ქართველები იტალიაში – ეთო გოგოლაძე თვითნასწავლი ემიგრანტი მხატვარია, რომლის შემოქმედებამაც დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა საბერძნეთში. ამჟამად, ის იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობს. ქალბატონმა ეთომ საბერძნეთში წარმატებით მიიღო მონაწილეობა არაერთ გამოფენაში. მისი ნამუშევრები დაიბეჭდა ჟურნალ “ელადაში” და ასევე ისტორიულ წიგნში ემიგრანტებზე – “საქართველო იქ არის”…
– როდის და როგორ აღმოაჩინეთ თქვენში ხატვის ნიჭი?
– ხატვა ბავშვობის ასაკში, ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე დავიწყე. ვხატავდი რაც მომეწონებოდა, მეზობლის სახლებს, ყვავილებს… როდესაც წამოვიზარდე, სკოლაში საორგანიზაციო დაფებს ვაფორმებდი, ასევე ვაკეთებდი ძალიან კარგ ნახაზებს. სკოლამ ჩემი ნახატები გააგზავნა და პასუხი მოუვიდათ აკედემიიდან, რომ ვიყავი ძალიან ნიჭიერი და ითხოვდნენ ჩემს გაგზავნას, რათა აკადემიაში მეორე კურსზე დავესვი, მაგრამ ჩემმა მშობლებმა უარი განაცხადეს, ძალიან პატარაა და ჩვენს გვერდით უნდა იყოსო. ძალიან დამწყდა გული, რადგან სამხატვრო აკადემია ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია, ვაკეთებდი პროექტებს, სტუდენტებს ვეხმარებოდი, ნახაზებს ვაკეთებინებდი, ვაკეთებდი აფიშებს, სტენდებს თეატრებში.

– როდის გახდით ემიგრანტი და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– სისტემა შეიცვალა და ყველაფერი კომპიუტერულ სისტემაზე გადავიდა, აღარანაირი სამსახური აღარ გამაჩნდა და მომიწია უცხოეთში წამოსვლა, პირველი ქვეყანა საბერძნეთი იყო. ამჟამად იტალიაში ვცხოვრობ.
– როგორ განვითარდა თქვენი მხატვრობა ემიგრაციაში?
– საბერძნეთში ყოფნიდან ათი წლის შემდეგ გარდამეცვალა ძმა. ვერ წავედი საქართველოში და ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავვარდი. ჩემი ძმის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ გადავწყვიტე დამეწყო ხატვა, რომ როგორმე გამოვსულიყავი დეპრესიიდან.

შემდგომ გამოცხადდა კონკურსი. მე უბრალოდ დავდე ჩემი რამდენიმე ნახატი, რომელთაც დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა და გავიმარჯვე. დამიკავშირდნენ ჟურნალისტები… ძალიან დიდი აღიარება მომიტანა ამ ყველაფერმა… ასე გამიცნო საზოგადოებამ. ამის შემდეგ, სალონიკში თუ რაიმე პერეზენტაცია, გამოფენა იყო, ყველგან ვიღებდი მონაწილეობას. ჩემი ნახატები დაიბეჭდა ჟურნალ “ელადაში“, ასევე ისტორიულ წიგნში “საქართველო იქ არის“, სადაც მოხვდა არაერთი ნიჭიერი ემიგრანტი. ამ წიგნში ჩემს ნახატებს და ისტორიას, ხუთი გვერდი უჭირავს.
– საბერძნეთის შემდეგ გადაწყვიტეთ რომ წასულიყავით იტალიაში, რატომ და როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება იტალიაში?
– დიახ, მომიწია საბერძნეთის დატოვება, არ იყო იმხელა შემოსავლის წყარო, რომ რაიმესთვის მიმეღწია. სახელი და დიდება კარგია, მაგრამ უფრო მეტი შემოსავალი იტალიაში იყო და ამიტომ გადავწყვიტე ქვეყნის შეცვლა. მეოთხე წელია იტალიაში ვარ, ვხატავ, არ გავჩერებულვარ, მაგრამ აქ გამოფენაში მონაწილეობა ჯერ არ მიმიღია. არავინ იცის ჩემი შემოქმედების შესახებ და თუ იქნება შესაძლებლობა, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
– ქართველ ემიგრანტებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– იტალიაში ოთხი წლის წინ ჩამოვედი. აქ გავიცანი უნიჭიერესი და უძვირფასესი ქალბატონები. ვმეგობრობთ, გვაქვს თბილი დამოკიდებულება. ძალიან კარგი სამეგობრო მყავდა სალონიკში… მწერლები, პოეტები… შემდეგ დავიფანტეთ, ზოგი ისრაელში წავიდა, ზოგი ამერიკაში, თუმცა, დისტანციურად გვაქვს ურთიერთობა.

– საქართველოში როდის ფიქრობთ დაბრუნებას?
– ძალიან მენატრება ჩემი საქართველო, ნოსტალგია მიპყრობს. არ წავსულვარ საქართველოში ეს ოთხი წელია, რაც იტალიაში ვიმყოფები. ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნება და ავაშენე სახლი სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ჯერჯერობით რამდენიმე წელი მაინც ვერ დავბრუნდები, სამწუხაროდ.
და რა თქმა უნდა, საქართველოში რომ დავბრუნდები, იქაც გავაგრძელებ ხატვას. მაქვს სურვილი მოვაწყო გამოფენა. წინ დიდი გეგემები მაქვს, ფარ-ხმალს არ ვყრი, ვებრძვი ცხოვრებას.
Tag: ქართველები იტალიაში
ასევე დაგაინტერესებთ: რომში ქართველი ფოტოგრაფის, თამარ თელიაშვილის გამოფენა გაიმართა





















































