საბა გოგლიჩიძე – ERMES TV აგრძელებს იტალიურ კლუბებში მოთამაშე ქართველების მატჩებზე აკრედიტაციით დასწრებას და თქვენთვის ამბების პირველ პირში თხრობას. ამჯერად, 8 თებერვალს ემპოლი-მილანის მატჩის შესახებ გიყვებით…
ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ საკუთარ, კომპუტერ გროს არენას მოედანზე, 8 თებერვალს, მილანს უმასპინძლა.
პირველ ტაიმში „ემპოლიმ“ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მათ შორის გამორჩეული ლორენცო კოლომბო იყო. ამის ფონზე, მილანი თავდასხმის მხრივ სუსტად გამოიყურებოდა. მატჩის 55-ე წუთზე მოვლენები საინტერესოდ განვითარდა, როდესაც მილანის მცველმა ფიკაიო ტომორიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. 10 წუთში ემპოლიც 10 მოთამაშით დარჩა, როდესაც ლუკა მარიანუჩიმ წითელი ბარათი მიიღო, მილანის ფორვარდთან სანტიაგო ხიმენესთან “ბრძოლაში”.
ამის შემდეგ მილანმა მოახერხა მოწინააღმდეგის გატეხვა და 68-ე წუთზე რაფაელ ლეაომ გახსნა ანგარიში. 76-ე წუთზე კი, სანტიაგო ხიმენესმა მატჩის მეორე გოლი გაიტანა.
მატჩი 2:0, მილანის გამარჯვებით დასრულდა.
მილანმა ამ გამარჯვებით 38 ქულით სერია ა-ს ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო ემპოლი 21 ქულით 17-ე პოზიციაზე გადავიდა.
მილანისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან “როსონერი” კვლავ განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის. ემპოლიმ, თავის მხრივ, ამ თამაშით ვერ შეძლო პოზიციის გაუმჯობესება და ახლა უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო, რათა გუნდი სარისკო ზონაში არ გადავიდეს და სერია ბ-ში გადასვლის კანდიდატი არ იყოს.
რაც შეეხება ემპოლის ქართველ მცველს, მან 27-ე წუთზე ტრამვირებული ვიტი შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საბას საუკეთესო მატჩი არ იყო, თუმცა, ის კვლავ აგრძელებს საკუთარ თავზე მუშაობას და განვითრებას. მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, რამდენიმე იტალიური კლუბი გახლდათ დაინტერესებული. ბოლოს საუბარი რომაზე იყო, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ საბა სეზონის ბოლომდე ემპოლიში დარჩება. ტექნიკური უნარები, დაცვისა და შეტევის სიჩქარე, ასევე მაღალი ინტელექტუალური გამჭრიახობა მისი სწრაფად წინსვლის წინაპირობა გახდა და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მისით იტალიური ჩემპიონატის გრანდები ინტერესდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: ნინა, იქნებ ეს წერილი კვარას ყურამდე მივიდეს!? – “ნაპოლის” გულშემატკივარი კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიშს უხდის და სიყვარულს უგზავნის






















































