ემიგრაციაში ნაპოვნი მეგობრები – გადარჩენის სხვა სახე
Tag: ემიგრანტის წერილი
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა მაჭარაშვილი, წერილს აქვეყნებს, სადაც ეხება თემას, რომელიც ბევრი ემიგრანტისთვის ძალიან ნაცნობი, ახლობელი და ემოციური იქნება, ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ…
ხათუნა მაჭარაშვილი: “ემიგრაციაში ნაპოვნი მეგობარი, ეს არ არის უბრალოდ ადამიანი ვინც შენს გვერდითაა. ისინი ჩვენი გადარჩენისთვის მოვლენილნი არიან, რომლებსაც თითქოს ღმერთი აგზავნის, ჩუმად, უხმაუროდ…
ეს ადამიანები არ მოდიან შენი ბავშვობიდან, მათ არ უნახავთ შენი ეზო, არ იციან შენი ქუჩის სახელწოდება, არც ის, ვინ იყო შენი პირველი მასწავლებელი, მაგრამ ისე გიგებენ, როგორც იმ სოფლის მეზობელი, ვინც ბავშვობიდან გიცნობს.
ისინი ხდებიან შენი დროებითი ოჯახი, სახლის გარეშე, გილამაზებენ დღესასწაულებს, გიყურებენ თვალებში, გამხნევებენ როცა იმედს უიმედობა ცვლის და ხშირად გეუბნებიან ყველაზე მყარ სიტყვას — „შენ მარტო არ ხარ.“
ამ მეგობრობას არ გააჩნია წარსულის სურათები, მაგრან მას გააჩნია მომავლის გადარჩენილი დღეები. ისინი პირველები მოდიან, როცა სიჩუმეში ვიკარგებით.. ისინი ჩვენთან ერთად იყოფენ საწოლსაც და ხანდახან სიჩუმესაც, გრძნობენ ჩვენს ტკივილს ისე, რომ კითხვას არ დასვამენ: „რა გჭირს?“
მართალია, ბოლოს შეიძლება ცხოვრებამ დაგვაშოროს… შეიძლება სხვაგან გადასახლდნენ, სხვაგან გადაისროლოს ბედმა, მაგრამ ის ფინჯანი ჩაი, სიცილით გადაფარული ტკივილი, ეგ არასოდეს წაიშლება…
ემიგრაციაში ნაპოვნი მეგობრები ერთხელ მოდიან… და არასოდეს მიდიან… ისინი ხდებიან შენი სული სხვის მიწაზე, სადაც პირველად იგრძენი, რომ აღარ ხარ მარტო.
მიყვარხართ ჩემო მეგობრებო…” – წერს ხათუნა მაჭარაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: ბარბარე სახვაძე – 12 წლის ტანმოვარჯიშე, მილანში “მსოფლიო თასზე”, ქართული სამოსითა და ცეკვით წარსდგა





















































