასევე, სტილისტი ბრძანდებით და ბარიში ერთ-ერთ სალონშიც მუშაობთ…

– სტილისტობას რაც შეხება, ბავშვობიდან, სულ მიტაცებდა ეს სფერი, თუმცა, მოსკოვში მომეცა შანსი, რომ ვაჟა ხითარიანთან გამევლო კურსები. 23 წლიანი გამოცდილებით, როგორც კი იტალიაში ჩამოვედი, სალონები მოვიძიე, რომ მუშაობა დამეწყო, ერთ-ერთ სალონში ამიყვანეს. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მატულობდა მოთხოვნა და მომხმარებლები. მეც ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო, თავი მაქსიმალურად დავიტვირთო, რომ ჩემს ტკივილზე ნაკლები ვიფიქრო. ენობრივი ბარიერი ჯერჯერობით ისევ მაქვს. მცირე კურსი გავიარე, რომ საჭირო და ძირითადი სიტყვები და წინადადებები მესწავლა.
-ახერხებთ, რომ ერთმანეთს შეუთავსოთ ემიგრაცია და შემოქმედებითი ცხოვრება?!
-ამას ცხოვრება არ ჰქვია… იმდენად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, რომ ვერ ვახერხებ ხატვას. გარდა ამისა, არც პირობები მაქვს იმისი, რომ შევძლო შემოქმედებითად დავიხარჯო. თუ, მე ჩემს სამყაროში არ გადავეშვი და არ შევიქმენი განწყობა, ისე ვერ შევძლებ. ისე, რომ ფანქარი ავიღო და სადაც მუზა მომივა მანდ დავხატო, ამ დონის მხატვარი არ ვარ. ძალიან რთულია ემიგრაციაში ერთმანეთს შეუთავსო სამსახურ და შემოქმედებითი ცხოვრება. თუ, დრო მაქვს, ვარჩევ ხოლმე, რომ იტალიური ვიმეცადინო, რადგან ამ ეტაპზე, ჩემთვის, ენის ცოდნის დიდი საჭიროება დგას.
– ახლო მომავალში, თუ, აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?!
– ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ, აუცილებლად მინდა საქართველოში დავბრუნდე. ახლა დოკუმენტებს ვაგვარებ, თუ საბუთი მომცეს, შესაძლებელია, სექტემბერში ერთი თვით ჩავიდე, თუმცა, უახლოესი ერთი წლის მანძილზე საბოლოო დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. რასაკვირველია, როცა დავბრუნდები, მეტ დროს დავუთმობ ხატვას და ვეცდები შემოქმედებითად, მეტად განვვითარდე. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სალონი გავხსნა, რომ ჩემს ქვეყანაში დამოუკიდებელი ცხოვრება შევძლო და საკუთარი საქმეც მქონდეს.
– რედაქციის გადაწყვეტილებით, ყოველი რესპონდენტი შემდეგ რესპონდენტს უტოვებს შეკითხვას. რა იქნება თქვენი შეკითხვა?!
– ჰკითხეთ, რა ფერისაა ბედნიერება?!
ასევე დაგაინტერესებთ: “ქართული აკადემია ევროპაში” ემიგრანტებისთვის – მიმდინარეობს რეგისტრაცია | სრულად ემიგრანტებზე ორიენტირებული უპრეცენდენტო პროექტი






















































